დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში "იუნაიტედმა" ბაზელს უმასპინძლა, სადაც მეტოქე 3-0 გაანადგურა. შეხვედრაში თავი მარკუს რეშფორდმაც გამოიჩინა, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.
რეშფორდის დებიუტი "იუნაიტედის" პირველ გუნდში “მიდტიულანდთან” მატჩში ჰქონდა, სადაც კლუბმა 5-1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრაში ფორვარდმა კარში სამჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა. ამავდროულად ინგლისელის აკურატულობა 84%-ით შეფასდა.
ახალგაზრდა ტალანტიმა პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრაშიც გაიბრწყინა, სადაც "არსენალის" კარში 2 გოლის გატანა მოახერხა და თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.
რეშფორდმა სადებიუტო მანჩესტერულ დერბიშიც გაიტანა, რომელიც "იუნაიტედმა" სწორედ მისი გოლის წყალობით მოიგო.
27 მაისს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მარკუსის დებიუტი შედგა, სადაც "სამი ლომი" ავსტრალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამოდიოდა. რეშფორდს 3 წუთი დასჭირდა იმისათვის, (ზუსტად 135 წამი) რომ პირველი გოლი გაეტანა ეროვნული გუნდის მაისურით. მოგვიანებით ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა 23-კაციან განაცხადში შეიყვანა და გუნდს ევრო 2016-ზეც გაჰყვა.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ნორვეგიის 21-წლამდელებს დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 6-1 გაანადგურა. მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდის, მარკუს რეშფორდის ბენეფისად იქცა, ინგლისელმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა თავის სადებიუტო შეხვედრაში.
ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნორთჰემპტონ თაუნი" დაამარცხა. შეხვედრაში თავი "წითელი ეშმაკების" ფორვარდმა, მარკუს რეშფორდმა გამოიჩინა, რომელიც სადებიუტო მატჩს ატარებდა აღნიშნულ ტურნირზე.