ოლე გუნარ სოლსკიაერმა პირველი მატჩი წააგო. გულშემატკივარსა და ფეხბურთელებთან ერთად ნორვეგიელიც იმედგაცრუებული და დამწუხრებულია, თუმცა პოზიტიურ განწყობას მაინც არ კარგავს და გულშემატკივარს "ჩელსისთვის" მზად ყოფნას ჰპირდება:
"ძალიან რთული საღამო იყო. პირველი ნახევარში ორივე გუნდი თანაბრად თამაშობდა. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე გუნდმა დიდი შანსები შექმნა. იყო რამდენიმე მომენტი, რომელიც საშიში ჩანდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. მეორე ტაიმი კი დიდი იმედგაცრუება იყო, რა თქმა უნდა. პირველი გოლის გაშვების შემდეგ ბიჭებმა რწმენა დაკარგეს. თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ ვეცადეთ, ენერგია, განწყობა, შესაფერისი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორი გზის პოვნა ვერ მოვახერხეთ. მეორე გოლის შემდეგ კი ყველაფერი ძალიან, ძალიან გართულდა."
"რაც შეეხება ლინგარდსა და მარსიალს, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მიზეზი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორი კარგი ფეხბურთელის დაკარგვა მარტივი არ არის. ეს ტრიო ძალიან სწრაფია და კარგ კომბინაციებსაც ქმნის. თუმცა ჩვენ ალექსისი შემოვიყვანეთ, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს. ასე რომ ამ მიზეზს თავის გასამართლებლად ვერ გამოვიყენებთ. მათ ტრავმებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. რამდენიმე დღეში შევძლებ ინფორმაციის მოწოდებას."
"რაც შეეხება პარიზში გასამართ თამაშს, მარტივ პასუხს გაგცემთ: რთული შეუძლებელს არ ნიშნავს. ჩვენ იქ ჩავალთ და ძალიან კარგად ვიცით, რომ ორი გოლის გატანა მოგვიწევს და თანაც არ უნდა გავუშვათ. მაგრამ ეს ადრე გაგვიკეთებია, ყველაფერი შემოგვიტრიალებია. რა თქმა უნდა, პსჟ ძალიან კარგი გუნდია და მეკარიდან დაწყებული ფორვარდით დამთავრებული ყველა ფეხბურთელი უმაღლესი დონისაა, მაგრამ ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და თანაც უნდა გვჯეროდეს, ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და ვცადოთ, ჩვენ იქ უნდა ჩავიდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ."
"დღევანდელი მატჩიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, კარგად უნდა შევაფასოთ რა შეცდომები დავუშვით და რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთ. პსჟ-ს დონის გუნდის წინააღმდეგ კი ასეთი გოლები არ უნდა გაუშვა, ასეთი სივრცეები არ უნდა დატოვო."
"ჩვენ წინ "ჩელსისა" და "ლივერპულთან" გასამართი მატჩები გვაქვს. ასე რომ საერთოდ არ გვაქვს მოდუნებისა და საკუთარი თავის შეცოდების დრო. "ჩელსისთვის" მზად ვიქნებით და მწუხარებას თავს არ დავამარცხებინებთ, ამაზე არ იდარდოთ."