ეშლი ფლეთჩერმა, რომელსაც ბოლო დროს აქტიურად ადარებენ მარკუს რეშფორდს, "ბარნსლის" დატოვების სურვილი და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშის იმედი გამოთქვა.
20 წლის ფეხბურთელის მშვენიერი გოლის წყალობით "ბარნსლი" ჩემპიონშიპში დარჩა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოლ ჰიგინბოთამმა კი მას მეორე რეშფორდი უწოდა.
"იუნაიტედში" უკეთეს ფეხბურთელად დავბრუნდები და მადლობას ვუხდი "ბარნსლის", რომ მატჩებში მონაწილეობის შანსი მომცა. აქ ვპროგრესირებდი და ჩემი თამაში გავაუმჯობესე. "იუნაიტედში" დავბრუნდები და ვნახოთ, რას შევძლებ იქ.
"იუნაიტედში" ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლებ. იქ ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ვფიქრობ, ბევრ ახალსაც შეიძენენ. სხვებისთვის კონკურენციის გაწევა გამომადგება და ჩემს თამაშს გააუმჯობესებს", - განაცხადა ფლეთჩერმა.
ეშლიმ აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიოსთან ჯერ არ უსაუბრია. კითხვაზე, დაურეკა თუ არა მოურინიომ, მან უპასუხა: "ჯერ არაფერი მომხდარა! ეს მსოფლიოს უდიდესი კლუბია და ამიტომაც ვოცნებობ მისი პირველი გუნდის რიგებში თამაშზე. თუ დავბრუნდები და შანსს მივიღებ, დიდებული იქნება, მაგრამ თუ ვერა - სხვა არჩევანს მოვძებნი".