კარინგტონ ცენტრი - ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედის" თანამედროვე სავარჯიშო ბაზა, რომელმაც კლიფის ძველი ბაზა 2001 წელს შეცვალა. მდებარეობს კარინგტონში, "ოლდ ტრაფორდის" დასავლეთით 6 მილში, მანჩესტერის გარეუბნის სიღრმეში. მშენებლობა 70 აკრის ფართობს იჭერს და სხვადასხვა ზომის 14 მოედნით იწონებს თავს. კომპლექსის შიგნით მდებარეობს სავარჯიშო და აღდგენითი ბაზები, ფიზიოთერაპიები, მასაჟის ოთახები, სამკურნალო და ჰიდროთერაპიული აუზები.
ბაზაზე ასევე მდებარეობს საკალათბურთო და სკვოშის მოედნები, საუნა, აბანო, ათლეტური მომზადების დარბაზი, ფეხბურთელებსა და მომსახურე პერსონალზე გათვლილი რესტორანი, საკონფერენციო დაბრაზები, ოფისები და კლასები. არსებობს სპეციალური ოთახიც კი, სადაც MUTV ფეხბურთელებისგან ინტერვიუს იღებს. პრესამ ბაზა "კარინგტონის ციხე-სიმაგრედ" მონათლა, რადგან მთელი ტერიტორია 2.4 კმ. სიგრძის ღობით არის შემოსაზღვრული და დარგულია 300 ათასი ხე, რომელიც ცნობისმოყვარე პრესისა და ჯაშუშების თვალისგან ყველაფერს მალავს. 2003 წელს "მანჩესტერ სიტიმაც" ააშენა სავარჯიშო ბაზა... კარინგტონში, "იუნაიტედის" ბაზის მახლობლად.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი სავარჯიშო ბაზა ადრე კლიფი იყო, რომელიც სალფორდში მდინარე ირველის სანაპიროზე მდებარეობდა. იქ არის ღია მოედანი, დახურული მოედანი, ათლეტური მომზადების დარბაზი, სავარჯიშო დარბაზი, სპორტული ჰოლი და სერიოზული ტრავმების სამკურნალო აღჭურვილობა. კარინგტონ ცენტრით ეს ბაზა შეცვალეს, მაგრამ კლიფი აკადემიისა და ახალგაზრდული გუნდების სათამაშოდ ჯერ კიდევ გამოიყენება.
© MANUTD.GE 2012