ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გადატვირთულმა გრაფიკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "სუონსისთან" ფრედ 1-1 დასრულებულ მატჩში.
"წითლები" იძულებულნი გახდნენ, "ოლდ ტრაფორდზე" მორიგ ფრეს დასჯერებოდნენ და ოთხეულისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი მარცხი განეცადათ.
მატჩის შემდეგ იმედგაცრუებულმა მოურინიომ შემდეგ საკითხებზე ისაუბრა...
ფიზიკურმა ფორმამ გავლენა იქონია
"ჩვენ დაღლილად კი არ გამოვიყურებოდით, დაღლილები ვართ. ვინმეს თუ ჩვენი თამაშის განსჯა სურს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამას ვერ იზამ, კონტექსტიდან ამოვარდნილ თამაშს ვერ განსჯი. კონტექსტი აპრილში ჩატარებული 9 მატჩია, ეს მეცხრე იყო და ისიც 22-კაციანი გუნდით, რომელიც შემცირდა. ფეხბურთელები ძალიან, ძალიან, ძალიან დაიღალნენ. ამიტომაც არ გამოვყოფ თამაშსა და კონტექტს ერთმანეთისგან. იყვნენ თუ არა ეშლი იანგი და ჯესი ლინგარდი უფრო მწვავენი, ვიდრე სხვები? რა თქმა უნდა, იყვნენ, ბოლო მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. ძალიან რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, მაგრამ ბიჭებმა აბსოლუტურად ყველაფერი გაიღეს, ამიტომაც ძალიან ბედნიერი და ნასიამოვნები ვარ მათით. საკმაოდ ჭკვიანი და გამოცდილი ვარ იმისათვის, რომ კონტექსტიდან არ გამოვყო თამაში და ვთქვა, რომ მამაცი ბიჭები არიან, კვლავ გაიღეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ. ხუთშაბათს კვლავ ასე მოვიქცევით."
ფეხბურთელებმა ყველაფერი დათმეს
"სუონსი" მატჩში სრულად იყო ჩართული, მაგრამ გოლი მაშინ გაიტანა, როცა გამოერთო. პირველ ტაიმში მატჩს კარგად აკონტროლებდნენ და ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს თამაშობდნენ, რამდენიმე მომენტიც ჰქონდათ. მეორე ტაიმს კი ჩვენ ვაკონტროლებდით; რუნისა და მარსიალის მომენტი ნამდვილი საოცრებაა. სრულად ვაკონტროლებდით და მერე გოლი გავუშვით საჯარიმოდან, რომლის არიდებაც ოდნავ უფრო მეტი გამოცდილების გამოვლენის შემთხვევაში შეიძლებოდა. და მაინც, დაღლილი ხალხი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა, ამიტომ ხალხს შეუძლია თამაში გააკრიტიკოს, მაგრამ მე არა, მე ბედნიერი ვარ.
ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს და დაიმსახურეს. თამაშს კონტექსტისგან ვერ გამოყოფ და ეს აპრილში ჩატარებულ ცხრა მატჩში ჩანს, ბოლო შეხვედრა ხუთშაბათის დერბი იყო, ახლა კი კვირას შუადღის 12 საათზე ვითამაშეთ. შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ბიჭებით - კი."
"სელტა ვიგო"
"ჩემთვის ყოველთვის დიდი მატჩია მომდევნო მატჩი. ყველაფრით ჩავალთ, რაც გაგვაჩნია; რა თქმა უნდა, ვიხუმრე, როცა ვქვი, რომ ხუთშაბათს მეც ვითამაშებდი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ვინ თამაშობს, ისინი ყველაფერს თმობენ, ამიტომ ყოველთვის ვენდობი.
ჩვენ ყველაფერს ვთმობთ. როცა ყველაფერს თმობ, ამაზე მეტს ვერც ვერაფერს იზამ, ამიტომ ნამდვილად ყველაფერს გავიღებთ. ხუთშაბათის საღამოდან დღევანდელ დღესთან შედარებით, დღევანდელი დღიდან მომდევნო მატჩამდე ერთით მეტი დღე გვაქვს დასვენებისთვის. ასე უფრო ადამიანურია, თუკი შეიძლება ითქვას და ნამდვილად ყველაფერს გავიღებთ. მნიშვნელობა არ აქვს შედეგს ან ფინალში გასვლას, მე მართლაც ბედნიერი ვარ ამ ბიჭების ხასიათით."