"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა კლუბის ახალგაზრდა თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი ლეგენდარულ რაიან გიგზს შეადარა.
ნორვეგიელი მწვრთნელის შექება 17 წლის ფეხბურთელმა უკვე დაიმსახურა "ლიდსთან" გატანილი გოლის შემდეგ და ოლემ მიმდინარე კვირაში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ არ აშინებს მეისონის შეტევაში გამწესება მნიშვნელოვან მატჩებშიც.
შაბათს კი გრინვუდმა კვლავ აალაპარაკა ხალხი თავის თავზე, ვინაიდან სწორედ მისი გოლით დაამარცხა "იუნაიტედმა" "ინტერი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის სტარტზე.
სოლსკიაერის თქმით, მეისონმა საკმარისზე მეტი გააკეთა იმისათვის, რომ პირველ გუნდში დარჩეს და იჯარით არ გაუშვან.
"არასდროს მიფიქრია იჯარით მეისონის გაშვებაზე. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენთან უნდა დავიტოვოთ და ვათამაშოთ, როცა ამის კარგი შესაძლებლობა გვაქვს. ამჟამად ის უბრალოდ შეუჩერებელია.
გიგზის ისტორიას მაგონებს. უბრალოდ ვერ გაუშვებ იჯარით. ჩემი აზრით, ამ გუნდში სათამაშოდ მზად არის.
ჯერ მხოლოდ 17 წლის არის და ყოველდღე სწავლობს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშით. ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე თვეა იმყოფება, მაგრამ ახლა უფრო თავდაჯერებულად და სტაჟიანად გრძნობს თავს.
როგორც უკვე ვთქვი, რთულია, არ გაიყვანო ფეხბურთელი მოედანზე, როცა ასე კარგად ასპარეზობს. თუმცა, არც ნიადაგი უნდა დაკარგო, ვინაიდან ის მხოლოდ 17 წლისაა და მას დაცემისა და აღმაფრენის მომენტები კვლავ ექნება. ჯერჯერობით კი სიამოვნებას იღებს საკუთარი თამაშისგან", - განაცხადა სოლსკიაერმა.