ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთით უკმაყოფილონი არიან.
ენტონი მარსიალის ურთიერთობა ჟოზე მოურინიოსთან კიდევ ერთხელ დაიძაბა, რისი მიზეზიც "სტოკ სიტისთან" მატჩის განაცხადში ფრანგის არ შეყვანა გახდა.
მარსიალი და მისი წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი 18-კაციანი განაცხადის მიღმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დარჩა, "მეთუნუქეებთან" მატჩის შემდეგ კი მოურინიომ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მარსიალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნება და მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა შემადგენლობაში.
2016 წლის მიწურულს მარსიალმა თითქოს აღიდგინა თავისი ფორმა, გაიტანა რა "მიდლსბროსა" და "რედინგის" კარში გოლები, მაგრამ "ლივერპულის" მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის წინააღმდეგ მისი თამაშით მოურინიო უკმაყოფილო დარჩა.
21 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში პერიფერიულ ფიგურად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო სეზონში მან 17 გოლი გაიტანა.
მარსიალი იმითაც უკმაყოფილო იყო, რომ მისი 9 ნომერი ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადასცეს, ამ მიზეზებს კი ისიც ემატება, რომ ფრანგი ცოლს გაშორდა.
გასულ თვეში ენტონის აგენტმა, ფილიპ ლემბოლიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი "სევილიაში" იჯარის წესით გადასვლით იყო დაინტერესებული, რის შემდეგაც მოურინიოსა და აგენტს შორის სიტყვიერი ორთაბრძოლა გაიმართა, რამეთუ პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ მარსიალმა მხოლოდ მწვრთნელს უნდა უსმინოს და არა თავის აგენტს.
"იუნაიტედი" არ აპირებს მარსიალის თაობაზე წინადადების განხილვას, რადგანაც მემფის დეპაიმ კლუბი უკვე დატოვა და იმავეს აპირებს ეშლი იანგიც, რის გამოც გუნდს მარცხენა ფლანგზე მოქმედი ფეხბურთელების ნაკლებობა ექნება.
წყარო:
dailymail