თბილისი:
მანჩესტერი:
ოლდ ტრაფორდი
"ოცნებებების თეატრი"

თუ ამ სიტყვებს კითხულობთ, ორი აზრი არაა - თქვენ გიყვართ სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი. და თუ იმის საშუალებაც გაქვთ, დროგამოშვებით უცხოეთს მიაშუროთ (მაგალითად, ინგლისს) და ფეხბურთის სამშობლოში ამ ულამაზეს თამაშს უშუალოდ სტადიონიდან უცქიროთ, გამოდის, რომ ძალიან გაგიმართლათ.
კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტადიონზე გამეფებული ატმოსფეროთი მაქსიმალურად ისიამოვნებთ, თუ მანჩესტერის "ოლდ ტრაფორდს" მიაკითხავთ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის სარბიელს, რომელიც კვირაში ორჯერ რვა ათეულ ათასამდე გულშემატკივარს უყრის თავს და კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ფეხბურთი სპორტის საუკეთესო სახეობაა.

მანჩესტერში ჩასული, ტაქსზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისია 236-ე ნომრით მოძრავ ავტობუსში ახვიდეთ - რამდენიმე წუთში უმალ სტადიონთან გაჩნდებით. იგივე მოხდება, 252-257 ნომრით მოძრავი ავტობუსებით თუ ისარგებლებთ. რაც შეეხება მეტროს, ოლტრინგემ-ეკლსის ხაზზე ორი გაჩერებაა - იქსჩეინჯი და სოლფორდი, ორივე მათგანზე შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ და დაახლოებით ხუთწუთიანი გასეირნების შემდეგ "ოლდ ტრაფორდს" მიადგებით.
სტადიონი გულშემატკივრებს იმ დღეებშიც მასპინძლობს, როცა თამაშისგან თავისუფალია: ქომაგები "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ სავაჭრო ცენტრს სტუმრობენ, ათვალიერებენ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის მუზეუმს ან უბრალოდ, "ოლდ ტრაფორდზე" განთავსებულ რამდენიმე რესტორანში ერთობიან. აქვე გეტყვით, რომ თუ ალკოჰოლური სასმელის მოტრფიალე ბრძანდებით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მატჩის დღეებში სტადიონზე მხოლოდ გამაგრილებელი სასმელით თუ მოიკლავთ წყურვილს. სანამ "ოლდ ტრაფორდის" ისტორიას შეგახსენებთ, გეტყვით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სავაჭრო ცენტრი, რომელიც სტადიონზე მდებარეობს და ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი გირვანქის მოგებას აძლევს გუნდს. ასევე სტადიონზეა განთავსებული ყოველთვიური საკლუბო გამოცემის რედაქცია, სადაც სამატჩო პროგრამებიც მზადდება. ცნობისათვის: "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ ჩინეთში საკლუბო ჟურნალის 2 მილიონ ეგზემპლარს ყიდის! და თუ რა შემოსავალზეა საუბარი, ამის წარმოდგენა თქვენთვის მოგვინდვია...
"ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" 1910 წლიდან თამაშობს, ერთი ეგაა, 1941-1949 წლებში საშინაო მატჩებისთვის ქალაქის მეორე სარბიელს, უპირველესი მეტოქის "მანჩესტერ სიტის" სტადიონ, "მეინ როუდს" იყენებდა. ეს იმით გახლდათ გამოწვეული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მიწასთან გაასწორა...
სარბიელის აგება კლუბის ერთ-ერთ თავმჯდომარეს, ჯონ ჰენრი დევისს უკავშირდება, რომელიც XX საუკუნის პირველ წლებში ხელმძღვანელობდა გუნდს. 1908 წელს მანჩესტერელებმა პირველი დივიზიონი და სუპერთასი მოიგეს და დევისმაც სამართლიანად ჩათვალა, რომ ასეთ გუნდს საკუთარი სტადიონი უნდა ჰქონოდა.
60 ათასი გირვანქა: კლუბის ხელმძღვანელთა მიერ გამოყოფილი თანხით სტადიონისთვის მიწა შეიძინეს და სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდა. თავდაპირველი გეგმით, არენას 100 ათასი გულშემატკივრისთვის უნდა ემასპინძლა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა - დევისს დამატებით 30 ათასი გირვანქის დახარჯვა მოუწია და სტადიონის ტევადობაც გათვალისწინებულზე ნაკლები გამოდგა - "მხოლოდ" 80 ათასი.
1909 წლის პირველ ნახევარში დაწყებული მშენებლობა წლის მიწურულს დასრულდა, 1910 წლის 9 თებერვალს კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა - სტუმრებმა 4:3 გაიმარჯვეს. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც იმ თამაშს აშუქებდა, მანჩესტერის გაზეთ "ივნინგ ნიუსში" "ოლდ ტრაფორდის" ქებაში დაიხარჯა: "ინგლისში ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი სტადიონი მეორე არ არის. გუნდი, რომელიც ასეთ სარბიელზე თამაშობას, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვისაა "განწირული"...

"ოლდ ტრაფორდი" 1910 წელს

სანამ "უემბლი" აიგებოდა (1923 წელს), ინგლისის ასოციაციის თასის გათამაშების ფინალები სხვადასხვა სტადიონებზე იმართებოდა, მათ შორის "ოლდ ტრაფორდზეც": 1911 წელს "ბრედფორდ სიტიმ" "ნიუკასლ იუნაიტედი" 1:0 სწორედ მანჩესტერში დაამარცხა ჯიმი სპეირსის გოლით, 1915 წელს კი "შეფილდ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსის" 3:0 სძლია...
მეორე მსოფლიო ომამდე, სანამ სტადიონის ძირეული რეკონსტრუქცია დაიწყებოდა, ყველაზე მეტი - 70.504 მაყურებელი, "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშს 1920 წლის 27 დეკემბერს დაესწრო. მასპინძლები ბირმინგემის "ასტონ ვილასთან" 1:3 დამარცხდნენ.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: "ოლდ ტრაფორდმა" ყველაზე მეტ მაყურებელს - 76.962, 1939 წლის 25 მარტს უმასპინძლა. "ვულვერჰემპტონ უონდერერზი" ასოციაციის თასის ნახევარფინალში "გრიმსბი თაუნს" დაუპირისპირდა...
მეორე მსოფლიო ომმა სხვა ღირშესანიშნავი ნაგებობების კვალად, "ოლდ ტრაფორდიც" შეიწირა: 1941 წლის 11 მარტს სტადიონი თითქმის მთლიანად განადგურდა, განსაკუთრებით კი მთავარი, ახლანდელი სამხრეთ ტრიბუნა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მაშინდელმა თავმჯდომარემ ჯეიმს გიბსონმა მეორე მსოფლიო ომისგან მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიისგან სარბიელის აღსადგენად 17 ათასი გირვანქა მიიღო, თუმცა ამ თანხით მხოლოდ შენობის ნაწილის აღდგენა მოხერხდა.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაბომბილი სტადიონი

1941-49 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" "მეინ როუდს" იყენებდა: წელიწადში 5 ათას გირვანქას იხდიდა, პლუს, პროცენტებს საშინაო მატჩებზე მიღებული შემოსავლიდან.
1949 წლის 24 აგვისტოს "ალისფერი ეშმაკუნები" "ოლდ ტრაფორდს" დაუბრუნდნენ: "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბოლტონ უონდერერზი" 3:0 გაანადგურა. იმ თამაშს 41.748 მაყურებელი დაესწრო.
1951 წლიდან რეკონსტრუქციის ხელახალი ტალღა იწყება: თავდაპირველად მთავარი ტრიბუნა გადაიხურა; 1957 წელს განათება დამონტაჟდა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" 40 ათასი გირვანქა დაუჯდა - 25 მარტს, "ბოლტონ უონდერერზის" წიმააღმდეგ კლუბმა პირველად ითამაშა ღამით; 1965 წელს ძველი სახურავი ახლით შეიცვალა...
1970 წელს "ოლდ ტრაფორდმა" მესამედ და დღემდე ბოლოჯერ უმასპინძლა ასოციაციის თასის ფინალს: ლონდონის "ჩელსიმ" 62.078 ათასი გულშემატკივრის თვალწინ "ლიდს იუნაიტედს" 2:1 სძლია...
70-იანი წლების დასაწყისიდან ქომაგების აგრესიულობა თვალშისაცემი გახდა, მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთ საშინაო მატჩზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფან-კლუბის - "წითელი არმია" - ერთ-ერთმა წევრმა სტუმართა გუნდის ქომაგი დანით დაჭრა, კლუბის ხელმძღვანელობამ გადამჭრელი ზომები მიიღო: მინდორსა და ტრიბუნებს შორის რკინის ბადე აღმართა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში !
80-იანი წლების შუიდან, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მოთხოვნით, კლუბებმა სტადიონების ინდივიდუალური სკამებით კეთილმოწყობა დაიწყეს. დასადგომი ტრიბუნები ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა, რამაც ტევადობის შემცირება გამოიწვია. მაგალითად "ოლდ ტრაფორდის" ტევადობა 44 ათასამდე დაეცა, ეს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო კლუბის არსებობის მანძილზე...
1990 წლიდან მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბის სტადიონის ისტორიაში ახალი თავი იწყება: ტევადობა ნელ-ნელა იზრდება, ნაგებობა კი მშვენდება, ჯერ-ჯერობით ბოლო რეკონსტრუქცია 2006 წლის გაზაფხულზე დასრულდა, რის შემდეგაც "ოლდ ტრაფორდის" ტევადობა 76.212-მდე გაიზარდა. ცნობისათვის: "უემბლის" შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის არენა უდიდესია ინგლისში.
2007 წლის 31 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგაში "ბლექბერნ როვერსს" 4:1 სძლია, ამ თამაშს 76.098 გულშემატკივარი დაესწრო. ეს არათუ "ოლდ ტრაფორდის", ზოგადად, ინგლისის პრემიერლიგის უმაღლესი მაჩვენებელია. რეკორდი ვახსენეთ და რამდენიმე საინტერესო მიღწევაზეც ვთქვათ: 2006-07 წლების სეზონში საშუალო დასწრება 75.826 იყო. ეს საუკეთესო მაჩვენებელია. შედარებისთვის, 1930-31 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშს საშუალოდ 11.685 მაყურებელი ესწრებოდა - უცუდესი ციფრი გუნდის ისტორიაში. 2007-08 წლების სეზონში, როცა კლუბმა პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ბილეთების გაყიდვით მილიონობით გირვანქა მიიღო. არაოფიციალურ მატჩებს თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე მეტი ქომაგი 2007 წლის 1 აგვისტოს, მილანის "ინტერთან" გამართულ თამაშს დაესწრო...
2008 წლის 6 თებერვალს, მიუნხენის ავიაკატასტროფის 50 წლისთავის აღსანიშნავად, "ოლდ ტრაფორდზე" სპეციალური დაფა დამონტაჟდა, სადაც ნახევარი საუკუნის წინ დაღუპულ მანჩესტერელთა სახელებია ამოტვიფრული.

იმავე წელს, 29 მაისს, ჩემპიონთა თასის პირველად მოგების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტადიონზე ლეგენდარული სამეულის, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებად აღიარებული ჯორჯ ბესტის, დენის ლოუს და ბობი ჩარლტონის ძეგლები დაიდგა...

2001-07 წლებში, სანამ "უემბლის" რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, ინგლისის ნაკრების საშინაო მატჩები სხვადასხვა სტადიონებზე იმართებოდა. ამ პერიოდში ქვეყნის პირველმა გუნდმა 23 მეტოქეს უმასპინძლა და აქედან 12-ჯერ სწორედ "ოლდ ტრაფორდზე". სხვათა შორის, უეფამ ინგლისში მხოლოდ ორ სარბიელს მიანიჭა უმაღლესი - ელიტ კატეგორია და 5 ვარსკვლავი: "უემბლის" და "ოლდ ტრაფორდს".
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელთა განცხადებით, იგეგმება სტადიონის მორიგი რეკონსტრუქცია, რასაც დაახლოებით 90-100 მილიონი გირვანქა მოხმარდება, რის შემდეგაც ტევადობა 96 ათასამდე გაიზრდება, სტადიონი კი თასის სახეს მიიღებს: სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ტრიბუნებს მეორე და მესამე იარუსები დაემატება, სამხრეთ ტრიბუნას კი მესამე. თუ ეს პროექტი განხორციელდა, "ოლდ ტრაფორდი" ინგლისის უდიდესი სარბიელი გახდება...
სხვა რა შეიძლება ითქვას ამ სტადიონის შესახებ. სხვადასხვა დროს აქ გამართეს კონცერტები ბრიუს სპრინგსტინმა, ჯონ ბოვ ჯონიმ, როდ სტიუარტმა, როკ-ჯგუფებმა "სიმფლი რედ", "ჯენეზის", "სტატუს-კვო"...
1997 წელს ინგლისის მორაგბეთა ნაკრები "ოლდ ტრაფორდზე" ახალ ზელანდიასთან 8:25 დამარცხდა. ეს მორაგბეთა დებიუტი იყო ამ სარბიელზე. წლეულს, 6 ივნისს ინგლისელმა მორაგბეებმა მეორედ შეაღეს ამ სტადიონის კარი - არგენტინელ პუმებს დაუხვდნენ...
და კიდევ, მართლაც ისტორიულმა სარბიელმა არაერთხელ უმასპინძლა საშობაო ზეიმებს, ბიზნეს-კონფერენციებს და ასე განსაჯეთ, ქორწილებსაც.
...2003 წლის 28 მაისს, ჩემპიონთა თასის გათამაშების ისტორიაში, "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ფინალში ორი იტალიური გუნდი პირველად დაუპირისპირდა ერთმანეთს - "მილანმა" ტურინის "იუვენტუსი" (ძირითადი და დამატებითი დრო - 0:0) პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა.
შავ-წითელთა შემადგენლობაში იმ დღეს შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ, რომელიც პირველი ქართველი ფეხბურთელი შეიქნა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო, ჩემპიონთა თასი რომ აღმართა.

"ოლდ ტრაფორდი" სხვადასხვა ხედებიდან


ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top