The Sunday Mirror-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლას ართულებს რიო-დე-ჟანეიროში გასამართი ოლიმპიადა, რომელზე გამგზავრებაც შვედს სურს.
შვედეთის ნაკრების თავდამსხმელს "ოლდ ტრაფორდზე" ერთწლიანი კონტრაქტი და კვირაში 250 ათასი ფუნტი შესთავაზეს ხელფასის სახით და შეთანხმება მას შემდეგ უნდა გაფორმებული, რაც ზლატანს პსჟ-სთან მიმდინარე თვის ბოლო კონტრაქტი ამოეწურება.
თუმცა, "წითლების" რიგებში იბრაჰიმოვიჩის გადასვლასთან დაკავშირებული შემდგომი მოლაპარაკებები იმის გამო გართულდა, რომ ზლატანს აგვისტოში ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მიღება სურს. შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰაკან ერიქსონი, რომელიც ოლიმპიურ ტურნირზე გუნდს უხელმძღვანელებს, იმედოვნებს, რომ 34 წლის იბრაჰიმოვიჩი მისი თილისმა გახდება სამხრეთ ამერიკაში.
ოლიმპიური წესებით, ერიქსონს უფლებას აქვს, თავისი გუნდის რიგებში აიყვანოს 23 წელს გადაცილებული სამი ფეხბურთელი და მისი აზრით, "აიაქსის", "იუვენტუსის", "ინტერის", "ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი თავდამსხმელი ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარება.
მაგრამ, ზლატანის პერსპექტივები თანხვედრაში არ მოდის "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესებთან.
იბრაჰიმოვიჩის მიმდინარე სეზონი ისედაც გახანგრძლივებულია ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობით, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე შესაძლო მონაწილეობა იმას ნიშნავს, რომ შვედი "მანჩესტერ იუნაიტედთან" წინასასეზონო ტურნეზე ვერ გაემგზავრება. გარდა ამისა, იგი გამოტოვებს პრემიერ ლიგის ახალი სეზონის სტარტს. ოლიმპიური თამაშები 4-დან 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ინგლისის ჩემპიონატი კი 13 აგვისტოს იწყება.