დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა სტატია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ამბობენ, რომ არიან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები, სინამდვილეში კი წარმოადგენენ იმ ინდივიდების ჯგუფს, რომლებიც "წითლებს" მხოლოდ გამარჯვების დროს უდგანან გვერდში, მარცხისას კი კრიტიკისა და ლანძღვის ქარ-ცეცხლში ატარაბენ მას.
ფანატიკოსობა ზოგადი მცნებაა, რომელიც ვრცელდება სამყაროში არსებულ და არარსებულ მოვლენებსა თუ გარკვეული ნიშნის მატარებელ დაჯგუფებებზე. იყო ფანატიკოსი, იგივე ფანი, ნიშნავს, რომ უერთგულო იმ იდეოლოგიას რომლის მიმართაც ამჟღავნებ ფანატიკურ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში (და იმედი მაქვს არამხოლოდ ჩვენსაში) ფანატიზმის გაგება ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ვერ უღრმავდება იმ აზრს, რასაც ეს სიტყვა შეიცავს და ემსახურება. მრავალი ადამიანი იჩემებს სხვა და სხვა მუსიკალური ჯგუფების, ინდივიდუალური მომღერლების, მსახიობების, პოლიტიკური პარტიებისა და სპორტული კლუბების ფანობას, თუმცა საკითხავია - არიან კი ისინი ნამდვილი ფანები?!
რა საკვირველია არ მსურს ვისაუბრო ფანობაზე ზოგადი განხრით, რადგან დღეს ჩემი საფეხბურთო მსოფლმხედველობის თანამოაზრეებს მინდა დავუხატო ის პრობლემები, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ქართულ ფანკლუბში იჩენს თავს და ყველა ჩვენგანს თვალში ეკალივით ერჭობა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს წამყვანი კლუბია, რომელსაც გააჩნია უდიდესი ისტორია, როგორც საფეხბურთო განხრით, ასევე გულშემატკივრების მხრივ. "იუნაიტედს" შექმნის დღიდანვე გამოუჩნდა გულშემატკივრების მრავალრიცხოვანი არმია, რომელიც წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდებოდა და ძლიერდებოდა. მათ პირობითად "Red Army" დაირქვეს და კლუბის აღორძინებასთან ერთად მათი საგულშემატკივრო კულტურაც საოცარი სისწრაფით ვითარდებოდა. ამ ადამიანებმა დაიწყეს სიმღერების, შეძახილების, ბანერებისა და პლაკატების შექმნა, რომელიც "ეშმაკუნების" ფეხბურთელებს მატებდა მონდომებასა და შემართებას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ადამიანები არამხოლოდ ამხნევებდნენ თავიანთ გუნდს, არამედ იცავდნენ მათ ღირსებას მსოფლიოს ნებისმიერი კლუბის ფანების წინაშე. ღირსების დაცვა, ამ შემთხვევაში მუშტი-კრივით წყდებოდა, რადგან ეს იყო საუკეთესო საშუალება პასუხი გაეცათ ოპონენტების მხრიდან წამოსულ აგრესიასა და შეურაცმყოფელ შეძახილებზე.
ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველაფერი რაც წინა აბზაცში ვთქვი აუცილებელი ფაქტორია საკუთარი გუნდის გასამხნევებლად და მათი მორალური შემართების ასამაღლებლად, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ სიმღერებით, პლაკატებითა და ბანერებით ვერ შეძლებს ვერც ერთი გუნდის გულშემატკივარი საყვარელი კლუბის ფეხბურთელების გამხნევებას, ერთი აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების გარეშე.
როგორც იქნა, მოვახერხე ჩემ სტატიაში კვანძის შეკვრა და ახლა მინდა ნელ-ნელა მივუახლოვდე იმ პრობლემას, რომელსაც სამწუხაროდ ყოველდღე ვაწყდები "იუნაიტედის" ფანკლუბის გვერდებსა და სოციალურ ქსელებში.ამისათვის მოვიშველიებ შოტლანდიელი სპეციალისტის და "მანჩესტერის" ლეგენდარული მწვრთნელის სიტყვებს, რომელიც განკუთვნილია "იუნაიტედის" ფანებისათვის :
"მე ვარ განცვიფრებული და გაოგნებული იმ საქციელის გამო, რომელიც ჩვენმა ფანებმა საკუთარ კედლებში ჩაიდინეს ბოლო მატჩში. ისინი გისტვენდნენ ჩვენ და შეურაცყოფას აყენებდნენ ფეხბურთელებს, რომლებიც თავიანთ მაქსიმუმს დებენ მოედანზე, რათა გაახარონ გულშემატკივრების გულები, შემდეგ კი ტოვებდნენ ტრიბუნებს მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე. ამიტომ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ გამარჯვებასა და მუდმივად ზენიტში ყოფნას მოითხოვს ჩვენგან - თუ არ ძალგიძთ საყვარელი კლუბის გამხნევება და დაფასება მაშინ, როდესაც ის მარცხდება, შეეშვით მოედანზე სიარულს და "იუნაიტედის" ფანობის დაჩემებას." ჩემ მიერ ხსენებული ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, სწორედ ისაა რაზეც ალექს ფერგიუსონმა ისაუბრა მოცემულ ციტატაში. წარმოიდგინეთ თქვენი თავი, როდესაც რაიმე არ გამოგდით და ამის გამო თქვენი საყვარელი ადამიანები გკიცხავენ და უწმაწური სიტყვებით გამკობენ. დამეთანხმებით ეს ძალიან დამთრგუნველი და არასასიამოვნოა, რადგან ამ დროს გრძნობ იმედგაცრუებას, უნდობლობას და დამცირებას. ასე არიან ფეხბურთელებიც და მთელი პერსონალი, რომელიც საყვარელ საქმეს ერთგულად ემსახურება. რა საკვირველია, რთულია, როდესაც გამარჯვებას შეჩვეული გულშემატკივარი მწარე მარცხს იწვნევს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს არც ერთ ჩვენგანს იმის უფლებას, რომ საყვრელი კლუბის ღირსების დამცველს აუარებელი უწმაწური სიტყვა დავაყაროთ თავზე. ამ დროს უნდა გვახსოვდეს, თუ რაოდენ დიდი სიხარული უჩუქნია თითოეულ მათგანს ჩვენთვის, უნდა გავიხსენოთ მათ მიერ გაწეული ამაგი გულშემატკივრებისთვის და კლუბისთვის, მათი თავდადება და მონდომება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩამოვიყალიბოთ პირწმინდა ფანისა და გულშემატკივრის კულტურა და ეტიკეტი.
ქართველებს სამწუხაროდ გვიჭირს ამ კულტურასთან ზიარება, რადგან ჩვენ ვართ ერი, რომელიც შვებას გინებასა და ლანძღვასი პოულობს. საუბედუროდ, ბევრ ჩვენგანს არ შესწევს ძალა ღირსეულად შეხვდეს მარცხს და გინების ნაცვლად, ჯანსაღი კრიტიკის საშუალებით შეაფასოს წაგების მიზეზი. ცხადზე უცხადესია, რომ "იუანიტედის" ქართველი ფანები ძალიან დიდი დოზით ჩამორჩებიან იმ გულშემატკივრების სიას, რომლებიც მზად არიან "წითელ ეშმაკუნებს" უერთგულონ სიცოცხლის ბოლომდე და გვერდში დაუდგნენ ნებისმირი კრიზისულ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის მოიძებნება უამრავი ისეთი ადამიანი, რომელიც აუცილებლად მიატოვებს "იუნაიტედის" გულშემატკივრობას, თუ ეს კლუბი მოულოდნელად აღმოჩნდება მეორე ლიგაში, რაც ძალზედ სამწუხაროა. ასევე მჯერა, რომ ბევრია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის გამო ქომაგობს "იუნაიტედს" და ეს პრობლემა ძალიან კარგად გამოჩნდა კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაშიც.
მხოლოდ ეს არ არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. რეალობა უფრო მწარეა. ოცდამეერთე საუკუნეში ინტერნეტი თითქმის ყველა ოჯახშია შეყვანილი, რაც ყველა ასაკის ადამიანს საშუალებას აძლევს იაქტუროს ინტერნეტ სამყაროში. ერთის მხრივ ეს კარგიცაა, მაგრამ მეორე მხრივ ცუდი. ცუდი იმ თვალსაზრისით, რომ ამ სამყაროში ადამიანების დიდი ნაწილი იკვეთება, რომელიც არაადეკვატურია საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისას. საუბარი მაქვს არასაკმარის ცოდნასთან, რომელიც "იუნაიტედის" ფანებში ბევრჯერ შემიმჩნევია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი კომენტარს, რომელიც დაწერილი იყო "წითლების" ფანის მიერ. ეს ადამიანი შეურაცყოფას აყენებდა რაიან გიგზს, რომელსაც, მისი აზრით, არ ეკუთვნოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურის ტარება. ასევე მინახავს კომენტარები, რომლებშიც დევიდ ბექჰემი მოხსენიებული იყო მოღალატედ, ხოლო ოლე გუნარ სოლსკაიერი გავარდნად... მინახავს სერ ალექს ფერგიუსონის შეურაცმყოფელი კომენტარებიც, სადაც ავტორი ამბობდა, რომ ფერგიუსონი საკმაოდ ბებერი იყო "იუნაიტედის" გასაწვრთნელად და ის აღარ იმსახურებდა ამ პოსტს...
რა თქმა უნდა, ამ ადამიანების აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა, იმისთვის რომ იმოქმედონ ადეკვატურად და გამოხატონ ჯანსაღი აზრი. მე უბრალოდ მინდა მივმართო ყველა "იუანიტედის" ფანს - ნუ იქნებით დაუნდობლები საკუთარი კლუბის მიმართ. გამოხატეთ უკმაყოფილება ჯანსაღი კრიტიკით და არა გინებით, ლანძღვითა და გუნდის მიგდებით. იყავით თქვენი კლუბის ერთგულები და თუ ერთხელ მაინც იტყვით, რომ თქვენ ხართ ფანები, იყავით ბოლომდე... ჩამოიყალიბეთ ნამდვილი ფანის კულტურა და იყავით ამაყები ნებისმიერ დროს ! გჯეროდეთ "იუნაიტედის" !!
სტატიის ავტორი : დიმა სანაია
10/01/2013