თბილისი:
მანჩესტერი:
მანჩესტერ იუნაიტედის ისტორია

დღეს, "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ, ინგლისში კი საუკეთესო გუნდად ითვლება.
ოლდტრაფორდული გუნდის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი პრემიერ ლიგის დაარსება აღმოჩნდა - ინგლისის ჩემპიონატის არნახულმა კომერციალიზაციამ საოცარი როლი ითამაშა. "იუნაიტედის" აღზევებაში და კაცმა რომ თქვას, უდიდეს წარმატებას "ალისფერმა ეშმაკუნებმა" სწორედ XX საუკუნის ბოლო ათწლეულში და ჩვენი საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს.
1878 წელს დაარსებულმა გუნდმა არაერთი მძიმე მომენტი გადაიტანა - იყო აღზევება და დაცემა, კრიზისი და არნახული სიმდიდრე და იყო ტრაგედიაც, რაც ამ კლუბს სხვათაგან გამოარჩევს: 1958 წლის მიუხენის ავიაკატასტროფამ, რომელმაც იმედისმომცემი თაობა შეიწირა, წარუშლელი კვალი დაამჩნია გუნდს.
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიას ლეგენდალური პიროვნებები ახსოვს, გუნდის წინამორბედის, "ნიუტონ ჰითის" მხსნელ ჯონ ჰენრი დევისით დაწყებული ცოცხალი ლეგენდებით - სერ ალექს ფერგიუსონ და რაიან გიგზით დასრულებული.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია ეს პიროვნებების ისტორიაცაა და ამ სიტყვების სამართლიანობაში კლუბის წარსულოს გახსენება ნამდვილად დაგვარწმუნებს.

პირველი ნაბიჯები

"ალისფერი ეშმაკუნების" ისტორია ლანკაშირის და იორკშირის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის სამმართველოს უკავშირდება: 1878 წელს ამ ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ მუშებისთვის სპორტული სექცია შეექმნა და იმხნად ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, ფეხბურთი აირჩია.
საფეხბურთო კლუბს რაიონის სახელი "ნიუტონ ჰითი" უწოდეს, ოფიციალურ სახელწოდებას კი ლანკაშირის და იორკშირის სარკინიგზო ხაზის აბრევიატურა LYR-ი დაუმატეს. ახალშექმნილ კოლექტივს მოედანიც გამოუყეს - რკინიგზის გასწვრივ მდებარე არცთუ სწორი მინდორი, რომელიც შემდგომი 15 წლის განმავლობაში კლუბის საშინაო სარბიელი იყო. თუმცა ეს იყო და ეს - გუნდის დამაარსებლებმა გადაწყვიტეს, რომ საფეხბურთო კლუბის შექმნით ხალხის წინაშე ვალი მოიხადეს და "ნიუტონ ჰითზე" ზრუნვით თავი აღარ მოუკლავთ.
გუნდი დროგამოშვებით ატარებდა შეხვედრებს, ხან იგებდა და ხან აგებდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ წინსვლა არ შეიმჩნეოდა: "ნიუტონ ჰითი" არ იყო პროფესიონალური გუნდი და ეს ვითარება 1890 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ კი პირველი დიდი ცვლილებაც მოხდა: კლუბმა მოედანი გამოიცვალა - ბენკ სტრიტზე გადაბარგდა..
1888 წელს "ნიუტონ ჰითმა" და კიდევ 11 გუნდმა მანჩესტერში საფეხბურთო ლიგა დააარსეს, სადაც ნიუტონელთათვის არცთუ სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღეს - მიიჩნიეს, რომ გუნდი არც თუ ძლიერი იყო და ელიტაში თამაშს ჯერ არ იმსახურებდა. 1892 წელს "ნიუტონ ჰითი", "ნოტინგემ ფორესტის" შემდეგ, მეორე დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა და საუკეთესოთა შორის, იმდროინდელ პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
1892-93 წლების, ანუ სადებიუტო სეზონი ძალიან რთული გამოდგა. სხვა თუ არაფერი, დებიუტანტებმა პირველად მხოლოდ მე-7 ტურში მოიგეს - "ვულვზი" 10:1 გაანადგურეს! და უკანასკნელი, მე-16 ადგილი დაიკავეს. გუნდი დაქვეითებას მაინც გადაურჩა: ფლეი ოფში "სმოლ ჰითი" ორი მატჩის ჯამში 6:3 დაამარცხა - 1:1 და 5:2. მომდევნო, 1893-94 წლების ისტორიაში საიმედო ცვლილება არ მომხდარა: "ნიუტონ ჰითი" კვლავ უიმედოდ აგებდა და ისევ ბოლო ადგილზე გავიდა. ამჯერად, გადათამაშებაც წააგო - "ლივერპულთან" 0:2 დამარცხდა.
1894 წლიდან "ნიუტონ ჰითი" მეორე დივიზიონში გადაბარგდა და იქ 1905-06 წლების სეზონამდე დაჰყო. ამ ხნის მანძილზე, გუნდი ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა, ორჯერ კი მესამეზე, 1900-01 და 1901-02 წლების სეზონებში კი შესაბამისად მე-10 და მე-15 ადგილები დაიკავა და ბეწვზე გადაურჩა მესამე დივიზიონში დაქვეითებას.

საუკუნის დასაწყისი: ცვლილებები და ტიტულები

ახალ საუკუნეს "ნიუტონ ჰითი" უმძიმეს მდგომარეობაში შეხვდა: საშინაო მატჩებს ცოტა მაყურებელი ესწრებოდა და შესაბამისად, შემოსავალიც წლიდან წლამდე მცირდებოდა, ხელფასის დაგვიანება ნამდვილი ტრაგედია იყო - ფეხბურთელთა განცხადების საფუძველზე პროფკავშირი უმალ სასამართლოში ჩიოდა და რაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო, გუნდს ვალი "ახრჩობდა": კრედიტორებისთვის იმ დროს ძალიან დიდი თანხა, 2670 გირვანქა ემართა...
1902 წლის გაზაფხულზე, ვალის გადახდის დრო რომ ახლოვდებოდა, გუნდმა მხოლოდ 670 გირვანქას მოუყარა თავი. დარჩენილი თანხის მოძიება ერთი ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხერხდა: კლუბის კაპიტანმა ჰარი სტაფორდმა ძაღლი დაკარგა, რომელიც ერთ-ერთი პაბის მფლობელმა ჯეიმს ტეილორმა იპოვა და ქალაქის ყველაზე დიდი ლუდსახარშის მფლობელ ჯონ ჰენრი დევისს აჩვენა, რომელსაც ძაღლი მოეწონა და გამოისყიდა.
უცნაური კაცი იყო დევისი - რატომღაც ოთხფეხი მეგობრის პატრონი მოიძია და ასე შეხვდა ფეხბურთელი სტაფორდს, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და კლუბის დაფინანსება შესთავაზა. ჯონ ჰენრი დევისმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, მალე კი "ნიუტონ ჰითის" კაპიტანმა საოცნებო პასუხიც მოისმინა: დევისი გუნდის შენახვას დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით - კლუბი მის მფლობელობაში უნდა გადასულიყო.
1902 წლის 22 აპრილს "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა - "ნიუტონ ჰითი" ჯონ ჰენრი დევისის საკუთრება გახდა და სახელიც შეიცვალა. კლუბის ნათლია რუი როკა შეიქმნა, ადამიანი, რომელიც მომდევნო ნახევარი საუკუნის მანძილზე მთავარი სკაუტი იყო. იმ შეკრებაზე, სადაც გუნდთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს განიხილავდნენ, სახელწოდების არაერთმა ვერსიამ გაიჟღერა "მანჩესტერ სენტრალი", "მანჩესტერი სელტიკი" და ასე შემდეგ, თუმცა ერთხმად მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიწონეს.
საპრეზიდენტო არჩევნებს სიმბოლური სახე ჰქონდა: ჰენრი დევისის კანდიდატურა ერთადერთი იყო და არც წინააღმდეგი ყოფილა ვინმე, ჰარი სტაფორდი კი მმართველთა საბჭოს წევრი გახდა.
სახელის ცვლილებას და მოძიებულ ფულს სასურველი ნაბიჯებიც მოჰყვა. 1903 წლის ოქტომბერში კლუბის ისტორიაში პირველი პროფესიონალი მწვრთნელი ერნესტ მენგნელი მივიდა, იმ დროის სახელგანთქმული სპეციალისტი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედამდე" "ბოლტონში" და "ბერნილში" მუშაობა მოესწრო. ცნობილია, რომ მენგნელი დიდ ყურადღებას უთმობდა ფიზიკურ მომზადებას - ის ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელებს ბურთი მხოლოდ თამასისას სჭირდებოდათ...
1904-05 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველობის სტარტზე ზედიზედ 14 მატჩი მოიგო, თუმცა პირველ დივიზიონში მაინც ვერ დაბრუნდა. ოცნება მომდევნო სეზონში ასრულდა - მეორე დივიზიონში დაკავებული მეორე ადგილი ელიტაში დასაბრუნებლად საკმარისი გამოდგა.
...იმ დროს ფეხბურთელთა მაქსიმალური ხელფასი მკაცრად განსაზღვრული იყო. 1906 წლის შემოდგომით ინგლისის კლუბი "მანჩესტერ სიტი" დიდ შარში გაეხვა - აღმოჩნდა, რომ ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ოფიციალურად ხელფასზე მეტს უხიდა. ამის გამო "სიტი" მკაცრად დაისაჯა - კლუბის ხუთივე დირექტორი თანამდებობიდან გადადგა, ყველა უკლებლივ 17-ვე ფეხბურთელს კი კარიერის ბოლომდე "სიტის" მაისურის მორგება აეკრძალა.
ამ გუნდის ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტა დიდი პოპულარობით მცველი ჰერბერტ ბერჯესი სარგებლობდა, ვის ხელში ჩასაგდებად "ჩელსი", "ევერტონი", "ნიუკასლი", "ბოლტონი" და შოტლანდიური "სელტიკი" იბრძოდნენ. საბოლოოდ, ბერჯესი "იუნაიტედში" გადავიდა, რომელმაც ერნესტ მენგნელთან გასაუბრების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბერჯესს "მანჩესტერ სიტის" ორმა ფეხბურთელმა მიბაძა: თავდამსხმელებმა სენდი ტორნბულმა და ჯიმი ბანისტერმა. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მენგნელმა რამდენიმე თვით ადრე გადაიბირა "სიტის" კიდევ ერთი მოთამაშე ბილი მერედიტი, მიხვდებით, რომ მწვრთნელმა "იუნაიტედის" გაძლიერებისთვის არაფერი დაიშურა.
აუცილებელია იმის თქმა, რომ ბილი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავია - უელსელის სოლო-რეიდები მთელ ქვეყანაში იყო ცნობილი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის სამი ათეული წლის მანძილზე თამაშობდა ფეხბურთს!
პოპულარობის მხრივ მერედიტს თუ ვინმე შეედრებოდა, ეს გუნდის კაპიტანი ჩარლი რობერტსი იყო, ფეხბურთელი, რომელიც 400 გირვანქად გადავიდა "გრიმსბიდან". რობერტსი საოცარი სისწრაფით გამოირჩეოდა - 100 მეტრს 13 წამში ფარავდა...
1907-08 წლების სეზონში განახლებულმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონის ტიტული - რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა პირველობა. ევროპულ ტურნეში გაემგზავრა.
მომდევნო სეზონში კლუბმა ჩემპიონატი უსახურად ითამაშა, სამაგიეროდ, ასოციაციის თასზე ჩინებულად იასპარეზა და ფინალში "ბრისტოლ სიტის" სძლია: 22-წუთზე სენდი ტორნბულმა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა...

"ალისფერი ეშმაკუნები" და "ოლდ ტრაფორდი"

დაარსების შემდეგ გუნდს მუდმივად აწუხებდა სტადიონის პრობლემა და თითქმის მესამედი საუკუნის შემდეგ, 1909 წელს ეს საკითხი მოგვარდა: ჯონ ჰენრი დევისმა 60 ათასი გირვანქა გამოყო, ამ თანხით კი კლუბმა მანჩესტერის მახლობლად ტრაფორდ პარკის ნაწილი შეიძინა და სარბიელის მშენებლობა დაიწყო. 1910 წლის 19 თებერვალს ახალი სარბიელის პრეზენტაცია მოეწყო: "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა.
კლუბმა მეტსახელი - "ალისფერი ეშმაკუნები" - სწორედ ახალ სტადიონზე გადასვლის შემდეგ მიიღო. ამ თიკუნით ტრაფორდის პარკში მოთამაშე მანჩესტერის რაგბის გუნდი სარგებლობდა...

ჩემპიონის მეორე ტიტული და ხანგრძლივი კრიზისი

1910-11 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" მეორედ ავიდა ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ოლიმპზე, იმ პირველობის ფავორიტად ბირმინგემის "ასტონ ვილა" ითვლებოდა, თუმცა ბოლო ტურის შემდეგ ოლდტრაფორდელები პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ: ბირმინგემელები ცხრილის შუაში მყოფ "ლივერპულთან" 1:3 დამარცხდნენ, "ალისფერმა ეშმაკუნებმა" კი "სანდერლენდთან" 5:1 იმარჯვეს. ცხადია, ვერავინ იფიქრებდა, რომ 1952 წლამდე ეს იქნებოდა "იუნაიტედის" ბოლო გამარჯვება ინგლისის ჩემპიონატში...
ხანგრძლივი კრიზისი მომდევნო სეზონში დაიწყო: "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონატში მე-13 ადგილზე გავიდა, მერე კი შედეგები გაუარესდა - 1921022 წლებში გუნდმა 22 ადგილი დაიკავა და კვლავ მეორე დივიზიონში დაქვეითდა, სადაც 3 სეზონი გაატარა.
1925 წლის გაზაფხულზე ელიტაში დაბრუნებული გუნდი 1930-31 წლების სეზონში კვლავ შერცხვა: უკანასკნელი, 22-ე ადგილი და კვლავ დაქვეითდა - ამჯერად 5 წლით. ერთი წელი ელიტაში და ისევ მეორე დივიზიონი...
1938-39 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის ჩემპიონატს მე-14 ადგილზე ასრულებს და პირველობას მხოლოდ 1946-47 წლების სეზონში უბრუნდება - მეორე მსოფლიო ომის გამო ნისლიან ალბიონზე საფეხბურთო ასპარეზობა მთელი 7 წლით შეწყდა. იმ დროს ოლდტრაფორდელები ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ - გუნდს მატ ბასბი წვრთნიდა!

მატ ბასბის ეპოქა: როგორ იქმნდებოდა გუნდი

როცა ბასბი გუნდში მივიდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობას, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ეთქმოდა: კლუბს ბანკისა და იმ დროისთვის დიდი თანხა, 15 ათასი გირვანქა ემართა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის მთლიანად იყო განადგურებული "ოლდ ტრაფორდი", ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი ჯარში მსახურობდა და სრულფასოვნად ვერ ემზადებოდა...
1945 წლის ოქტომბერში "ალისფერი ეშმაკუნები" მატ ბასბიმ ოფიციალურად ჩაიბარა და სწორედ მისი მისვლით დაიწყო პირველი დიდი გუნდის შენება. კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მატ ბასბიმ გუნდზე სრული კონტროლი მოითხოვა - მოსამზადებელი პერიოდის დაგეგმვით დაწყებული, სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებით გაგრძელებული და ოფიციალური შეხვედრებისთვის გუნდის მომზადებით დასრულებული.
მასთან ერთად დაიწყო მუშაობა ჯიმ მერფიმ, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" და უელსის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ადამიანმა, ვინც მეორე მსოფლიო ომში მატ ბასბისთან ერთად იბრძოდა და რომელიც ბედის წყალობით გადაურჩა მიუხენის ავიაკატასტროფას...
ახალი მწვრთნელის პირველმა ტრანსფერმა გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური გლაზგოს "სელტიკის" მარჯვენა გარემარბმა ჯიმი დილეინიმ მოირგო. მის სანაცვლოდ კლუბმა 4 ათასი გირვანქა გადაიხადა. დილეინი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ერთი საინტერესო ფაქტის გამო მოხვდა: კარიერის მანძილზე მან შოტლანდიის, ინგლისის და ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციების თასების მოგება მოახერხა...
მატ ბასბის "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა: ხუმრობა ხომ არაა, გუნდმა, რომელიც 20-30-იან წლებში პირველ და მეორე დივიზიონში "დახეტიალობდა", მეორე მსოფლიო ომისშემდგომ ხუთ ჩემპიონატში 4-ჯერ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1948 წელს კი ინგლისის თასი აღმართა.
ის გუნდი შემტევი ფეხბურთით გამოირჩეოდა: შესანიშნავად თამაშობდნენ გარემარბები ჯიმი დილეინი და ჩარლი მიტენი, ასევე გამთამაშებელი ჯონი მორისი და თავდამსხმელები - სტენ პირსონი და ჯეკ როუელი. ამ უკანასკნელმა, ვისაც ჰეთ-თრიქების სპეციალისტი შეარქვეს, წლების შემდეგ საკმაო როლი ითამაშა ამსტერდამის "აიაქსის" მსოფლიო გრანდად ქცევაში...
1947-48 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასი მოიგო, პირველი ტიტული 1911 წელს მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ (1936 წელს მეორე დივიზიონის მოგება მხედველობაში არ მიიღება). საინტერესოა, რომ იმ გათამაშებაში ოლდტრაფორდელებმა მხოლოდ და მხოლოდ პირველი დივიზიონის გუნდებს სძლიეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ძალიამ მძიმე ბრძოლაში "ბლექპული" დაამარცხეს - 4:2, კლუბი, სადაც ჩინებული ფეხბურთელები, სერ სტენლი მეტიუზი და სტენ მორტენსენი თამაშობდნენ. ცნობისათვის: მორტენსენმა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარი იმ ფინალში ორჯერ დალაშქრა...
1952 წელს მატ ბასბის გუნდი ინგლისის ჩემპიონი შეიქმნა, თუმცა იმ დროისთვის თავდასხმის ცნობილი ხუთეული უკვე სხვა შემადგენლობით ასპარეზობდა: მორისმა მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დატოვა გუნდი - "დერბიში" გადავიდა, დილეინიმ კარიერა "აბერდინში" გააგრძელა, მიტენმა კი სულაც კოლუმბიაში გადაინაცვლა, სადაც ძალიან დიდი ხელფასი შესთავაზეს. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, კლუბს შეტევა არ დაეწუნებოდა - სტენ პირსონმა 22 გოლი გაიტანა, ჯეკ როულიმ კი სულაც 30! სხვათა შორის, მან პირველობის დაწყებიდან ორ თვეში სამჯერ მოახერხა ჰეთ-თრიკის შესრულება...
ბოლო ტურის წინ ტიტულისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "არსენალი" იბრძოდნენ, თუმცა დედაქალაქელებს პირველი ადგილის მოსაპოვებლად მინიმუმ 7:0 უნდა მოეგოთ. "ოქროს დუელში" მართლაც 7 გოლი გავიდა, თუმცა 6 ლონდონელთა კარში: ჯეკ როულიმ სეზონში მეოთხე ჰეთ-თრიკი მიითვალა! კლუბის მომავალმა კაპიტანმა როჯერ ბირნმა კი ერთი. სხვათა შორის, მარცხენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე ბირნმა იმ პირველობის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი შეაგდო!

ოქროს წლები და "ბასბის ჩვილები"

ედვარდსი, კოლმანი, ჯოუნსი, მორგანსი, სერ ბობი ჩარლტონი, დენის ვაიოლეტი, ტომი ტეოლორი, ფოულკსი, გრეგი, სკანლონი, კაპიტანი როჯერ ბირნი.

კლუბში მისვლისთანავე მატ ბასბიმ დიდი ყურადღება გამოიჩინა მეორე და ახალგაზრდული შემადგენლობების მიმართ - ის და მისი თანასემწეები სხვადასხვა ქალაქებში ეძებდნენ ნიჭიერ ბავშვებს და "მანჩესტერ იუნაიტედში" მიჰყავდათ: ბობ ჰარპერი, ბობ ბიშოპი და ბილი ბიენი ჯო არმსტრონგის ხელმძღვანელობით, ლამის ყველა სკოლას ამოწმებდნენ, საუკეთესოებს კი მთავარ მწვრთნელთან უწევდნენ რეკომენდაციას. კონკრეტულად კლუბში სელექციონერთა რჩეულებს კიდევ ერთი ეტაპის გადალახვა უწევდათ: ბერტ უოლი, ტომ კერი, ჯეკ პაულეინი და თავად მატ ბასბი ბიჭებს საკმაოდ მკაცრ გამოცდას უწყობდნენ, საუკეთესოებს კი გუნდში ტოვებდნენ...
1952 წელს მოგებული ჩემპიონატის შემდეგ მატ ბასბიმ გუნდის გადახალისება ეტაპობრივად დაიწყო: ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნელ-ნელა აძლევდა ძირითადში დამკვირდების შანსს. ასე გამოჩნდნენ მეკარე რეი ვუდი, შესანიშნავი მარცხენა თავდამსხმელი დევიდ ჰეგი, "ტოტენჰემ ჰოთსფურის" ლეგენდალური ფეხბურთელი დენი ბლენჩფლაუერის ძმა ჯეკი, მცველი ბილი ფოულკსი, შეუდარებელი დანკან ედვარდსი, ჩარლი მიტენის ნათესავი ალბერტ სკენლონი, მარკ ჯოუნსი, ბილი უილანი, მარჯვენა გარემარბი ედი კოულმენი...
1955-56 წლების სეზონში, როცა კლუბმა ისტორიაში მეოთხედ მოიგო პირველობა, "მანჩესტერ იუნაიტედის" საშუალო ასაკი 22 წელი იყო! პრესაში ოლდტრაფორდელებს "ბასბის ჩვილები" პირველად სწორედ მაშინ უწოდეს. ცნობისათვის: იმ სეზონში კლუბმა მეორე ადგილზე გასულ "ბლეკპულს" მთელი 11 ქულით აჯობა! 1956-57 წლებში ბასბის გუნდი ზედიზედ მეორედ იგებს პირველ დივიზიონს და კვლავ ძალიან დამაჯერებლად - ვიცე ჩემპიონი "ტოტენჰემი" პირველადგილოსანს 8 ქულით ჩამორჩა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო აკადემია ბრწყინვალედ მუშაობდა!
იმავე სეზონში შედგა ინგლისის ჩემპიონის დებიუტი ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯერ ბელგიის უძლიერესი კლუბი, "ანდერლეხტი" არ დაინდო - 2:0 და 10:0, შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიას" სძლია - 0:0 და 3:2, 1/4 ფინალში ბილბაოს "ატლეტიკი" დაამარცხა 3:5 და 3:0, ნახევარფინალში კი მომავალ გამარჯვებულ მადრიდის "რეალთან" წააგო 1:3 და 2:2.
მიუხედავად ესპანელებთან მარცხისა, მატ ბასბიმ ძალიან კმაყოფილი იყო, ინგლისში კი ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ უახლოესი წლები "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰეგემონიით ჩაივლიდა...

1957-58 წლების სეზონში ბასბის გუნდი ჩინებულად ასპარეზობდა და ეგებ, კვლავ მოეგო ჩემპიონის ტიტული, თუმცა 1958 წლის 6 თებერვალს, მიუხენში მომხდარმა ავიაკატასტროფამ "ბასბის ჩვილები შეიწირა. ტრაგედიის შესახებ სრული ინფორმაცია კატეგორია "მიუხენის ავიაკატასტროფა"-ში იხილეთ. ლეგენდარული მწვრთნელის მეორე დიდი გუნდის ისტორია სწორედ იქ, გერმანიაში დასრულდა.

აღორძინება: ჩემპიონთა პირველი თასი

1958 წლის სექტემბერში მწვრთნელი კლუბს დაუბრუნდა და ყველაფრის თავიდან შენება დაიწყო: იმ სეზონში ოლდტრაფორდელები მეორე ადგილზე გავიდნენ, თუმცა ეს დროებითი წარმატება იყო - მალე კრიზისმა თავი იჩინა და ნელ-ნელა გუნდმაც დაქვეითება დაიწყო.
1962-63 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი დივიზიონიდან გავარდნას გადაურჩა, თუმცა თასი მოიგო: ფინალში ფავორიტად შერაცხულ "ლესტერ სიტის" აჯობა - 3:1, კლუბს, რომელიც იმ სეზონში მეოთხე ადგილზე გავიდა და ვის კარსაც ლეგენდარული მეკარე, მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი გორდონ ბენქსი იცავდა. დენის ლოუმ ერთი გოლი გაიტანა, "არსენალიდან" შეძენილმა დევიდ ჰერდმა კი დუბლი შეასრულა.
ამ გამარჯვებით მატ ბასბის მესამე "მანჩესტერ იუნაიტედის" წინსვლა დაიწყო, რაც ჩემპიონთა თასის მოგებით დაგვირგვინდა, თუმცა დიდ ტრიუმფამდე დიდი მარცხიც იყო - 1963-64 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ოლდტრაფორდელებმა შინ 4:1 აჯობეს პორტუგალიის "სპორტინგს", თუმცა ლისაბონში 0:5 განადგურდნენ - კლუბისთვის დრემდე სარეკორდო მარცხი ევროპის საკლუბო ტურნირებში.
სათქმელია ისიც, რომ სწორედ ამ სეზონში გაიტანა დენის ლოუმ 46 გოლი, რაც კლუბის ისტორიაში დღემდე რეკორდია. 1964 წლის მიწურულს მანჩესტერელთა შოტლანდიელი ფორვარდი ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს...
1965 და 1967 წლებში მატ ბასბის გუნდი ორჯერ იგებს ჩემპიონის ტიტულს: 1966-67 წლების სეზონში ოლდტრაფორდელებმა ჩემპიონობა პირველობის დასრულებამდე ტურით ადრე გაიფორმეს - ლონდონში "აჰტონ პარკზე" "ვესტ ჰემ იუნაიტედი" 6:1 გაანადგურეს! ცხადია, იმ დროს ვერავინ იფიქრებდა, რომ მომდევნო ტიტულს ოლდტრაფორდული კლუბი 26 წლის შემდეგ მოიგებდა...

1967-68 წლების სეზონში სერ მატ ბასბის გუნდი კვლავ ჩაერთო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში და ტურნირი ასე დაასრულა, ამ კლუბის ყველა გულშემატკივარი რომ იოცნებებდა - ფინალში, "უემბლიზე" ინგლისელებმა ლისაბონის "ბენფიკა" 4;1 გაანადგურეს, თუმცა საამისოდ 90-ის ნაცვლად, 120 წუთი დასჭირდათ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, ევროპის 1966 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა ბობი ჩარლტონმა ორი გოლი გაიტანა.

დიდი ჯორჯ ბესტი. "ბენფიკასთან" გატანილი ულამაზესი გოლის ავტორი

ოლდტრაფორდელთა 11 ფეხბურთელიდან მხოლოდ ორი არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილი - მეკარე ალექს სტეპნი დანახევარმცველი პეტ კრერანდი. "თავის დროზე სწორედ მე მოვითხოვე ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ინგლისური კლუბის ჩართვა და ამიტომაც, ბიჭების დაღუპვაში თავს დამნაშავედ ვგრძნობ, "უემბლიზე" დღეს მოპოვებული გამარჯვება, ვიმედოვნებ ცოტათი მაინც შემიმსუბუქებს იმ ტვირთს, რაც მათი დაღუპვის შემდეგ დამაწვა," - მატ ბასბი.
მიუხენის ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევრიმწვერვალზე ავიდა. ის ინგლისის პირველი კლუბი შეიქმნა, ევროპის მთავარი საკლუბო ჯილდო რომ მოიპოვა!
"უემბლიზე" ტრიუმფის შემდეგ კლუბის საქმეები უკან წავიდა: ჩემპიონატში გუნდი სასურველ თამაშს ვერ აჩვენებდა და ეს შედეგებზეც აისახებოდა - "მანჩესტერ იუნაიტედი" მეორე დივიზიონში გავარდნამდე ვერა და ვერ მოხვდა პირველ ხუთეულში, 1974 წლის გაზაფხულზე კი კიდევ ერთხელ დატოვა რჩეულთა ლიგა - ჩემპიონატში 21-ე ადგილი დაიკავა და 36-წლიანი შესვენების შემდეგ მეორე დივიზიონში პირველად გადაინაცვლა.

სერ ალექს ფერგიუსონამდე: ფინალები და სამი თასი

...1986 წლის 6 თნოემბერს "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიგის თასის გათამაშებაში "საუთჰემპტონთან" 1:4 განადგურდა. ამ მატჩის შემდეგ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა როი ატკინსონმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა - მან და მისმა თანაშემწე მაიკ ბრაუნმა კომპენსაციის სახით თითქმის მილიონი გირვანქა მიიღეს.
ატკინსონი შოტლანდიელმა სერ ალექს ფერგიუსონმა შეცვალა, რომელიც დღემდე გუნდის სათავეშია და ვისაც უდიდესი წარმატებები უკავშირდება. სერ ალექსს "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ცალკე თავი ეთმობა და ამჯერად მასზე ბევრს არ ვისაუბრებთ: ორიოდ სიტყვით მანამდელი პერიოდი გავიხსენოთ, რომლის მანძილზე კლუბმა ჩემპიონატის მოგება ვერ შეძლო, სამაგიეროდ სამჯერ აღმართა ასოციაციის თასი და ამდენჯერვე ითამაშა ამ და ლიგის თასების ფინალებში.
70-იანი წლები ოლდტრაფორდული გუნდის ისტორიაში არცთუ ტკბილადმოსაგონარი ხანაა: გუნდი ძალიან არასტაბილურად თამაშობდა და ცხადია, შედეგებიც შესაბამისი ჰქონდა. გარდა ამისა, დიდი პრობლემები ექმნებოდა ვაიგულშემატკივრებისგანაც - უეფა-მ კლუბი რამდენჯერმე გააფრთხილა, 1977-78 წლების სეზონში, თასების მფლობელთა თასზე საფრანგეთის "სენტ-ეტიენთან" ფანების უსაქციელობის გამო კი გუნდი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 1982 წელს, "ვალენსიასთან" საგარეო შეხვედრის შემდეგ ქომაგებმა კვლავ იჩხუბეს, რის შემდეგ კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სტუმრად გამართულ შეხვედრებზე მათ აღარ წაიყვანს...
თუმცა მთავარი პრობლემა, ცხადია, თამაში იყო, რომელსაც პროგრესისა არაფერი ეტყობოდა: ჩემპიონთა თასის მოგების შემდგომი 15 წლის მანძილზე კლუბმა ერთადერთი ტიტული მოიგო - 1977 წელს ასოციაციის თასი.
1980-81 წლების სეზონის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" რონ ატკინსონმა ჩაიბარა, რომლის გაწვრთნილი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. გამოცდილმა მწვრთნელმა "ოლდ ტრაფორდზე" მიიყვანა ბრაიან რობსონიც, შესანიშნავი ნახევარმცველი, რომელიც "ალისფერი ეშმაკუნების" დიდი კაპიტანი გახდა. 1982-83 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასის ფინალში მეორე დივიზიონში გავარდნილი "ბრაიტონი" ორი მატჩის ჯამში 6:2 გაანადგურა - პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, გადათამაშება კი ატკინსონის გუნდმა 4:0 მოიგო. ოლდტრაფორდელებს ლიგის თასის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა იმ წლების ინგლისისა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა კლუბმა "ლივერპულმა" იძალა - 2:1 - ენფილდროუდელებმა მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ბობ პეისლი ამ გამარჯვებით გააცილეს...
1985 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" კვლავ მოიგო ასოციაციის თასი - ჩემპიონ "ევერტონს" აჯობა. საინტერესოა, რომ ამ ფინალში, მეორე ტაიმში მსაჯმა უხეში თამაშის გამო მანჩესტერელთა მცველი კევინ მორანი გააძევა - ის ასოციაციის თასის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში გაგდებული პირველი მოთამაშე შეიქნა. წლისა და რამდენიმე თვის შემდეგ რონ ატკინსონის დროება დასრულდა - კლუბში ალექს ფერგიუსონი მივიდა, რომლის მთავარი გამარჯვებები შოტლანდიის "აბერდინს" უკავშირდებოდა...

პრემიერლიგის დაარსებამდე: დაბრუნება ევროპაში

"ფერგის ჩვილები" - მატ ბასბის მსგავსად, ასე შეარქვეს ჟურნალისტებმა სერ ალექსის აღზრდილ თაობას

როცა ალექს ფერგიუსონმა გუნდი ჩაიბარა, ინგლისური კლუბები უეფა-ს სასჯელს იხდიდნენ: "ეიზელის" ცნობილი ტრაგედიის შემდეგ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ინგლისის კლუბები მთელი 5 წლით მოკვეთა ევროთასებიდან !
შოტლანდიელის მთავარი ამოცანა კლუბში დისციპლინის დამყარება იყო: თითქმის ყოველი თამაშის შემდეგ ფეხბურთელები თვრებოდნენ და ცხადია, სრულფასოვნად ძალების აღდგენას ვერ ახერხებდნენ. ამას გარდა, მოსაგვარებელი იყო ტექნიკური პრობლემებიც: სერ ალექსის მოთხოვნით, სტადიონზე გასახდლები კეთილმოეწყო და როგორც იქნა, მინდვრის ქვეშ ხელოვნური გათბობა დამონტაჟდა.
ნელ-ნელა შოტლანდიელი მწვრთნელის ავტორიტეტი გაიზარდა, რასაც ძალიან შეუწყო ხელი სერ ბობი ჩარლტონმა, რომელიც გუნდისთავს მუდამ მხარში ედგა. სწორედ ამ ლეგენდარული ფეხბურთელის ინიციატივით მოხერხდა გულშემატკივრების მოთვინიერება: კლუბმა "ბარსელონას" მიბაძა და წევრების მიღება დაიწყო - 1987 წლის მიწურულისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" 40 ათასზე მეტ წევრს ითვლიდა. მაგრამ გუნდის თამაში არ უმჯობესდებოდა: საპრიზო ადგილს საგრძნობი ჩავარდნა ცვლიდა, დიდ გამარჯვებას სამარცხვინო წაგება...
1989-90 წლების სეზონში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტიდან თითქმის 4 წლის შემდეგ ალექს ფერგიუსონმა პირველი ტიტული, ასოციაციის თასი მოიგო: "კრისტალ პალასთან" პირველი ფინალური მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა, გადათამაშება კი 2:0.
1990-91 წლების სეზონში მანჩესტერელებმა ისტორიაში მეორე ევროთასი აღმართეს: გადამწყვეტ შეხვედრაში იოჰან კრუიფის "ბარსელონას" სძლიეს - 2:1. იმ შეხვედრაში მეორე გოლის ავტორი მარკ ჰიუზი სერ ალექსმა სწორედ ამ ესპანური კლუბიდან დაიბრუნა რამდენიმე სეზონით ადრე...
1991-92 წლების სეზონი უკანასკნელი გამოდგა ინგლისის პირველი დივიზიონისთვის: მომდევნო ჩემპიონატს უკვე პრემიერლიგა ერქვა. ოლდტრაფორდელებს შეეძლოთ ჩემპიონის ტიტულის მოგება, თუმცა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე სულელურად დაკარგეს ქულები და პირველობა "ლიდს იუნაიტედს" გადაულოცეს, კლუბს, რომელსაც გორდონ სტრაჩანი კაპიტნობდა, ერთ დროს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების კერპი.

ინგლისიდან ევროპამდე: პირველები შინ და გარეთ

...ერთ მშვენიერ დღეს, როცა მწვრთნელი, კლუბის თავმჯდომარე მარტინ ედვარდსს მისსავე კაბინეტში ესაუბრებოდა, ამ უკანასკნელის ტელეფონმა დარეკა - "ლიდს იუნაიტედი" პეტერ ბერდსლის თაობაზე შეეხმიანა. ედვარდსმა, ფერგიუსონის ნიშანის შემდეგ, ფეხბურთელის გაყიდვა იუარა და იქით შეეკითხა ლიდსელ კოლეგას ფრანგი ერიკ კანტონას თაობაზე.
"ლიდს იუნაიტედმა" ერიკ კანტონა 1,2 მილიონ გირვანქად დათმო. წლების შემდეგ სერ ალექსმა ამ გარიგებას ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი უწოდა: ფრანგი "ოლდ ტრაფორდის" ნამდვილი მეფე შეიქნა, XX საუკუნის მიწურულს კი გულშემატკივრებმა ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს ! 1992-93 წლების სეზონში კლუბმა ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა - პრემიერლიგა მოიგო! ფერგიუსონის გუნდის მთავარი კონკურენტი "ასტონ ვილა" იყო, თუმცა ბირმინგემელებმა კარგად დაწყებული სეზონი ჩააფლავეს და ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე ტურით ადრე დათმეს.
მომდევნო ჩემპიონატში კვლავ ოლდტრაფორდელებმა იმარჯვეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დუბლი შეასრულეს: ასოციაციის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში "ჩელსის" 4:0 სძლიეს. "ალისფერ ეშმაკუნებს" მესამე თასის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ლიგის თასის ფინალში "ასტონ ვილასთან" 1:3 დამარცხდნენ... 1994 წლის 20 იანვარს მატ ბასბი გარდაიცვალა...
1995 წელს კლუბმა ჩემპიონის ტიტული დაკარგა და თასის ფინალშიც დამარცხდა...
იმავე ზაფხულში სერ ალექსმა თავისი მეორე გუნდის შენება დაიწყო, რომელსაც ჟურნალისტებმა "ფერგის შვილები" უწოდეს. ზაფხულში შოტლანდიელმა პარკერი, ინსი, კანჩელსკისი, და ჰიუზი გაასხვისა, ბრაიან რობსონი კი მცირე ხნით ადრე წავიდა გუნდიდან, ბრიუსმა და პალისტერმა კი ნელ-ნელა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლეს.
მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდული შემადგენლობის საუკეთესო მოთამაშეები დააწინაურა, სწორედ ისინი, რომლებმაც თანატოლთა შორის ზედიზედ მოიგეს ასოციაციის თასები: დევიდ ბექემი, პოლ სქოულზი, გარი და ფილ ნევილები, ნიკი ბათი... მათ ძირითადის ფეხბურთელად ჩამოყალიბებული გიგზი დაემატა, "ნიუკასლ იუნაიტედიდან" კი ფორვარდი ენდი კოული მივიდა.
"ბავშვებთან ერთად ვერაფერს მოიგებ!" - 80-იანი წლების "ლივერპულის" დიდებულმა მცველმა, შემდგომში კი შესანიშნავმა კომენტატორმა ალან ჰანსენმა ეს დაუვიწყარი ფრაზა 1995-96 წლების სეზონისას თქვა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" კევინ კიგანის "ნიუკასლ იუნაიტედს" მთელი 9 ქულით ჩამორჩებოდა. იმ სეზონის უკანასკნელი ტურის შემდეგ ერიკ კანტონას ლიდერობით მოთამაშე "ფერგიუსონის ბავშვებმა" ჩემპიონობა იზეიმეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თასიც აღმართეს: "ლივერპულს" ფრანგი ლეგენდის ზუსტი დარტყმით სძლიეს - 1:0.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი კლუბი შეიქნა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ორჯერ შეასრულა დუბლი !
ოლდტრაფორდელებმა შემდეგ სეზონშიც იმარჯვეს, რის შემდეგაც "კანტო" - ერიკ კანტონა ფეხბურთიდან წავიდა.
"შინ ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა მოსაგები ჯერ კიდევ ბევრია." - ალექს ფერგიუსონმა ევროპის საკლუბო ტურნირებზე, კონკრეტულად კი ჩემპიონთა ლიგაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სეზონიდან სეზონამდე საოცრად პოპულარული ხდებოდა. ნელ-ნელა ალისფერი საკლუბო მაისური მოირგეს იაპ სტამმა, ნორვეგიელმა უკანახაზელებმა ჰენინგ ბერგმა, რონი იონსენმა და ფორვარდმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ტრინიდადელმა თავდამსხმელმა დუაიტ იორკმა და მალე ის გუნდიც შეიქმნა, 1999 წლის დაუვიწყარი ტრიუმფი რომ გამოჭედა: იმ გაზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონის უკანასკნელ სამ თამაშში ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა თასი, ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასი!

1998-99 წლების სეზონი გამოდგა ყველაზე წარმატებული "იუნაიტედისათვის". ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელადაც, გუნდმა მოახერხა ტრებლის გახერხება: "იუნაიტედმა" მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ევროპის ჩემპიონთა ლიგა - სამივე მთავარი ტურნირი. ძალიან დაძაბულ პრემიერლიგის სეზონში "იუნაიტედმა" ბოლო ტურში მოახერხა ინგლისის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, დაამარცხა რა "ტოტენჰემ ჰოთსპური" 2:1. "მანჩესტერის" უმთავრესმა კონკურენტმა, "არსენალმა" აგრეთვე მოიგო თავისი მატჩი (1-0 "ასტონ ვილასთან"). "მანჩესტერი" "ტოტენჰემთან" 0-1 აგებდა და მოგების გარდა არაფერი აწყობდა.

And Solskjaer has won it!

პრემიერლიგის მოგება ტრებლისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ასოციაციის თასის ფინალში "იუნაიტედმა" "ნიუკასლს" სძლია 2:0. გოლები ტედი შერინგემმა და პოლ სქოულზმა გაიტანეს, მაგრამ ასოციაციის თასის ფინალზე უფრო მეტად აღსანიშნავი ნახევარფინალი იყო, სადაც უდრამატულეს მატჩში რაიან გიგზის ბრწყინვალე გოლით 10 კაციანმა "მანჩესტერმა" 2-1 დაამარცხა "არსენალი". 1998-99 წლების სეზონის ბოლო აკორდი იყო ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ქალაქ ბარსელონაში, "ბარსელონას" სტადიონ "ნოუ კამპზე".
"იუნაიტედმა" ენით აუღწერელ მატჩში დაამარცხა გერმანული გუნდი 2-1. ეს ფინალი დრემდე მიჩნეულია ჩემპიონთა ლიგის ფინალებს შორის ერთ-ერთ (თუ არა ყველაზე) საუკეთესოდ.

შემდეგ სეზონში "მანჩესტერმა" იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საკონტინენტთაშორისო თასიც მოიპოვა დაამარცა რა სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო გათამაშების, ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული ბრაზილიური "პალმეირასი".
ალექს ფერგიუსონი ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ რაინდად აკურთა ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

2003 წლის ზაფხულს, ოლდტრაფორდული კლუბი კვლავ ჩემპიონის რანგში შეხვდა და შოტლანდიელმაც იქვე დაიწყო მორიგი, რიგით მესამე "მანჩესტერ იუნაიტედის" შენება: მადრიდის "რეალში" გადავიდა დევიდ ბექემი, "ოლდ ტრაფორდი" დატოვეს ნიკი ბათმა, ფილ ნევილმა, ლორან ბლანმა, ფაბიენ ბარტეზმა. მათ ნაცვლად მისულ ფეხბურთელთა უმრავლესობამ იმედები ვერ გაამართლა: ხუან სებასტიან ვერონმა, დიეგო ფორლანმა, ერიკ ჯემბა-ჯემბამ, ლუის საამ და კლებერსონმა ლეგენდარული სტადიონი უსახელოდ დატოვეს... სამაგიეროდ, კლუბს შეუერთდა "იუნაიტედის" მომავალი ლეგენდა და ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი, რუუდ ვან ნისტელროი!

ევროპიდან მსოფლიომდე: გლეიზერების ოჯახი

...2003 წლის მარტში ამერიკელმა მილიარდერმა მალკოლმ გლეიზერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" აქციათა 2,9 პროცენტი შეიძინა, ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიოს უმდიდრეს კლუბში თავისი წილი 16,69 პროცენტამდე გაზარდა. 2004 წლის ზაფხულში გლეიზერმა კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალურად მიმართა: მზად იყო 650 მილიონი გირვანქა გადაეხადა და გუნდის მმართველი გამხდარიყო. დირექტორთა საბჭომ მისი წინადადება იუარა, თუმცა ოქტომბრისთვის ამერიკელი უკვე აქციათა 28,11 პროცენტს ფლობდა და წესდების მიხედვით, ოფიციალურად შეეძლო კლუბის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვა.
2005 წლის 12 მაისს მალკოლმ გლეიზერმა კლუბის მთავარ აქციონერებს, ირლანდიელ ბიზნესმენებს მაკმანუსს და მანიეს ისეთი წინადადებით მიმართა, რომელიც მათ ვერ იუარეს - ამერიკელის ხელში კლუბის აქციათა 56,9 პროცენტი მოექცა, ანუ საკონტროლო პაკეტი. მომდევნო დღეებში მალკოლმ გლეიზერმა თავისი წილი 75 პროცენტამდე გაზარდა, ივნისის დასაწყისში კი ის ფასიანი ქაღალდების 98 პროცენტის მფლობელი შეიქნა.
ბრიტანული პრესის ცნობით გლეიზერმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 790 მილიონ გირვანქად ანუ 1,5 მილიარდ დოლარად შეიძინა. "ვთვლი, რომ გუნდის ახალი მფლობელი შესანიშნავი ადამიანია. ის შემადგენლობის გაძლიერებას დამპირდა და მჯერა მისი - ამერიკელები ნათქვამ სიტყვას არასოდეს გადადიან." - სერ ალექს ფერგიუსონი.
ნელ-ნელა "მანჩესტერ იუნაიტედმა" კრიზისი დაძლია, დედაქალაქური გუნდების ჩრდილიდანაც გამოვიდა და აგერ უკვე ზედიზედ მეოთხე სეზონია, პირველობისთვის იბრძვის:
2006 წელს კლუბმა ლიგის თასი აღმართა, ერთი წლის შემდეგ პრემიერლიგა და სუპერთასი მოიგო, შარშან კი ერთბაშად ოთხი თასით გაამდიდრა საკლუბო მუზეუმი: კვლავ იმარჯვა ჩემპიონატში, ზედიზედ მეორედ აღმართა სუპერთასი და რაც მთავარია, ისტორიაში მესამედ გაიმარჯვა ჩემპიონთა თასის გათამაშებაში, რასაც წლის მიწურულს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ტრიუმფიც დაურთო.
მიმდინარე წელიც კარგად დაიწყო: თებერვალში "ალისფერმა ეშმაკებმა" ლიგის თასი აღმართეს, რაც მორიგი საჩემპიონო ტიტულით დაგვირგვინდა. ორი აზრი არაა, წინ კიდევ არაერთი დიდი გამარჯვებაა. ყოველ შემთხვევაში, აწმყო ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი": 1968 - პირველი ევროტრიუმფი

ჩემპიონთა თასის ამ გათამაშებას წინ უძღოდა უეფა-ს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ გუნდები ორივე შეხვედრას ფრედ დაასრულებდნენ, მესამე, გადამწყვეტი თამაში აღარ გაიმართებოდა, გამარჯვებული კი სტუმრად გატანილი გოლების გათვალისწინებით გამოვლინდებოდა. ანუ: უპირატესობა მიენიჭებოდა იმ გუნდს, რომელიც მეტოქის მოედანზე უფრო მეტი გოლის გატანას შეძლებდა. თუ ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდებოდა, დაინიშნებოდა დამატებითი დრო. იყო კიდევ ერთი ნოვაციაც: ჩემპიონთა თასის მფლობელი აღარ გათავისუფლდებოდა პირველი ეტაპიდან და ტიტულის დასაცავად ბრძოლას, სხვების დარად, თავიდანვე დაიწყებდა.
ამიტომაც, ჩემპიონთა თასის მფლობელი პირველი ბრიტანული კლუბი გლაზგოს "სელტიკი" 1/16 ფინალში ჩაერთო და... გათამაშებას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა: სქოთები საბჭოთა კავშირის უძლიერეს კლუბ კიევის "დინამოსთან" დამარცხდნენ. უდავოდ საინტერესო იქნება იმის თქმა, რომ ჩემპიონთა თასის მფლობელმა "სელტიკმა" 1967-68 წლების სეზონის პირველი ეტაპის მეორე შეხვედრა თბილისში ჩაატარა - კიევის "დინამომ" მეტოქეს სწორედ საბჭოთა საქართველოში უმასპინძლა...
"სელტიკისგან" განსხვავებით, პირველი ბარიერი იოლად დაძლია ინგლისის უძლიერესმა კლუბმა "მანჩესტერ იუნაიტედმა": ოლდტრაფორდელებმა მალტის "ჰიბერნიანსთან" "ურთიერთობა" პირველივე შეხვედრაში "გაარკვიეს" - დევიდ სედლერმა და დენის ლოუმ კუნძულელებს ორ-ორი გოლი გაუტანეს. საპასუხო თამაში ფრედ 0:0 დასრულდა.
ისევე როგორც 1/16 ფინალში, 1/8 ფინალშიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" სარაევოში ამავე სახელწოდების გუნდთან ფრედ 0:0 ითამაშა, შინ კი მოიგო. "ოლდ ტრაფორდზე" იუგოსლავიელებს ასტონმა და ბესტმა ორი გოლი გაუტანეს და თავიანთ კლუბს შემდეგი ეტაპის საგზურიც მოუტანეს. მეოთხედფინალში "მანჩესტერმა" პოლონურ "გურნიკს" 2:0, 0:1 მოუგო. ნახევარფინალებში გუნდები ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში, სასტუმრო "პარკ ოტელში" ჩატარებული წილისწყრის შემდეგ დაწყვილდნენ: "მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალთან" საბრძოლველად, "იუვენტუსი" კი "ბენფიკასთან" შერკინებისთვის მოემზადა.
ინგლისის და ესპანეთის უძლიერეს კლუბთა დაპირისპირებაში ორი ულამაზესი მატჩი შედგა, რომელთაგან პირველს მანჩესტერმა უმასპინძლა. ოლდტრაფორდელებმა უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა გოლით მხოლოდ ერთი შეტევა დააგვირგვინეს - ესპანელები ჯორჯ ბესტმა დასაჯა.
ამ შეხვედრის შემდეგ ფიფა-ს პრეზიდენტმა სერ ალფ რამსეიმ მატ ბასბის გუნდი ასე დაახასიათა: "ეს არის ყველაზე მაღალი კლასის გუნდი, რომელსაც კი ოდესმე დაუცავს ბრიტანული ფეხბურთის სახელი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ყველაზე დახვეწილი კლუბია!"
ფიფა-ს პრეზიდენტის სიტყვები სულაც არ აინტერესებდა მადრიდის "რეალის" ვეტერან მწვრთნელ მიგელ მუნიოსს, რომელმაც საპასუხო თამაშის წინ განაცხადა: "ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავალთ ფინალში, გოლს კი ამანსიო გაიტანს, სწორედ ის, რომელმაც ინგლისში არცთუ კარგად ითამაშა!"
120 ათასი გულშემატკივრის თვალწინ სამეფო კლუბმა დიდებულად დაიწყო თამაში და პირველი ტაიმი 3:1 მოიგო: 31-ე წუთზე ხოსე მარტინეს პირიმ გახსნა ანგარიში, მალე სოკომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა შესვენებამდე ჯერ ხენტომ, რამდენიმე წუთში კი მუნიოსის რჩეულმა ამანსიომ კიდევ 2 ბურთი გაიტანეს სტუმართა კარში. მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და ასეც გაგრძელდა, თუმცა მადრიდელებს ინგლისელთა ორი კონტრშეტევა გამოეპარათ, რომლებიც ჯერ ნახევარმცველმა დევიდ სედლერმა, მერე კი შეტევაში ჩართულმა მცველმა ბილი ფოულკსმა ზუსტი დარტყმებით დააგვირგვინეს და... პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობიდან აღარაფერი დარჩა - 3:3. "რეალი" ძალიან კი ცდილობდა დაწინაურებას, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა, შესაბამისად, ფინალის საგზურსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დაეუფლა, მიუნხენური ავიაკატასტროფიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ !
ფინალს, ისევე როგორც 1963 წელს, ეხლაც, ლონდონის "უემბლიმ" უმასპინძლა. ხუთი წლით ადრე "ბენფიკამ" აქ "მილანთან" წააგო. პორტუგალიელებმა ახლაც დამარცხებულებმა დატოვეს სარბიელი: მატ ბასბის გუნდმა 4:1 გაიმარჯვა და ევრომწვერვალზე ავიდა !
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა ბობი ჩარლტონმა, რომელიც 1966 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და "ოქროს ბურთით" დააჯილდოვეს, ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა, თუმცა თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ჟაიმე გრასამ ალექს სტეპნის კარში საპასუხო ბურთი გაიტანა.
რომ არა იმავე სტეპნის საოცარი რეაქცია, საქმე დამატებით დრომდე არც მივიდოდა - 89-ე წუთზე მან ეუსებიოს ძალიან სახიფათო დარტყმა ულამაზესი ნახტომით უკუაგდო. ერთ წუთში იტალიელმა არბიტრმა კონჩეტო ლო ბელომ ძირითადი დროის დასრულება ბრძანა და დამატებითი დრო დანიშნა, მეორედ ჩემპიონთა თასის ფინალების ისტორიაში.
მე-100 წუთისთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო: დამატებითი დროის მე-7 წუთზე ჯორჯ ბესტმა "ალისფერი ეშმაკუნები" დააწინაურა, ერთ წუთში ბრაიან კიდმა, რომელიც იმ დღეს მე-18 დაბადების დღეს ზეიმობდა, მესამე ბურთი გაიტანა ჟოზე ენრიკეს კარში, მე-100 წუთზე კი ბობი ჩარლტონმა დუბლი შეასრულა - 4:1 ! ბობი ჩარლტონი იმ ფეხბურთელთა რიგში ჩადგა, რომელთაც ფინალში ერთ გოლზე მეტის გატანა მოახერხეს. სხვათა შორის, დუბლი ალტაფინიმაც "უემბლიზე" მიითვალა - 1963 წელს იმავე "ბენფიკას" წინააღმდეგ...
ჩემპიონთა თასის 1960 წლის ფინალის შემდეგ, როცა მადრიდის "რეალმა" ფრანკფურტის "აინტრახტს" 7:3 სძლია, გადამწყვეტი შეხვედრა პირველად დასრულდა სამი ბურთის სხვაობით !
"ბასბის ჩვილები ფერფლიდან აღდგნენ!" - წერდა ბრიტანული პრესა, თავად მწვრთნელი კი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო. ის, რისთვისაც მთელი ცხოვრება შრომობდა, ბოლოს და ბოლოს ხორცშესხმული იხილა - მისი გაწვრთნილი კლუბი უძლიერესი გახდა ბებერ კონტინენტზე ! ჩემპიონთა თასმა ფეხბურთის სამშობლოში პირველად "გამოიზამთრა"...
საკონტინენტთაშორისო თასი კი ევროპელებმა კვლავ დათმეს: ამჯერად ეს ჯილდო არგენტინის "ესტუდიანტესმა" (ლა პლატა) მოიპოვა. პირველი შეხვედრა 1968 წლის 25 სექტემბერს ბუენოს აირესში, "ლა ბომბონერაზე" გაიმართა და მასპინძელთა 1:0 გამარჯვებით დასრულდა. საპასუხო თამაში 16 ოქტომბერს შედგა - ფრე 1:1. ინგლისელებმა ხუან რამონ ვერონის მიერ მე-7 წუთზე გატანილი გოლი მატჩის უკანასკნელ წამებზე მორგანის ზუსტი დარტყმით გაქვითეს...
ხუან რამონ ვერონის შვილი ხუან სებასტიან ვერონი წლების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს მოირგებს და ინგლისის ჩემპიონიც გახდება...

ფინალი. 29 მაისი, 1968. ინგლისი, ლონდონი, "უემბლი". 92 225.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 4:1 (დ.დ) "ბენფიკა" (ლისაბონი, პორტუგალია)
გოლები: 1:0 ბ.ჩარლტონი (55), 1:1 ჟ.გრასა (80), 2:1 ჯ.ბესტი (97), 3:1 ბ.კიდი (98), 4:1 ბ.ჩარლტონი (100)
"მანჩესტერ იუნაიტედი": ალექს სტეპნი, შეი ბრენანი, ბილი ფოულკსი, ნობი სტაილზი, ტონი დანი, პეტ კრერანდი, ბობი ჩარლტონი (კაპ), ჯორჯ ბესტი, ბრაიან კიდი, დევიდ სედლერი, ჯონ ასტონი.
მწვრთნელი: მატ ბასბი
"ბენფიკა": ჟოზე ენრიკე, ადოლფო კალისტო, უმბრეტო ფერნანდესი, ჟაშინტო სანტოსი, ფერნანდო კრუზი, ჟაიმე გრასა, მარიო კოლუნა (კაპ), ჟოზე აუგუშტო, ჟოზე ტორეში, ეუსებიო, ანტონიო სიმოეში.
მწვრთნელი: ოტო გლორია
მსაჯი: კონჩეტო ლო ბელო (იტალია)


"მანჩესტერ იუნაიტედი": 1999 - მეორე ევროტრიუმფი

ჩემპიონთა თასის მორიგმა გათამაშებამ განსაკუთრებული ცვლილებების გარეშე ჩაიარა: ორი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, რის შემდეგაც 6 ოთხგუნდიანი ჯგუფი დაკომპლექტდა.
ამ გათამაშების ფინალისტებმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბაიერნმა" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყეს თამაში. ამავდროულად, ორივე კლუბი თავისი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩაერთო ტურნირში. ეს პირველად მოხდა, რომ ფინალში ერთმანეთს ორი ისეთი კლუბი დაუპირისპირდა, რომელთაგან წინა სეზონში არცერთი ჩემპიონი არ გამხდარა...
დ ჯგუფი "სიკვდილის ჯგუფად" მონათლეს: აქ ერთმანეთს ინგლისის "მანჩესტერ იუნაიტედი", ესპანეთის "ბარსელონა", მიუნხენის "ბაიერნი" და დანიის "ბრონდბიუ" ებრძოდნენ. ეს უკანასკნელი, ცხადია, სათვალავში არ მიიღებოდა.
ძალიან ლამაზი გამოდგა "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ბარსელონას" ორივე პაექრობა: თამაშები ფრედ 3:3 დასრულდა. 1998 წლის 25 ნოემბერს, ბარსელონაში, მასპინძელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა სონი ანდერსონმა 50-ე წამზე გახსნა ანგარიში. ეს ერთ-ერთი უსწრაფესი გოლია ჩემპიონთა ლიგაში...
1998 წლის 21 ოქტომბერს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად 6:2 მოუგო "ბრონდბიუს". ოლდტრაფორდელთა მიერ მეტოქის მოედანზე გატანილი ექვსი გოლი დღემდე სარეკორდოა ჩემპიონთა ლიგის მატჩებში - ამდენი ბურთი სტუმრად სხვა გუნდს არ გაუტანია. რაც შეეხება "ბრონდბიუსთან" ორი მატჩის ჯამში მოპოვებულ უპირატესობას - ალექს ფერგიუსონის გუნდმა 11:2 სძლია მეტოქეს - ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ლიგის ისტორიაში...
ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 20 გოლი მიითვალა. ეს შედეგი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მიღწევათა შორისაა...
1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მილანის "ინტერს" აჯობა და პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური.
ნახევარფინალში ინგლისელებმა იტალიის კიდევ ერთი წარმომადგენელი შეაჩერეს - ტურინის "იუვენტუსს" "სტადიო დელე ალპიზე" აჯობეს.
პირველ მატჩს, რომელსაც "ოლდ ტრაფორდმა" უმასპინძლა, მარჩელო ლიპის გუნდი ბოლო წამამადე იგებდა, თუმცა რაიან გიგზმა იმარჯვა და თანაგუნდელები მარცხს გადაარჩინა. იტალიაში ძალიან დაძაბული მატჩი გაიმართა: მე-10 წუთზე მასპინძლები ორი ბურთით იყვნენ წინ, 34-ე წუთზე კი ანგარიში უკვე 2:2 იყო.
საბოლოოდ, "ალისფერმა ეშმაკუნებმა" იმარჯვეს, ეს კი ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პირველი მოგება იყო იტალიაში.
მეორე ფინალისტი კიევის "დინამოს" და მიუნხენის "ბაიერნის" პაექრობაში გამოვლინდა. კლასმა და ოსტატობამ თავისი გაიტანა: ოტმარ ჰიცფელდის გუნდმა უკრაინის დედაქალაქში ბოლომდე იბრძოლა და მარცხს თავი დააღწია, "ოლიმპიაშტადიონზე" კი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კახა კალაძემ ლიგის ნახევარფინალში პირველად სწორედ მაშინ ითამაშა...
ფინალის მასპინძელი "კამპ ნოუ" გადაიჭედა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გადამწყვეტი მატჩიც შედგა: "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2:1 მოიგო, არადა, 90-ე წუთის ჩათვლით 0:1-ს აგებდა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჯერ ტედი შერინგემმა, მერე კი ოლე გუნარ სოლსკიაერმა ორი ბურთი გაიტანეს ოლივერ კანის კარში!
1968 წლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეორედ აღმართა ჩემპიონთა თასი, მიუნხენის "ბაიერნს" 1982 და 1987 წლების შემდეგ მესამე ფინალში მოეცარა ხელი. "ბაიერნის" თავკაცი ოტმარ ჰიცფელდი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი სხვადასხვა კლუბი გაიყვანა...
"მანჩესტერ იუნაიტედი" შეიქნა პირველი კლუბი ჩემპიონთა ლიგის დაარსების შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა თასთან ერთად თავისი ჩემპიონატიც მოიგო და თასიც! და კიდევ: მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, ინგლისელებმა დაუმარცხებლად განვლეს 13 მატჩი, ეს კი ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. 2005-06 წლების სეზონში მანჩესტერელთა ეს რეკორდი "ბარსელონამ" გაიმეორა, მოგვიანებით კი თავად ოლდტრაფორდელებმა გააუმჯობესეს...
სერ ალექს ფერგიუსონის კლუბმა ჩემპიონთა თასს მხოლოდ საკონტინენტთაშორისო თასი მიუმატა: 1999 წლის 30 ნოემბერს, ტოკიოში, ბრაზილიის "პალმეირასი" ირლანდიელი კაპიტნის როი კინის მიერ 35-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. ჩემპიონთა თასის და თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებულებს შორის უკანასკნელად გათამაშებული ევროპის სუპერთასი კი რომის "ლაციოს" დარჩა: 1999 წლის 27 აგვისტოს, მონტე-კარლოში, აპენინელებმა ჩილელი ფორვარდის მარსელო სალასის გოლით მოიგეს...

ფინალი. 26 მაისი, 1999. ესპანეთი, ბარსელონა, "კამპ ნოუ". 90.245
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1 "ბაიერნი" (მიუნხენი, გერმანია)
გოლები: 0:1 მ.ბასლერი (6), 1:1 ტ.შერინგემი (90), 2:1 ო.გ.სოლსკიაერი (90)
"მანჩესტერ იუნაიტედი": პეტერ შმაიხელი (კაპ), გარი ნევილი, დენის ირვინი, რონი იონსენი, იაპ სტამი, დევიდ ბექემი, ნიკი ბათი, იესპერ ბლომკვისტი (ტედი შერინგემი 67), რაიან გიგზი, ენდი კოული (ოლე გუნარ სოლსკიაერი 81), დუაიტ იორკი.
მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი
"ბაიერნი": ოლივერ კანი (კაპ), მარკუს ბაბელი, სამუელ ოსეი კუფური, ლოთარ მათეუსი (ტორსტენ ფინკი 80), თომას ლინკე, მიხაელ ტარნატი, იენს იერემისი, შტეფან ეფენგერგი, მარიო ბასლერი (ჰასან სალიჰამიჯიჩი 90), ალექსანდრ ციკლერი (მეჰმეთ შოლი 71), კარსტენ იანკერი.
მწვრთნელი: ოტმარ ჰიცფელდი
გაფრთხილება: შ.ეფენბერგი
მსაჯი: პიერლუიჯი კოლინა (იტალია)

"მანჩესტერ იუნაიტედი": 2008 - მესამე ევროტრიუმფი

2007 წლის გაზაფხულზე სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ინგლისის პრემიერლიგა სამწლიანი შესვენების შემდეგ მოიგო: ორი დედაქალაქური კლუბის, "არსენალის" და "ჩელსის" წინააღმდეგობა დაძლია და კვლავ ავიდა მწვერვალზე.
ჩემპიონთა თასის გათამაშებაში "მანჩესტერ იუნაიტედი" პირდაპირ ჯგუფური ტურნირიდან ჩაერთო: ინგლისის უძლიერესი გუნდი ფ ჯგუფში მოხვდა კიევის "დინამოსთან", იტალიის "რომასთან" და ლისაბონის "სპორტინგთან" ერთად.
მანჩესტერელებმა დიდი უპირატესობით იმარჯვეს: უკრაინელებს ორჯერ სძლიეს საერთო ანგარიშით 8:2, ასევე ორჯერ დაამარცხეს ლისაბონის "სპორტინგი" - 2:1 მანჩესტერში და 1:0 ლისაბონში და მხოლოდ მარადიულ ქალაქში გაუყვეს ქულები "რომას" - 1:1. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული პაექრობა ინგლისელთა 1:0 გამარჯვებით დასრულდა...
2007 წლის 21 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულმა წილისყრამ 1/8 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქედ საფრანგეთის "ლიონი" დაასახელა, კლუბი რომელმაც ე ჯგუფში "ბარსელონას" შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელმა "იუნაიტედმა" საფრანგეთის ზედიზედ 6 ჩემპიონატის მომგები "ლიონი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა: სტუმრად 1:1, "ოლდ ტრაფორდზე" კი 1:0.
მეოთხედფინალში ინგლისელები კვლავ "რომას" გადაეყარნენ და ამჯერად მეტოქეს ორივე შეხვედრა მოუგეს - იტალიაში 2:0, შინ კი 1:0.
"ალისფერ ეშმაკუნებს" ყველაზე დიდი გამოცდა ნახევარფინალში ელოდათ "ბარსელონას" სახით. ფრანკ რაიკაარდის კლუბმა 1/8 ფინალში გლაზგოს "სელტიკს", ხოლო 1/4 ფინალში გელზენკირხენის "შალკე 04"-ს ორივე თამაში მოუგო. აუცილებელია იმის თქმა, რომ ბარსელონელთა თინეიჯერი თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი, რომელმაც პირველ შეხვედრაში "შალკე 04"-ს ერთადერთი გოლი გაუტანა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 1990 წელს შემდეგ დაბადებული პირველი მეგოლე შეიქნა...
პირველი პაექრობა "კამპ ნოუზე" შედგა - მიუხედავად იმისა, რომ ცდა არცერთს დაუკლია, მეტოქეებმა გოლის გატანა ეგრეც ვერ შეძლეს.
"ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" იმარჯვა: ძალიან დაძაბულ თამაშში ინგლისელთა ვეტერანმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა ულამაზესი გოლი გაიტანა და ცხრაწლიანი შესვენების შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონის კლუბს ლიგის ფინალში გაუძღვა.
ცნობისათვის: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-12 საშინაო მატჩი მოიგო და ტურინის "იუვენტუსის" მიერ 1995-96 - 1997-98 წლებში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.
ჩემპიონთა თასის ისტორიაში პირველად შედგა წმინდა ინგლისური ფინალი: მეორე ნახევარფინალში ლონდონის "ჩელსიმ" ინგლისისავე "ლივერპულს" ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და პირველად გავიდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების ფინალში. გადამწყვეტ მატჩს რუსეთის დედაქალაქმა მოსკოვმა პირველად უმასპინძლა: 21 მაისს, "ლუჟნიკის" სტადიონი ორად გაიყო - მანჩესტერელები ლონდონელების წინააღმდეგ.
2007-08 წლების ჩემპიონთა ლიგის და ზოგადად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ 26-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში - ეს პორტუგალიელის მერვე გოლი იყო ლიგაში.
შესვენებამდე წამებით ადრე ავრაამ გრანტის "ჩელსიმ" ანგარიში გაათანაბრა: ედვინ ვან დერ სარის და მცველების შეუთანხმებელი თამაშით ლონდონელთა ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა ჩინებულად ისარგებლა - 1:1.
მეორე ნახევარში ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ მანჩესტერელთა შემადგენლობაში შეცვლაზე გამოჩნდა ვეტერანი უელსელი გარემარბი რაიან გიგზი: ოლდტრაფორდული კლუბის მაისური გიგზმა 759-ედ მოირგო და სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი გააუმჯობესა.
2005 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად დაინიშნა დამატებითი დრო, პენალტებამდე კი "ჩელსი" 10 ფეხბურთელით დარჩა - ნემანია ვიდიჩთან უხეშობის გამო მსაჯმა დიდიე დროგბა გააძევა.
პენალტების სერია მანჩესტერელებმა დაიწყეს: კარლოს ტევესმა და მაიკლ ქერიქმა თავიანთი შანსები გამოიყენეს, აი კრიშტიანუ რონალდუმ კი, რომელმაც მთელი სეზონის მანძილზე ჩინებულად ითამაშა, გუნდი კინაღამ დაღუპა - პეტრ ჩეხს ვერ აჯობა.
ლონდონელთა კაპიტან ჯონ ტერის ნანატრ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა აშორებდა, თუმცა ფეხი დაუცურდა და...
მერე იყო ანდერსონის, კალუს და გიგზის ზუსტი დარტყმები, აი, ნიკოლა ანელკას კი ვან დერ სარმა აჯობა და "მანჩესტერ იუნაიტედმა" მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი! ცნობისათვის: ისევე, როგორც 1998-99 წლების სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამჯერადაც დაუმარცხებლად მოიგო ლიგა.
ევროპის სუპერთასი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა კვლავ ვერ მოიგო - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" 1:2 დამარცხდა. სამაგიეროდ, ინგლისურ კლუბთაგან პირველმა მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2008 წლის დეკემბერში მანჩესტერელებმა იაპონიაში ჯერ "გამბა ოსაკა" დაამარცხეს, ფინალში კი, ეკვადორის ლდუ-ს სძლიეს - 1:0. უეინ რუნი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top