"თქვენ ყოველთვის მოუთმენლად ელით ამ ხარისხის და კალიბრის გუნდებთან თამაშს. არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმაში ხართ, როდესაც "ენფილდში" მიდიხართ, ეს ყოველთვის შესანიშნავი თამაშია მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის. მე ნამდვილად ველოდები ამ მატჩს."
ცხრილში პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა
"სეზონის ამ მონაკვეთში ცხრილის სათავეში ყოფნით ვერაფერს მიიღებთ, ახლა ცხრილს არ აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი მნიშვნელოვანია ის, თუ სად აღმოვჩნდებით სეზონის ბოლოს."
ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი
"ამ გუნდს დიდი სული აქვს. ჩვენ გვყავს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე მნიშვნელოვანი გამოცდილებით. გარდა ამისა, ბოლო დროს გუნდი გავაძლიერეთ. აარონი, დენი, ჰარი - ისინი აქ საკმაოდ დიდხანს იყვნენ იმისთვის, რომ გააცნობიერონ ჩვენი კლუბის სტანდარტები და იგრძნონ ის წნეხი, რომელსაც აქ განიცდის ყველა მოთამაშე. ჩვენ ნამდვილად გავძლიერდით."
ეს არის ყველაზე დიდი მატჩი თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის?
"ჩემი ყველაზე დიდი მატჩი არის ყოველი შემდეგი. რა თქმა უნდა, იქ სადაც ცხრილში ვართ, თავდაჯერებულობას გვძენს. "ენფილდში" შესანიშნავი სტატისტიკის მქონე ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა ჩვენთვის."
პოტენციური ჩემპიონატის შესახებ
"ვეთანხმები რაშფორდს, რომელმაც თქვა, რომ გუნდის პირველ ადგილზე ყოფნის შემდეგ, სეზონის ბოლოს რომელიმე სხვა პოზიციაზე ყოფნა წარუმატებელი იქნება. ახლა არ ვფიქრობ იმაზე, სად დავასრულებთ სეზონს. ჩვენი ამბიციაა, რომ მოვიგოთ ყველა მატჩი და მოთამაშეებიც ასე ფიქრობენ. ასე რომ, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ სწორად. მომავალი მატჩი არის შანსი, რომ სერიოზული გამოცდა გავიაროთ, ნამდვილად ვიმსახურებთ თუ არა ჩვენს ადგილს."
კლოპის საქციელის შესახებ
"არ ვფიქრობ, რომ ჩემი საქმეა რჩევების მიცემა. მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე დიდ პატივს ვცემ იურგენს და თამაშის დროს არანაირი პრობლემა არ მქონია მის ქცევასთან დაკავშირებით."
გუნდის მდგომარეობა
"არა მგონია, ახლა შესაფერისი დრო იყოს "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაშისთვის, რადგან მათ ტრავმები აქვთ. მათი და ჩვენი დაზიანებები ერთნაირია. ეს არის ფეხბურთი - ფეხბურთელები ტრამვებს იღებენ, ამის გარეშე არ ხდება. ხვალ ყველა ჩვენი მოთამაშე გაივლის ტესტებს იმის საჩვენებლად, მზად არიან თუ არა ასეთი მატჩისთვის. "ბარნლისთან" მატჩში ბიჭებმა რამდენიმე დარტყმა მიიღეს, ასე რომ ზოგიერთ მათგანში არ ვარ დარწმუნებული."
"ისევ და ისევ, ასეთ მატჩებში, ამჟამინდელი ფორმა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ. ჩვენ ტიტულის პრეტენდენტები ვართ, ისინი ჩემპიონები. ჩვენი ამოცანაა, არ ვიფრინოთ ღრუბლებში და ვიმუშაოთ. შემდეგ ვნახავთ, რისი მიღება შეგვიძლია ამ მატჩისგან."
ტიტულის დაცვის სირთულეებზე
"როდესაც "იუნაიტედში" ვთამაშობდი, ნებისმიერი მეტოქისთვის სეზონის მთავარი თამაში იყო ჩვენთან მატჩი. ყოველთვის ასე ხდება, ყველას სურს ჩემპიონის დამარცხება. "ლივერპული" იმსახურებს იმგვარ მოპყრობას. ჩვენ იქ მივდივართ რომ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი."
უახლოვდებით ლივერპულის დონეს?
"ახლა ჩვენ უფრო უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ. ჩვენ მატჩი წააგეთ ვან დიიკის თავური დარტყმისა და უკანასკნელი დარტყმის შემდეგ კონტრშეტევის გამო, ასე რომ, მაშინ გუნდებს შორის დიდი განსხვავება არ იყო. ეს დამახინჯებული აღქმაა. ცხრილში მოცემული პოზიცია გვიჩვენებს, რომ კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. მაგრამ წელს სეზონი გაცილებით რთულია, რადგან გუნდები ქულების ძალიან მცირე რაოდენობას იღებენ. ადრე ოქტომბრისთვის ორი გუნდი გამოიკვეთა, ახლა ჩვენ სეზონის ეკვატორზე ვართ და ჯერჯერობით ეს არ მომხდარა."
ნიშნავს თუ არა გამარჯვება ფავორიტის შეცვლას?
"მე ვფიქრობ, რომ ყველა გუნდი ყველა თამაშამდე ფიქრობს, რომ გამარჯვება შეუძლია. ჩვენ ვიცით, რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება. მატჩზე გასვლა იმის შეგრძნებით, რომ სათანადო გულმოდგინებით ყოველთვის შეგვიძლია მოვიგოთ, კარგი გრძნობაა. ახლა ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა ჩვენთვის."
მოთამაშეებს აღარ აქვთ აღნიშვნის უფლება
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველას მშვენივრად გვესმის არსებული ვითარება და უნდა დავიცვათ წესები. ვერაფერს დავპირდები, მაგრამ თუ მოთამაშეებმა შეძლეს საკუთარი თავის კონტროლი, ეს მშვენიერი იქნება. ისევ ფეხბურთი არის ფეხბურთი, ეს არის ვნება და წამიერი იმპულსები. მეორეს მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგიერთმა ფეხბურთელმა, ვინც თავის ყოფილ კლუბთან გაიტანა გოლი, შეეძლო ემოციების შეკავება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მიზნის მიღწევისას ემოციების შეკავებას შევძლებთ."
მარსიალის მდგომარეობის შესახებ
"მე ყველას მივცემ შესაძლებლობას, ჩააბარონ ტესტები, მათ შორის ენტონიც. მხოლოდ ფილ ჯონსი და ბრენდონ უილიამსი ნამდვილად ვერ შეძლებენ თამაშს."
გულშემატკივრების არ ყოფნა დაგეხმარებათ?
"ვფიქრობ, ფეხბურთმა უკვე აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივარი. ახლა ნამდვილად არ არის დიდი სხვაობა - იქნება ეს საშინაო თამაში თუ გასვლითი. მათი კედლები არანაირ უპირატესობას არ ანიჭებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად სჭირდებათ კლუბებს თავიანთი გულშემატკივრები. "