ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ოთხეულისთვის ბრძოლაში მონაწილეობს, მიუხედავად "ბორნმუთთან" მატჩში დაფიქსირებული ფრისა.
"წითლები" კვლავ მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და პირველი შემთხვევა არ არის, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსს ხელიდან უშვებენ.
"რეალობა ის არის, რომ სახლში ბევრ ქულას ვკარგავთ. ეს მატჩები "ჰალის", "ბარნლის", "ბორნმუთისა" და "სტოკის" წინააღმდეგ - იგივე ხდება.
კარგად ვთამაშობთ, კარგად ვიწყებთ, ერთი შანსი პირველივე წუთზე გვექმნება, მეორე კი მესამე ან მეხუთე წუთზე. მერე მათი მეკარე თავდაჯერებულობას იძენს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხდება", - განაცხადა მოურინიომ.
"იუნაიტედი" პრემიერ ლიგას 19 მარტს დაუბრუნდება, როცა "რივერსაიდ სტედიუმზე" "მიდლსბროსთან" სათამაშოდ გავა. "დასრულდა თუ არა ოთხეულისთვის ჩვენი ბრძოლა? არა. არ დასრულებულა - მატჩებია სათამაშო, ქულები მოსაპოვებელი, ქულები დასაკარგი, ქულებისთვის საბრძოლო - მაგრამ რეალობა ის არის, რომ სახლში ძალიან ბევრ ქულას ვკარგავთ.
ჩვენ მიერ სახლში დაკარგულ ქულებს რომ გადახედოთ - მთელ იმ ფრედ დასრულებულ მატჩებს - მათ თუ შეაფასებთ, 10 ან 12 ქულას მოიაზრებთ ამაში, ამ ქულებით კი არათუ ოთხეულზე, არამედ პირველ და მეორე ადგილზე ვილაპარაკებდით ახლა."
მწვრთნელმა ხაზი გაუსვა მომენტების გამოყენების მნიშვნელობასაც, რამეთუ მისი გუნდი უახლოეს სამ მატჩში ევროპა ლიგისა და ინგლისის თასის შეხვედრებს ჩაატარებს.
"გოლები უნდა გავიტანოთ - სხვა გუნდები უფრო ნაკლები შანსის შექმნის ფონზე იტანენ გოლს. ლიგის თასის ფინალში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ხუთი შანსი გვქონდა და სამჯერ გავიტანეთ, "ბორნმუთის" წინააღმდეგ კი 10-ზე მეტი შანსი შევქმენით და ერთხელ გავიტანეთ.
შანსების შექმნისა და გოლების გაუტანლობის ძველი ამბავი ეს არის - ძველი ამბავი - მაგრამ ეს იდეალურად ერგება ჩვენს საშინაო მატჩებში ნაჩვენებ ფეხბურთს".