თბილისი:
მანჩესტერი:
სერ ალექს ფერგიუსონი
ბიოგრაფია

ისევე როგორც ბევრი შესანიშნავი საფეხბურთო მწვრთნელის, ალექსანდრ ჩეპმენ ფერგიუსონის კარიერაც მოკრძალებულად დაიწყო. ახალგაზრდობაში ფერგიუსონს მდინარე კლაიდის პირას უწევდა ლუკმა პურისთვის შრომა, იქამდე, სანამ ფეხბურთში არ მოვიდა, "დიდი შოტლანდიელის" საფეხბურთო კარიერა კი მაშინ ჯერ კიდევ სამოყვარულო "ქუინზ პარკში" დაიწყო. შოტლანდიის ჩემპიონატში მისი დებიუტი 1957 წელს მეორე დივიზიონის "სტანრარში" შედგა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე. 1960-ების შუაწელში ის "სენტ ჯონსტონში" გადადის, საბოლოოდ კი, ამჯერად უკვე პროფესიონალის სტატუსით, "დანფერმლაინის" მაისურს ირგებს, ეს ყველაფერი 1964 წელს ხდება. სწორედ ამ პერიოდში ამახვილებს მასზე ყურადღებას "გლაზგო რეინჯერსში" და სამი წლის შემდეგ ფერგიუსონი იმ დროისთვის სარეკორდო, (შოტლანდიის მასშტაბით) 65000 ფუნტის საფასურად დედაქალაქურ კლუბში გადავიდა.

ისევე როგორც ბევრი შესანიშნავი საფეხბურთო მწვრთნელის, ალექსანდრ ჩეპმენ ფერგიუსონის კარიერაც მოკრძალებულად დაიწყო. ახალგაზრდობაში ფერგიუსონს მდინარე კლაიდის პირას უწევდა ლუკმა პურისთვის შრომა, იქამდე, სანამ ფეხბურთში არ მოვიდა, "დიდი შოტლანდიელის" საფეხბურთო კარიერა კი მაშინ ჯერ კიდევ სამოყვარულო "ქუინზ პარკში" დაიწყო. შოტლანდიის ჩემპიონატში მისი დებიუტი 1957 წელს მეორე დივიზიონის "სტანრარში" შედგა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე. 1960-ების შუაწელში ის "სენტ ჯონსტონში" გადადის, საბოლოოდ კი, ამჯერად უკვე პროფესიონალის სტატუსით, "დანფერმლაინის" მაისურს ირგებს, ეს ყველაფერი 1964 წელს ხდება. სწორედ ამ პერიოდში ამახვილებს მასზე ყურადღებას "გლაზგო რეინჯერსში" და სამი წლის შემდეგ ფერგიუსონი იმ დროისთვის სარეკორდო, (შოტლანდიის მასშტაბით) 65000 ფუნტის საფასურად დედაქალაქურ კლუბში გადავიდა.
თუმცა ფერგიუსონის ოცნებები იმედგაცრუებამ შეცვალა. "რეინჯერსში" გატარებული დრო წარუმატებელი აღმოჩნდა, მან ჩვეულ ფორმაში ჩადგომა ვერ შეძლო და 1969 წელს "ფალკირკში" გადაბარგდა, სადაც შედგა კიდეც მისი, როგორც მწვრთნელის დებიუტი, იქამდე, სანამ კიდევ ერთხე დაბრუნდება მოედანზე, ისევ დროებით, ამჯერად "ეარ იუნაიტედის" რიგებში, 1973 წელს.
როგორც აღმოჩნდა, "ეარ იუნაიტედმა" გარდამტეხი როლი ითამაშა მის კარიერაში, 32 წლის ასაკში ბიზნესის წამოწყების რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ფერგიუსონი ფეხბურთელის კარიერას ასრულებს და მწვრთნელი ხდება, ინიშნება რა "ისტ სტირლინგის" დამრიგებლის თანამდებობაზე, 1974 წლის ივლისი...
ფერგიუსონმა ახალ კლუბში მალევე მოიპოვა წარმატებული მწვრთნელის რეპუტაცია, და იმავე წლის ოქტომბერში სამუშაოდ პირველი დივიზიონის კლუბ "სენტ-მირენში" გადავიდა". შეზღუდული რესურსების მიუხედავად ის საკმაო კარგად უძღვებოდა გუნდს სამი სეზონის განმავლობაში, თუმცა გუნდის დატოვება მაინც კონტრაქტის ამოწურვამდე სამი წლით ადრე მოუწია, მიზეზი ხელმძღვანელობასთან ცუდი დამოკიდებულება იყო.
"სენტ მირენიდან" მისი წასვლა "აბერდინისთვის" აღმოჩნდა მომგებიანი და რამდენიმე მომხიბლავი წინადადების უარყოფის შემდეგ ფერგიუსონმა ამ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ეს ფაქტი 1978 წლის აგვისტოთი თარიღდება.
გუნდის შუახაზის გარდარქმნის შემდეგ ფერგიუსონმა შეძლო და დაარღვია "ძველი შოტლანდიელების", "სელტიკისა" და "რეინჯერსის" ჰეგემონია და რვა წლის მანძილზე გუნდის ჩემპიონობის 3 ტიტულამდე მიიყვანა, ამას დაემატა 4 შოტლანდიის და ერთიც ლიგის თასი, რაც მას ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ხდის "აბერდინის" ისტორიაში.
მაგრამ შიდა ასპარეზზე მიღწეული ამხელა წარმატების მიუხედავად ყველაზე დიდ გამარჯვებას ფერგიუსონმა 1983 წელს მიაღწია, როცა მისმა "აბერდინმა" თასების თასის ფინალში თვით მადრიდის "რეალი" დაამარცხა და პირველი და ჯერჯერობით კვლავ უკანასკნელი შოტლანდიური გუნდი გახდა, რომელმაც ევროპული ტიტული მოიგო.

ევროპული გამარჯვების შემდეგ ფერგიუსონის პერსონა მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღებას იქცევს, 1986 წელს, მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიის ნაკრების სამწვრთელო სკამზე გატარებული რამდენიმე ხნის შემდეგ, რომელიც მენეჯერ ჯოკ სტეინის გარდაცვალებით იყო გამოწვეული, ის უარყოფს "ბარსელონას", 'არსენალის", "რეინჯერსის", "ტოტენჰემის" წინადადებებს და 1986 წლის 7 ნოემბერს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ხდება.
ფერგიუსონის ჩანაფიქრმა, აუჩქარებლად გამოეყვანა "მანჩესტერი" რთული მდგომარეობიდან, რომელშიც იგი გუნდიდან რონ ატკინსონის წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, სასურველი შედეგი ვერ მოიტანა.
თავიდან ყველას ფიქრი მიმართული გახლდათ იმისკენ, რომ ფერგიუსონმა თავისი წარმატება შოტლანდიაში დატოვა და მუშაობის სამი წლის შემდგე, მიუხედავად იმისა, რომ 1988 წელს "იუნაიტედმა" სეზონი მეორე ადგილზე დაამთავრა "ლივერპულის" შემდეგ, ყველა ტრიბუნიდან მოისმენდით შეძახილებს, "ფერგი წადი!".
მაგრამ უცხო თვალისგან შეუმჩნევლად ფერგიუსონი ყოველფღიურად, ყოველწუთეულად და დეტალურად ცვლიდა გუნდს. მთავარი სიახლე, რაც მან შემოიტანა, ახალგაზრდების მომზადების სისტემის შეცვლა იყო, რამაც რამდენიმე წლის შემდეგ უზარმაზარი დივიდენდები მოუტანა გუნდს, და კიდევ ერთი, "ოლდ ტრაფორდზე" სასმელის დალევა აკრძალა, რის გამოც იქამდე ტრიბუნების უსაყვარლესმა რამდენიმე ფეხბურთელმა სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა.

ამ ფეხბურთელების დაკარგვა გუნდის თამაშზე უარყოფითად აისახა და 1990 წლის იანვარში "მანჩესტერ სიტისთან" სამარცხვინო, 5:1 წაგების შემდეგ "იუნაიტედი" ცხრილის ბოლო საფეხბურზე აღმოჩნდა. ფერგიუსონის, როგორც "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის კარიერა უფსკრულისკენ მიექანებოდა, ხელმძღვანელობამ მას უკანასაკნელი შანსი მისცა, ინგლისის თასის მესამე რაუნდი და "ნოტინგემ ფორესტთან" გასამართი მატჩი.
თუ "იუნაიტედი" ამ შეხვედრაშიც დამარცხდებოდა ეს ფერგიუსონისთვის დასასრულს ნიშნავდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის დირექტორი მარტინ ედვარდსი ამას მუდმივად უარყოფდა, ყველა ხვდებოდა, რომ მასაც აევსო მოთმინების ფიალა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მატჩის უკანასაკნელ წუთებზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, შეცვლაზე შემოსულმა მარკ რობინსმა გუნდს მინიმალური გამარჯვება მოაპოვებინა, ფერგიუსონმა კი სკამი შეინარჩუნა.
ეს გამარჯვება გარდამტეხი აღმოჩნდა, "ეშმაკებმა" განაგრძეს წარმატებული სვლა, რაც საბოლოოდ "კრისტალ პალასის" დამარცხებით და ინგლისის თასის მოპოვებით დასრულდა.
შემდეგ სეზონში "იუნაიტედმა" ევროპულ ასპარეზზეც მიაღწია დიდ გამარჯვებას, თასების მფლობელთა თასის ფინალში მან "ბარსელონა" დაამარცხა ანგარიშით 2:1, გამარჯვების გოლი თავისი ყოფილი გუნდის კარში მარკ ჰიუზმა გაიტანა.
თუმცა ინგლისის ჩემპიონის ტიტული, რომელიც უკანასკნელად 1967 წელს იყო მოპოვებული კვლავ მიუღწეველი ხდებოდა, ევროპულ ტრიუმფს საშინაო ასპარეზზე დაკავებული მხოლოდ მეორე ადგილი მოჰყვა, 1992 წელს კი კვლავ ლიგის თასი, ფინალი და გამარჯვება.
1993 წლის სეზონში ძველმა საფეხბურთო ლიგამ დაასრულა თავისი შესანიშნავი ისტორია, პრემიერ ლიგის შექმნა კი მსოფლიო საფეხბურთო ისტორიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" და ფერგიუსონის ბატონობის დასაწყისად მიიჩნევა.

1992/93 წლების სეზონის არცთუ სახარბიელო დასაწყისის შემდეგ, ნოემბერს "მანჩესტერი" მოულოდნელი შენაძენით შეხვდა, "ლიდსიდან" "იუნაიტედში" ერიკ კანტონა გადავიდა. ფრანგი ფეხბურთელის ზღაპრული თამაში უკანასკნელი დეტალი აღმოჩნდა ფერგიუსონის მანქანაში, რომელიც ამიერიდან გამარჯვებების გამარჯვებებზე მოპოვებას შეუდგა, და საბოლოოდ ამ სეზონშივე მოხდა ის, რასაც გულშემატკივარი 26 წელი ელოდა, "მანიუ" ინგლისის ჩემპიონი გახდა!
1993/94 წლების სეზონში ფერგიუსონი მეორე უმნიშვნელოვანეს შენაძენს აკეთებს და "კრისტალ პალასიდან" იმ დროისთვის საკმაოდ სერიოზული თანხის, 3.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გუნდში როი კინი გადმოჰყავს, ამ ნაბიჯმა "იუნაიტედი" საბოლოოდ აქცია ინგლისური ფეხბურთის ლიდერად, რადგან ფერგიუსონის გუნდმა თავისი პირველი "დუბლის" შესრულება შეძლო, გაასწრო "ბლექბერნს" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და გაანადგურა "ჩელსი" ინგლისის თასის ფინალში, ანგარიშით 4:0. შემდეგ სეზონში კვლავ "ბლექბერნის" ჯერი დადგა, მათ "წითელ ეშმაკებს" სამაგიერო გადაუხადეს და ფერგიუსონი და კამპანია ტიტულების გარეშე დატოვეს. მაგრამ მანკუნიანელებმა სწარაფად დაივიწყეს წარუმატებლობა და 1996 წელს კიდევ ერთი "დუბლის" გაკეთება შეძლეს, დააკლდათ რა სულ ერთი ნაბიჯი ლიგის თასის მოგებამდე, რაც "დუბლს" "ტრებლათ" აქცევდა.
მწვრთნელის მიერ "ფერგის ახალგარზდების" წარდგენა, და დევიდ ბექჰემის, ძმები ნევილების, პოლ სქოულზის, ნიკი ბატისა და რაინ გიგზის შემადგენლობაში ჩართვა, გამოცდილი მოთამაშეების მაგივრად, ამ წლების მთავარი მოულოდნელობა გახდა, მარკ ჰიუზი, პოლ ინსი, ანდრეი კანჩელსკისი და გუნდიდან წავიდნენ. სეზონის პირველ მატჩში დამარცხებას კომენტატორ ალან ჰენსენი საქვეყნოდ ცნობილი კომენტარი მოჰყვა, "ამ, ბავშვებით თქვენ ვერაფერს მოიგებთ!", მაგრამ ეს სიტყვები მას რამდენჯერმა გაახსენეს, როცა "იუნაიტედმა" გუნდების ერთმანეთის მიყოლებით დამარცხება დაიწყო, და ჩემპიონობა "ნიუკასლთან" 14 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შემდეგ მოიპოვეს.
უკანასკნელ 5 სეზონში მეოთხე საჩემპიონო ტიტული, რომელიც გუნდმა 1997 წელს მოიპოვა და მუდმივი მონაწილეობა ევროასპარეზზე ვერაფრით აკმაყოფილებდა ფერგიუსონის ამბიციას, რომლის გახმოვანებასაც იგი არასოდეს ერიდებოდა, მოეგო ევროპის ჩემპიონთა თასი.
"წითელმა ეშმაკებმა" ერთხელ უკვე მიაღწიეს ამ ტურნირის ნახევარფინალს, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსიასთან" დამარცხდნენ, შემდეგ სეზონში იგივე უკვე "მონაკომ" გააკეთა, საშინაო ასპარეზზე კი ორივე ტიტული არსენ ვენგერს და მის "მეთოფეებს" დარჩათ.
წარუმატებლობამ ფერგიუსონს გადააწყვეტინა რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდებოდა, რაზეც 23 მილიონი ფუნტი დაიხარჯა, გუნდში კი მცველ იაფ სტამი და თავდამხმელი დუაიტ იორკი მოვიდნენ, 1999 წელს, თავის პირველ "მანჩესტერულ" სეზონში დუაიტ იორკისა და ენდი კოულის დუეტი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ იქცა, "იუნაიტედმა" კი არნახულ წარმატებას მიაღწია, მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის თასი და პირველად ბოლო 30 წლის მანძილზე, ჩემპიონთა თასის მფლობელის ტიტული.

ბარსელონაში გამართული ფინალური მატჩი მიუნხენის "ბაიერნს" მიჰყავდა, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე სუპერ-სათადარიგოებად წოდებულმა ტედი შერინგემმა და ოლე გუნარ სოლსკიაერმა ფერგიუსონის გუნდი ევროპის ჩემპიონები გახადეს, თავად შოტლანდიელს კი ბრიტანული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის სამეფო კარის ტიტული გადაეცა და იმ დღიდან სერ ალექს ფერგიუსონად იწოდება.
მომდევნო სეზონში ფერგიუსონმა განაცხადა, რომ 2002 წელს წავიდოდა დაკავებული პოსტიდან, მნიშვნელოვანი ფაქტი კი, რომელიც ამ წელს უკავშირდება ინგლისის თასზე მონაწილეობაზე უარის თქმა გახლავთ, მიზეზად ბრაზილიაში გასამართი ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი დასახელდა.
ბრაზილური მზის ქვეშ "იუნაიტედმა" არცთუ დამაჯერებლად ისპარეზა, მაგრამ ეს წარუმატებლობა ფერგიუსონის გუნდისთვის კატალიზატორად იქცა, 2000 წელს მან კვლავ მოიგო ჩემპიონატი, უახლოეს მდევარ "არსენალს" კი 18 ქულით გაასწრო.
2000/01 წლების სეზონი "იუნაიტედისთვის" კვლავ საჩემპონო გამოდგა, ყველაფერი კვლავ ტურნირის დამთავრებამდე გაირკვა, აპრილის შუაწელში ფერგიუსონი უკვე იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც სამი საჩემპიონო ტიტული მოიგო ზედიზედ და ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპეციალისტი გახდა.
"ოლდ ტრაფორდზე" თავისი უკანასკნელი სეზონისთვის მოსამზადებლად ფერგიუსონმა თითქმის 50 მილიონი ფუნტი დახარჯა რუუდ ვან ნისტელროის და ხუან სებასტიან ვერონის ტრანსფერებში, მაგრამ ამ ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა "არსენალს" მოეგო ჩემპიონობა და "იუნაიტედის" წარმატებული სერია შეეწყვიტა.
ევროპულ ასპარეზზე "მანჩესტერმა" ვერცერთი ნახევარფინალური მატჩის მოგება ვერ შეძლო ლევერკუზენის "ბაიერთან", რამაც ფერგიუსონს სამწვრთნელო კარიერის ტრიუმფით დასრულების საშუალება არ მისცა, მითუმეტეს, რომ ფინალი მისთვის მშობლიურ გლაზგოში უნდა გამართულიყო. "მანჩესტერმა" ყველასთვის მოულოდნელად სეზონი ტიტულების გარეშე დასრულა.
წარუმატებლობამ ფერგიუსონს პენსიაზე გასვლა გადააფიქრებინა, და კლუბთან ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ასისტენტად კი პორტუგალიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი კარლუშ კეირუში მოიწვია, გარდა ამისა დაამხო ინგლისის სატრანსფერო რეკორდი და 2003 წელს "ლიდსის" მცველი რიო ფერდინანდი გადაიბირა.
სწორედ ამ წელს ჩემპიონთა ლიგის საფინალო შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე უნდა გამართულიყო, "იუნაიტედი" ფერგიუსონთან ერთად ევროპული დიდების კვარცხლებგზე კიდევ ერთხელ ასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მეოთხედფინალში მადრიდის "რეალთან" ორი მატჩის ჯამში 5-6 წაგებულმა დაპირისპირებამ ისინი ტურნირის მიღმა დატოვა.
ამ სეზონმა გუნდში ძირეული გარდატეხა მოიტანა, თუმცა ხმები უფრო სერიოზული იყო, ყველა გაზეთი დევიდ ბექჰემის "რეალში" და რაიან გიგზის "ინტერში" ტრანსფერებით აპელირებდა, სპეკულაციები არ წყდებოდა ფაბიენ ბარტეზისა და ხუან სებასტიან ვერონის შესახებ.
ინგლისში "წითელმა ეშმაკებმა" ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე შეძლეს "მეთოფეების" 9 ქულიანი უპირატესობის გაბათილება და უკანასკნელ 11 წელიწადში მე-8 საჩემპიონო ტიტული მოიპოვეს.

2003 წლის ზაფხულში კი მოხდა ის, რაზეც ამდენ ხანს საუბრობდნენ, ბექჰემი მადრიდის "რეალში" გადავიდა, ვერონი "ჩელსიში", ფაბიენ ბარტეზი კი თავისუფალი აგენტის სტატუსით "მარსელში" დაბრუნდა. გუნდში ამერიკელი მეკარე ტინ ჰოვარდი და პორტუგალიური "სპორტინგის" ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო მოვიდნენ, მათ გარდა იყვენენ ისეთებიც, რომლებმაც გაცემული ავანსები ვერ გაამართლეს, დევიდ ბელიონი, ერიკ ჯემბა-ჯემბა და მსოფლიო ჩემპიონი - კლებერსონი". "არსენალმა" 2003-04 წლების სეზონი მარცხის გარეშე განვლო და ჩემპიონის წოდება დაიბრუნა, "მანჩესტერისთვის" კი სეზონი უიღბლო გამოდგა. სექტემბერში რიო ფერდინანდმა დოპინგ ტესტი გააცდინა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ალექს ფერგიუსონმა მის დასაცავად ყველაფერი გააკეთეს, რიომ რვა თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ერთადერთი წარმატება, რომელსაც "ეშმაკებმა" ამ სეზონში მიაღწიეს ინგლისის თასის ფინალი აღმოჩნდა, რომელშიც მათ "მილოული" დაამარცხეს 3:0, ევროპაში კი ჟოზე მაურინიომ პირველად გააჟღერა თავისი სახელი, მოუგო რა "მანჩესტერს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.
ეს არასახარბიელო ტენდენცია შემდეგ სეზონშიც გაგრძელდა, გუნდში "ევერტონის" თავდამსხმელის უეინ რუნის მოსვლის და "ლიდსის" ვარსკვლავის, ალან სმიტის გადმობირების მიუხედავად ფერგიუსონის გუნდმა ჩემპიონატში მხოლოდ 58 გოლის გატანა შეძლო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოდგა 1991 წლის შემდეგ. ამის ძირითად მიზეზად რუუდ ვან ნისტელროის ხანგრძლივი ტრავმა დასახელდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა, გუნდმა დაკარგა შეტევითი პოტენციალი. ჩემპიონობაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, სეზონში 16 მოუგებელი მატჩი ამ მიზნისთვის ძალიან ბევრი აღმოჩნდა.
"იუნაიტედისგან" განსხვავებით "ჩელსი". რომლის სათავეშიც მილიარდერი რომან აბრამოვიჩი მოვიდა, მწვრთნელის სავარძელი კი ჟოზე მაურუნიომ ჩაიბარა, მატჩებს თითქმის არ აგებდა და საშობაოდ ფერგიუსონის გუნდის ჩამორჩენამ მთელი 9 ქულა შეადგინა. მარტის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ "მანიუ" ისევ უმედლოდ დარჩა, საბოლოოდ გუნდმა სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და "ჩელსის" 18 ქულით ჩამორჩა.
ზაფხული კლუბისთვის ხმაურიანი და დაძაბული გამოდგა, პირველ რიგში ეს აქციების საკონტროლო პაკეტის ამერიკელი მილიარდერის, მალკოლმ გლეიზერის ხელში გადასვლამ გამოიწვია, ფერგიუსონისთვის გაფორმებულმა მხოლოდ ერთწლიანმა კონტრაქტმა ახალი ჭორები ააგორა, რომლის თანახმადაც ეს სეზონი შოტლანდიელისთვის "გედის სიმღერა" უნდა გამომდგარიყო.
ზაფხულშივე გუნდმა "ფულჰემის" ჰოლანდიელი გოლკიპერი ედვინ ვან დერ სარი გადაიბირა, "პსვ" ეინდჰოვენიდან" კი კორეელი ჯი სუნგ პარკი იქნა შეძენილი. მაგრამ გუნდს, განსაკუთრებით კი მის ნახევარდაცვას ტრავმების ეპიდემია დაატყდა თავს, რამაც "ჩელსის" თავიდანვე მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა, "მიდლსბროსთან" განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ MUTV-სთან ინტერვიუში კაპიტანმა როი კინმა თანაგუნდელები, ფლეტჩერი, სმიტი, ფერდინანდი და ო'ში მონდომების არქონაში დაადანაშაულა და საქვეყნოდ განაცხადა, რომ გუნდში უდიდესი კრიზისია.
მაგრამ სწორედ ასეთ რთულ მომენტში ფერგიუსონის გუნდმა "ჩელსის" დამარცხება შეძლო, მინიმალური სხვაობით 1:0, რითაც ლონდონელების 40 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა, გადამწყვეტი გოლო დარენ ფლეტჩერმა გაიტანა, ალან სმიტი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ფერგიუსონმა კრიტიკოსებს ისევ გამოწვევა ესროლა.

2005 წლის 18 ნოემბერს ორმხრივი შეთანხმების შემდეგ კონტრაქტი გაწყვიტა და კლუბი დატოვა მრავალი წლის მანძილზე მისმა უცვლელმა კაპიტანმა და "ფერგიუსონის ერის" ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, როი კინმა. ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა საკლუბო ტელეარხისთვის მიცემული ზემოთ ნახსენები ინტერვიუს შემდეგ დაიძაბა, ბოლო წერტილი კი ერთ-ერთ ვარჯიშზე იქნა დასმული, როცა კინმა ფერგიუსონის თანაშემწე კეირუშს სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა.
ჩემპიონთა ლიგის გათამაშება უბრალოდ საშინელი აღმოჩნდა, პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში გუნდმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო, უფრო მეტიც, მეოთხე ადგილზე გავიდა და უეფას თასის გათამაშებაშიც ვერ მოხვდა.
2006 წლის იანვარში ბევრის გასაკვირად ფერგიუსონმა გლეიზერისგან თანხმობა მიიღო ორი მცველი შეეძინა, სერბი ნემანია ვიდიჩი და ფრანგი პატრის ევრა, ფერგიუსონის გუნდი უტიტულოდ მაინც არ დარჩა, ლიგის თასის ფინალში "უიგანი" დაამარცხა ანგარიშით 4:0 და ცხადი გახადა, რომ მომდევნო სეზონიდან ახალი ერა იწყებოდა. იმ სეზონშივე "ეშმაკებმა" შეძლეს "ჩელსისთან" სხვაობის შემცირება, მაგრამ ბოლო ტურებში "სანდერლენდთან" საშინაო ფრის და "სტემფორდ ბრიჯზე" სამ ბურთიანი სხვაობით დამარცხების შემდეგ სერ ალექსი იძულებული გახდა შურისძიება რამდენიმე თვით გადაედო.
ევროპაში გამოსვლას თუ არ ჩავთვლით, გუნდი მაინც იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ბევრი ელოდა სეზონის დასაწყისში, როგორც წინა წლებში უკვე არაერთხეკ დადასტურდა, წარუმატებლობის ამ ეტაპზე პასუხისმგებლობას კვლავ ფერგიუსონი იღებს თავზე და ცდილობს გუნდი გამარჯვებების გზაზე დააყენოს, ეს უკვე მისი, როგორც "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მესამე თაობაა ფეხბურთელებისა, ახალგზრდების და რამდენიმე ვეტერანის იმედისმომცემი ნაზავი. ზაფხულში, 2006/07 სეზონის წინ ფერგიუსონის ერთადერთი შენაძენი მაიქლ ქერიქი გახლდათ, რაც ბევრმა არასწორ ნაბიჯად ჩათვალა, მითუმეტეს, რომ "ჩელსიმ" შევჩენკოსა და ბალაკის ტრანსფერებში 67 მილიონი ფუნტი დახარჯა.
სეზონი "იუნაიტემა" პრემიერლიგაში გამოსვლის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე კარგად დაიწყო, პრაქტიკულად პირველივე ტურიდან მოიპოვა ლიდერობა და აიძულა მაურინიო, მდევარის როლიც გამოეცადა. პირველი 17 შეხვედრიდან ფერგიუსონის გუნდმა 14 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და რაც მთავარია ყველაზე გამართული ფეხბურთი აჩვენა უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე.
გუნდისთვის დიდი პლიუსი გამოდგა ტრავმის შემდეგ მოედანზე პოლ სქოულზის დაბრუნებაც, რომლის მოქმედების უსასრულო დიაპაზონმა და უზუსტესმა პასებმა "იუნაიტედს" შეტევითი ფეხბურთის დემონსტრირების საშუალება მისცა, ვეტერანმა სქოულზმა ბრწყინვალე ტანდემი შექმნა გუნდის ახალწვეულთან, მაქილ ქერიქთან, კრისტიანო რონალდო კი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სულ კი სეზონში 23 გოლი გაიტანა და მთელი ევროპა კიდევ ერთხელ აალაპარაკა, დაიხვეწა დაცვაში თამაშიც, რიო ფერდინანდისა და ვიდიჩის ბრწყინვალე დუეტს პატრის ევრას შესანიშნავი თამაშიც დაერთო თან, რამაც 2006 წლის მიწურულს "იუნაიტედს" "ჩელსისთან" 6 ქულიანი ფორის მოპოვების საშუალება მისცა. გუნდი სტაბილურად თამაშობდა და საკმაოდ ბევრი გოლი გაჰქონდა, "ენფილდზე" 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ "იუნაიტედს" ერთი ნაბიჯიღა აკლდა ტიტულამდე, მაგრამ "ჩელსი" ადვილად დანებებას არ აპირებდა.
ევროპაში "წითლებმა" განსაკუთრებული ყურადღება საშინაო მატჩებს დაუთმეს და მეოთხედფინალაში გავიდნენ, წარმატებით გამოდიოდნენ ინგლისის თასზეც, რამაც ყველა კვლავ მოსალოდნელ "ტრებლზე" აალაპარაკა, ჩემპიონთა ლიგაში "რომასთან" 7:1 მოგებულმა მატჩმა ეს მოლოდინი კიდევ უფრო გაამყარა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე "მილანთან" დაპირისპირება ფერგიუსონისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ინგლისში 3:2 გამარჯვებას "სან-სიროზე" 0:3 განადგურება მოჰყვა და გუნდი ფინალის მიღმა დარჩა.

მაგრამ ოთხი დღის შემდეგ ეს მარცხი ყველამ დაივიწყა, რადგან 2007 წლის 6 მაისს "იუანიტედი" ინგლისის ჩემპიონი გახდა. ფერგიუსონმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა კრიტიკოსებს, რომ ცდებოდნენ, როცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მას უკვე ასაკოვანს და "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელისთვის შეუფერებელს ეძახდნენ, "მანჩესტერმა" ინგლისში ჩვეული ადგილი დაიკავა!
"ჩელსიმ" თასის ფინალში 1:0 დაამარცხა "მანჩესტერი", მაგრამ ეს თითქმის არავის აღუქვია სერიოზულად, იმით, რომ მან აზრი დაუკარგა აბრამოვიჩის დახარჯულ მილიონებს და აჯობა მაურინიოს ძალიან ძლიერ გუნდს, ფერგიუსონმა კარიერის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია, ეს სანახაობრივი ფეხბურთის გამარჯვება იყო. ალბათ პირველად მოხდა, რომ ნეიტრალური გულშემატკივრები "იუნაიტედის" მხარეს იყვნენ საჩემპიონო რბოლაში. პრემიერლიგის კიდევ ერთმა ოქრომ ყველას დაანახა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებით დაიწყო ახალი გუნდის მშენებლონა, უცვლელი რეჟისორის, ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით!
2007 წლის ზაფხულში შოტლანდიელმა მწვრთნელმა ორი ახალგაზრდა ნახევარმცველი, ნანი და ანდერსონი და "ვესტ ჰემის" ფორვარდი იყიდა, თუმცა ამ უკანასკნელის სატრანსფერო ფურცელში არენდა ჩაიწერა, ორი წლის ვადით. გუნდმა ასევე წერტილი დაუსვა საგას ოუენ ჰარგრეივსთან დაკავშირებით და ინგლისელი ნახევარმცველი "მანიუს" საკუთრება გახდა, შემადგენლობის მნიშვნელოვანი გაძლიერების მიუხედავად ფერგიუსონის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, ერთი ქულა საწყის სამ მატჩში, თუმცა ამის შემდეგ იყო სამი გამარჯვება ერთნაირი ანგარიშით 1:0 და რვა დიდი ანგარიშით მოგებული მატჩი.
"ჩელსიმ" გუნდიდან ჟოზე მაურინიო გაუშვა და ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ ტიტულისთვის მხოლოდ "მანიუ" და "არსენალი" იბრძოლებდნენ, ფერგიუსონის ძველი კონკურენტის, არსენ ვენგერის გუნდიც მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, მაინც შესანიშნავ თამაშს აჩვენებდა.
ევროპულ აპსარეზზე "წითლებმა" კვლავ საკუთარ მოედანზე შესანიშნავი თამაშის წყალობით ახერხებდნენ წარმატების მიღწევას, დეკემბერში "ეშმაკებმა" საჩემპიონო რბოლას "ლივერპული" ჩამოაშორეს, მოუგეს რა "ენფილდზე" 1:0, ამ გამარჯვებას "სანდერლენდის" 4:0 და "ნიუკასლის" 6:0 განადგურება მოჰყვა, მიუხედავად ამისა, "არსენალი" დევნას განაგრძობდა, თანაც საკმაოდ წარმატებულად, ხოლო ყველასთვის შოკისმომგვრელმა მარცხმა, რომელიც "მანჩესტერმა" მიუნხენური ტრაგედიის წლისთავზე საკუთარ მოედანზე "სიტისგან" განიცადა, "კანონირებს" ხუთი ქულით დაწინაურების საშუალება მისცა.
თუმცა მოხდა ისე, რომ ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართა და ფერგიუსონმა ვენგერს 4:0 მოუგო, ასე შეაფასა ეს გამარჯვება პრესამ, ჩემპიონატში კი "არსენალმა" თავდაჯერებულობა დაკარგა და სათასო მარცხს პრემიერლიგური ფრეების სერია მიაყოლა, ფერგიუსონის გუნდმა კი პირიქით, თამაში იპოვა და სულ მალე 3 ქულას სატურნირო ცხრილის სათავეში უკვე "მანჩესტერი" იგებდა. კრისტიანო რონალდომ ნახევარმცველისთვის აქამდე არნახულ სიმაღლეს მიაღწია,2 ბურთით გააუმჯობესა რა ჯორჯ ბესტის რეკორდი, რომელიც სეზონში 40 გატანილ გოლს ითვლიდა.

ამასობაში ბატალიები ჩემპიონთა ლიგაშიც განახლდა, კარლოს ტევესის მნიშვნელოვანმა გოლმა "ლიონთან" გასვლით მატჩში "იუნაიტედს" საჭირო ფრე მოუტანა, რასაც

საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით გამარჯვება იყო, შემდეგ კიდევ ერთი წარმატებული დაპირისპირება და ნახევარფინალის საგზური, სადაც "მანიუს" წინ "ბარსელონა" უნდა წამდგარიყო. მარტის ბოლოს "ეშმაკებმა" "ლივერპული" გააცამტვერეს, 3:0 და ყველასთვის ნათელი გახადეს, რომ არც ამ სეზონში აპირებდნენ ტიტულის დათმობას, 13 აპრილს ოლდ ტრაფორდზე მანკუნიანელებმა გაშვებული გოლის მიუხედავად "არსენალის" დამარცხებაც შეძლეს (2:1), მაგრამ ამ პერიოდში ყველასთვის მოულოდნელად ცხადად გამოჩნდა, აბრაამ გრანტის ამბიციებიც, რომელიც ჩამოწერას არ შეურიგდა, "არსენალის" არაერთი წაფორთხლებით ისარგებლა და "იუნაიტედს" კვალში ჩაუდგა. რომ არა "ბლექბერნთან" მატჩის 88 წუთზე კარლოს ტევესის მიერ გატანილი გოლი, თეორიულად "ჩელსის" შეეძლო კიდევ გაესწრო "მანჩესტერისთვის", მითუმეტეს რომ ლონდონის შეხვედრა ჯერ კიდევ წინ იყო.
"წითლები" "ჩელსის" ბურთების სხვაობით შესამჩნევად ჯობდნენ, ამიტომ მხოლოდ ამ მატჩში წაგების შემთხვევაშიც კი ჩემპიონის ტიტული მათ რჩებოდათ. სწორედ ამიტომ ფერგიუსონმა "ჩელსისთან" მატჩის წინ შემადგენლობა გადაახალისა, რადგან გუნდს რამდენიმე დღეში "ბარსელონა" და ლიგის ნახევარფინალი ელოდა, პირველ მატჩში "მანიუმ" კატალონიაში ფრედ 0-0 ითამაშა, "ჩელსისთან" შეხვედრა 2-1 წააგო, თუმცა ამაზე დიდად არც არავის უნერვიულია, რადგან ზუსტად 4 დღეში პოლ სქოულზის ერთადერთი გოლის წყალობით "ბარსელონა" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, პირველად "ნოუკ - კამპური" ტრიუმფის შემდეგ. ფინალში სადაც უკვე თითქმის მუდმივ მეტოქედ ქცეული "ჩელსი" ელოდა. მოსკოვის საგზურის მოპოვების შემდეგ ფერგიუსონმა აქცენტის პრემიერლიგაზე გადატანა შეძლო, საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემის" 4-1 განადგურების შემდეგ გუნდს ჩემპიონატის უკანასკნელი მატჩი ელოდა, სტუმრად "უიგანის" წინააღმდეგ. "იუნაიტედმა" 2-0 გაიმარჯვა და სერ ალექსმა ერთ-ერთი გოლის ავტორ რაიან გიგზთან ერთად თავისი მე-10 საჩემპიონო ტიტული მოიგო.

ათი დღის შემდეგ კი უკვე ათლწეულის უმნიშვნელოვანესი მატჩის დრო დადგა, მოსკოვის "ლუჟნიკებზე" გამართული დაძაბული შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა, გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა და ფეხბურთელებს საფეხბურთო ლატარეის გათამაშება მოუხდათ. კრისტიანო რონალდომ, სეზონის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა, ფინალში ერთადერთი გოლის ავტორმა თერთმეტრიანის გატანა ვერ შეძლო, ჯონ ტერის შეეძლო გამარჯვება მოეტანა "ლურჯებისთვის" მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი ფსიქოლოგიური უპირატესობის ქვეშ "მანიუმ" შეძლო მეტი სიზუსტის გამოჩენა, ვან დერ სარმა ნიკოლა ანელკას აუღო დარტყმა და ალექს ფერგიუსონის მეთაურობით გუნდმა მეორე ჩემპონთა ლიგა მოიგო.
დიდი ხნის განმავლობაში ფერგიუსონს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ევროპულ ასპარეზზე მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, და რომ ის არ შეიძლებოდა დიდ მწვრთნელად ჩათვლილიყო, მოსკოვში გამარჯვებით მან უკვე მერამდენედ გააჩუმა კრისტიკოსები, ალბათ სამუდამოდ. ამ ტიტულმა ის ისეთი საფეხბურთო მწვრთნელების მაღლა დააყენა როგორებიც კაპელო, ლიპი, ტრაპატონი, ვან გაალი, ჰიდინკი, მაურინიო და ბენიტესი არიან, წინ კი უამრავი ახალი გამარჯვებაა!


ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top