ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას ესაუბრა და სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.
"ოლდ ტრაფორდის" ახალწვეულის მოსვლასთან ერთად კითხვები გააჩინა არა მარტო მისმა სათამაშო სტილმა და შესაძლებლობებმა, არამედ მისი გვარის სწორად წარმოთქმამაც. შეგახსენებთ, რომ ერიკი წარმოშობით კოტ დ'ივუარელია, სადაც ოფიციალურ ენად ფრანგულია გამოცხადებული. სწორედ ფრანგულად წარმოითქმის მისი გვარი როგორც ბაიი
ერიკ ბერტრანდ ბაიი "იუნაიტედის" ფეხბურთელად წარდგენის პირველსავე დღეს მიმოიხილავს თავის ტრანსფერს და მომავალს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "მანჩესტერ იუნაიტედში", ერიკ. როგორ ჟღერს?
პირველ რიგში, მადლობა ყველას დახვედრისთვის. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს უდიდეს კლუბში ვიმყოფები. ოცნება ამიხდა. მანჩესტერში ყოფნით ბედნიერი ვარ.
ახლა მკერდზე სამკერდე ნიშანი გაქვთ, ეს თქვენთვის განსაკუთრებული რამ უნდა იყოს, არა?
ნამდვილად სასიამოვნო მომენტია. ყოველთვის ვოცნებობდი ინგლისური ფეხბურთში თამაშზე. როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მომმართა, ორჯერ არც კი დავფიქრებულვარ. ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ, რომ მანჩესტერში ვარ. როგორც თქვენ თქვით, გონს მოსვლას ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ ახლა კონტრაქტი გაფორმებულია და ბედნიერი ვარ. რას ფიქრობთ ინგლისური ფეხბურთის სტილზე და როგორ მოერგებით მას?
როგორც იცით, ესპანური ფეხბურთის სტილისგან განსხვავდება; უფრო ფიზიკური და შეიძლება, უფრო პირდაპირია. ეს არის საფეხბურთო სტილი, რომელიც ყოველთვის მომწონდა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემს საფეხბურთო სტილს მოერგებოდა. იმედი მაქვს, მას შევეგუები და მომდევნო თვეების, წლების და სეზონების განმავლობაში მისგან სიამოვნებას მივიღებ.
თქვენთვის დიდი მოულოდნელობა უნდა იყოს თქვენი კარიერის ამგვარი განვითარება, არა?
კარიერის განმავლობაში მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა, მაგრამ ეს გაუმჯობესება იმ შრომის შედეგია, რომელიც ინდივიდუალურად და გუნდთან ერთად გავწიე. სწრაფი პროგრესი და განვითარებაა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. უფრო უნდა განვვითარდე და იმედი მაქვს, ახლა ამ დიდებულ კლუბში შევძლებ პროგრესირებას. ვფიქრობ, უფრო მეტი შრომით უფრო კარგი ფეხბურთელი გავხდები და ვიმედოვნებ, ამას ტიტულების მოგებაზეც ექნება გავლენა.
გუნდში თავის სწრაფად დამკვიდრების იმედი გაქვთ?
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დავიმკვიდრო თავი. იმედი მაქვს, სამწვრთნელო შტაბისა და ჩემი თანაგუნდელების დახმარებით ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ აქაური ფეხბურთის დინამიკასა და ტემპს მაქსიმალურად სწრაფად შევეგუო. და როგორც უკვე ვთქვი, ყველას დახმარებით ამას სწრაფად შევძლებ.
თქვენ ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი ხართ - ეს ამაღელვებელია?
მართლაც განსაკუთრებულია. ჩემისთანა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის თავდაჯერებულობის მომატების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინგლისური ფეხბურთის ასეთმა მცოდნე მწვრთნელმა თავისი პირველი შენაძენი გამხადა. ჯერ თავის დამკვიდრების საკითხი დგას, იმედი მაქვს, როგორც ფეხბურთელი უკეთესი გავხდები და ინგლისის ჩემპიონატს რაც შეიძლება სწრაფად შევეგუები.
დაბოლოს, მსოფლიოს ირგვლივ მყოფი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებისთვის შეტყობინება გაქვთ?
ჩემი შეტყობინება ის იქნება, რომ მადლობას ვეტყვი ასეთი დიდებული მიღებისთვის. სოციალურ ქსელში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა და ხალხი მოხარულია, რომ აქ მხედავს. დიდ კლუბში ახალგაზრდობის პერიოდში მისვლა დიდებულია; ეს ნამდვილად მეხმარება ჩემს გზაზე. სამაგიეროდ იმედი მაქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების სახეს ღიმილს დავუბრუნებ ჩემი თამაშითა და ამ კლუბში მიღწეულით.