თვითმფრინავმა, რომელსაც კაპიტნები ჯეიმს თეინი და კენეტ კენ რეიმენტი მართავდნენ, ორჯერ ვერ შეძლო აფრენა და რადგან გათოვდა, კაპიტანმა მგზავრებს თვითმფრინავიდან აეროპორტში დაბრუნება სთხოვა.
მგზავრებმა გადაწყვიტეს, რომ იმ ღამით ინგლისში ვერ დაბრუნდებოდნენ და რამდენიმე მათგანმა, მათ შორის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელმა დანკან ედვარდსმა შინ ტელეგრამა გააგზავნა: "ყველა ავიარეისი გადაიდო. ხვალ მოვფრინავთ. დანკანი."
მაგრამ 15 წუთში მგზავრებს კვლავ უხმეს თვითმფრინავში და ავიალაინერიც 1,2 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ ბილის შეუყვა...
თვითმფრინავი აფრინდა, წამებში საშინელი სისწრაფით დაეშვა და ასაფრენ ბილიკს რამდენიმე ასეული მეტრით გაცდენილი, შენობას შეეჯახა და აალდა...
ავიაკატასტროფას შეეწირნენ:
მიუნხენის საშინელებას გადაურჩნენ:
ბობი ჩარლტონი მიუხენის ჰოსპიტალში
მთელი ევროპა შავ-თეთრ ტელევიზორებს უჯდა: მიუნხენიდან შემზარავ ისტორიას, ტრაგედიას გადმოსცემდნენ. ტელევიზიით კითხულობდნენ დაღუპულთა სიას. ჰოსპიტალიდან სწრაფად მოდიოდა ცნობები...
ჯიმ მერფი, მატ ბასბის თანაშემწე, რომელიც კლუბთან ერთად მხოლოდ იმიტომ არ იყო, რომ უელსის ნაკრებს ახლდა კარდიფში, მანჩესტერში 7 თებერვალს, გამთენიისას დაბრუნდა. მან იცოდა ბელგრადში გამართული მატჩის შედეგი და ისიც, რომ კლუბი "ოლდ ტრაფორდს" საღამოს მიაკითხავდა, ამიტომ ოფისში საღამოხანს მივიდა.
"ოლდ ტრაფორდი" ცარიელი დახვდა. არავინ იყო ოფისშიც. მოულოდნელი სიჩუმე იდგა. მერფის ცუდად ენიშნა ეს ყველაფერი, ერთ-ერთ კაბინეტში შევარდა და იქ მდივან გოგოს გადააწყდა. გოგოს მკვდრისფერი ედო. "თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბიჭები დაიხოცნენ..." - თქვა მან.
მერფი საკუთარ კაბინეტში ჩაიკეტა და ვისკის სმა დაიწყო...
ადგილობრივ პოლიციელთა გამოძიებამ კატასტროფაში კაპიტანი ჯეიმს თეინი დაადანაშაულა. გერმანელთა დასკვნით, პილოტს შეეძლო უამინდობის გამო რეისი გადაედო, თუმცა არ ისურვა და...
1968 წელს, ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, ბრიტანული გამოძიების დასკვნის საფუძველზე კაპიტანს ბრალდება მოეხსნა და რეაბილიტირებულ იქნა: ინგლისელებმა დაადგინეს,რომ ავიაკატასტროფა მოყინული ასაფრენი ბილიკის ბრალი იყო...
ინგლისში გლოვობდნენ. მთელი ქვეყნის ეკლესიებში მიცვალებულებს იხსენიებდნენ. სამეფო ოჯახში, ერი და ბერი, დიდი და პატარა წუხდა მომხდარის გამო...
8 თებერვალს, შაბათს, საფეხბურთო დღე იყო - ტრადიციულად, ჩემპიონატის ტური თამაშდებოდა. "ალისფერი ეშმაკუნების" გარეშე. მთელი ინგლისი თოვლმა დაფარა. თამაში საგალობლებით ჩატარდა. თვიქნემშიც კი, სადაც რაგბში ინგლისი ირლანდიას ხვდებოდა, სამოცი ათასი ქომაგი ფეხზე იდგა და ტიროდა.
დაკარგულს ვერ დააბრუნებ, ახალი უნდა ააშენო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" უფროსობა შავ დღეში იყო - აქეთ ტრაგედია და იქით კლუბი. ადმინისტრაციის დაღუპული წევრები, ძირითადის 8 ფეხბურთელი, მთავარი მწვრთნელი, რომლის სიცოცხლეც ბეწვზე ჰკიდია...
მანჩესტერს კი ათოვდა და ათოვდა...
კლუბის თავმჯდომარე ჰაროლს ჰარიმანმა თამამშრომლები შეკრიბა და თათბირი გამართა. ძნელი თათბირი იყო - გული ერთს ამბობდა, თავი მეორეს და მაინც, "მანჩესტერ იუნაიტედი" არ უნდა მომკვდარიყო. გადაწყდა, კლუბი სათადარიგო შემადგენლობას უნდა დაყრდნობოდა. ძირითადი შემადგენლობის წევრებიდან მხოლოდ მარჯვენა მცველი ბილი ფოულკსი იყო ფეხზე, კარში კი რეი ვუდის ნაცვლად ჰარი გრეგი დგებოდა.
გადაწყდა: ორი ფეხბურთელი უნდა ეყიდათ - ფრთის თავდამსხმელი ერნი ტეილორი, რომელსაც "ნიუკასლ იუნაიტედსა" და "ბლეკპულში" ასოციაციის თასი მოეგო და ბირმინგემის "ასტონ ვილას" ნახევარმცველი სტენ კროუტერი.
სანამ მატ ბასბის ბედი გაირკვეოდა, მის ადგილზე ჯიმ მერფი ინიშნებოდა, კლუბის მდივნის უოლტერ კრიკმერის ადგილს კი ლეს ოლივი იჭერდა. ცხონებული კრიკმერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთგვარი სიმბოლო იყო - 38 წელიწადი გაეტარებინა კლუბში.
გუნდი ბრძოლით, პატივითა და ღირსებით უნდა გამოსულიყო ძნელბედობიდან. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ნებართვით, "მანჩესტერ იუნაიტედმა"გამოტოვა ჩემპიონატის ორი ტური და ასპარეზობა ასოციაციის თასის მეხუთე წრეში, 19 თებერვალს, ტრაგედიიდან 13 დღის თავზე განაახლა.
"ოლდ ტრაფორდი" გადაჭედილი იყო. ხალხი ტკივილით, მანამდე გაუგონარი შეგრძნებით ელოდა გვირაბიდან ალისფერი გუნდის გამოჩენას. მოწინააღმდეგე "შეფილდ უენსდი" იყო და გუშინდელი დიდი გუნდიდან ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი კაცი, ბილი ფოულკსი იდგა, რომელსაც ახლა კაპიტნობა ებარა!
"იუნაიტედ წინ!" მაგრამ ეს თვალცრემლიანი შეძახილი იყო...
დენის ლოუ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი, 1964 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, იმხანად "ჰადერსფილდ თაუნის" წევრი: "არ იქნებოდა, ამ თამაშზე არ წავსულიყავი. ჩვენ ყველანი დრამის მონაწილენი ვიყავით. დრამისა, რომელმაც სრულიად დაიპყრო ჩვენი გულები და გონება. მანჩესტერში რომ ჩამოვედი, ბილეთები არ იყო, შავ ბაზარზე ერთი გირვანქა მივეცი და კარს უკან ვიდექი, გონებიდან ამოუშლელი თამაში იყო..."
ანდა რა იცოდა ახალბედა შეი ბრენანმა, სათადარიგო მარცხენა მცველმა, რომელმაც შეფილდელებს ორი გოლი გაუტანა, რომ თერთმეტი წლის შემდეგ ჩემპიონთა თასს დაიჭერდა ხელში, ახალი "დიდი იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებთან ერთად.
იმ ცივ და თოვლიან საღამოს კი "მანჩესტერ იუნაიტედის" გამჩერებელი არავინ იყო.
ბასბის გუნდი იმ წელიწადს ასოციაციის თასის ფინალში გავიდა და იქ "ბოლტონთან" წააგო მშვენივრად მოთამაშე ნეტ ლოფტჰაუზის ორი გოლით...
ცხადი იყო, "მანჩესტერ იუნაიტედი" დაიქცა მაგრამ... არ მომკვდარა. მატ ბასბი კვლავ საჭესთან იდგა.
იმ 19 თებერვალს გამოშვებულ სამატჩო პროგრამაში კი ასეთი სიტყვები იყო: "ისინი აღარ დაბრუნდებიან. მათ ვერაფერს დააკლებს ასაკი. ჩვენ კი ყოველ ცისმარე დღეს მოვიგონებთ საოცრებას და სიყვარულს..."
1960 წლის 25 თებერვალს, მიუნხენის ავიაკატასტროფაში დაღუპულ წევრთა ხსოვნის პატივსაცემად, სტადიონის მთავარ გვირაბში ლითონის მწვანედშეფერილი ნაჭერი დამონტაჟდა, რომელზეც ყველა გარდაცვლილის სახელი იყო ამოტვიფრული.
ნაკეთობის დამზადება კლუბს 2.100 გირვანქა დაუჯდა, საზეიმო ცერემონიალზე კი ჟურნალისტებს მატ ბასბიმაც უმასპინძლა.
იმავე დღეს, კლუბის საკონფერენციო დარბაზში კედელზე დამაგრებული ასევე ლითონის დაფის პრეზენტაცია მოეწყო - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამ ნაბიჯით უკვდავყო ის ჟურნალისტები, რომლებიც ტრაგედიისას დაიღუპნენ. მემორიალური დაფა ფრენკ ტეილორმა გახსნა...
"ოლდ ტრაფორდის" ერთ-ერთ გარე კედელზე იმავე დღეს დამონტაჟდა საათი, რომელიც იმ დროს უჩვენებს, როცა ტრაგედია დატრიალდა. საათის თავზე კატასტროფის თარიღია აღნიშნული, ქვემით კი ქალაქის სახელი - მიუნხენი.
ავიაკატასტროფას ეძღვნება გერმანიის სოფელ კირხტრუდერინგში, კაროტშტრასეს და ემპლშტრასეს კუთხეში მდებარე შენობაზე დამონტაჟებული მემორიალური დაფა, რომელზეც ტრაგედიის თარიღი და გერმანულ ენაზე შემდეგი სიტყვებია ამოტვიფრული: "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრების და ყველა იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც 1958 წლის 6 თებერვლის ავიაკატასტროფას შეეწირნენ - ტრუდენინგის მხარის ადმინისტრაცია."
2004 წლის 24 სექტემბერს მემორიალური ლითონის დაფა დამონტაჟდა მიუნხენის აეროპორტის ძველ მართვის ცენტრის შენობაზე. "მათ უკვდავსაყოფად, რომლებიც 1958 წლის 6 თებერვალს მიუნხენის ავიაკატასტროფას შეეწირნენ." ეს სიტყვები ინგლისურად და გერმანულადაა დაწერილი. იმ დღეს გამართულ ღონისძიებას ინგლისელთაგან ბობი ჩარლტონი, აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი და კლუბის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ესწრებოდნენ...
1997 წლის ზაფხულში "ოლდ ტრაფორდმა" საქველმოქმედი მატჩს უმასპინძლა: "მანჩესტერ იუნაიტედი" ფეხბურთიდან იმ ზაფხულს წასულ ერიკ კანტონას შედგენილ ევროპის ნაკრებს გაეჯიბრა. ამ შეხვედრის შემოსავალი 1958 წლის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებზე გადანაწილდა: თითოეული დაღუპული ფეხბურთელის თუ კლუბის თანამშრომლის შთამომავლებს 47 ათასი გირვანქა ხვდათ წილად.
2008 წლის 6 თებერვალს კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სამხრეთ ტრიბუნის ქვემოთ მდებარე გვირაბს "მიუნხენის გვირაბი" ეწოდა.
ოთხი დღის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა. "ოლდ ტრაფორდზე" გუნდებმა იმ მაისურის ანალოგით ითამაშეს, რომლითაც 50-იანი წლების მიწურულს ასპარეზობდნენ: მაისურებიდან კლუბის ლოგოები, ფეხბურთელთა გვარები და სპონსორების დასახელებები გაქრა. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა შავი სამკლავურით იასპარეზეს...
გარდაცვლილი "ბასბის ჩვილების" უკანასკნელი მატჩი
2011 წელს, BBC-მ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებით გადაიღო ფილმი "იუნაიტედი". ის რეალურად ასახავს ტრაგედიამდელ და მის შემდგომ პერიოდს. ფილმის ყურება სტატიაში აღწერილი სურათის წარმოდგენაში ძალიან დაგეხმარებათ.
© MANUTD.GE 2012