მადრიდის "რეალისა" და "ჩელსის" ყოფილი პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ოფიციალურად "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგა სათავეში. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "წითელ ეშმაკებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ვადაც 2020 წელს იწურება.
53 წლის ჟოზე ათწლეულების მანძილზე მაღალი დონის ევროპულ კლუბებს წვრთნიდა, მოიგო ლიგის თასი და გახდა ადგილობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული ოთხ ქვეყანაში (პორტუგალიაში, ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში). ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის ორგზის პრიზიორი- 2004 წელს "პორტოსთან", ხოლო 2010 წელს მილანის "ინტერთან".
მოურინიოს დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა გააკეთა: "ჟოზე დღესდღეობით უბრალოდ საუკეთესო მენეჯერია. მან უამრავი ტიტული მოიგო და ამისთვის მთელ ევროპაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი შთააგონა. ის პრემიერ ლიგას ძალიან კარგად იცნობს და ინგლისის ჩემპიონი სამჯერ გახდა.
მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მას მანჩესტერში მივესალმო. ჟოზეს წარმატების გამოცდილება კლუბისთვის იდეალური იქნება."
თავის მხრივ "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი პორტუგალიელმაც გააკეთა:
"გახდე "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ეს უბრალოდ ფეხბურთში ძალიან დიდი მიღწევაა. ეს არის კლუბი, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. ეს არის ისეთი მისტიკა და რომანტიკის ნაზავი, რომლის სხვა კლუბთან დაკავშირება უბრალოდ შეუძლებელია.
"ოლდ ტრაფორდთან" ყოველთვის ვგრძნობდი სიახლოვეს. მან ჩემს ბევრ შესანიშნავ მოგონებას უმასპინძლა. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი "იუნაიტედის" გულშემატკივართა გულმხურვალე ქომაგობას მოუთმენლად ველი,"-აცხადებს მოურინიო.