"არსენალის" ყოფილმა მცველმა, უილიამ გალასმა ჟოზე მოურინიო და არსენ ვენგერი ერთმანეთს შეადარა და "მეთოფეებს" მოუწოდა, ფრანგი სპეციალისტის შეცვლაზე იფიქროს.
"ჩელსის" რიგებში ასპარეზობისას, სადაც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაშობდა, გალასმა ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, რის შემდეგაც "არსენალში" გადავიდა, სადაც 4 წელი გაატარა, მაგრამ ტიტულს ვერ დაუეფლა.
გალასის აზრით, ვენგერს გამარჯვებისკენ ისეთი სწრაფვა არ აქვს, როგორიც მოურინიოს. 2004 წლის შემდეგ უტიტულო პერიოდზე დაფუძნებით გალასი მიიჩნევს, რომ "ემიერტსზე" რამე უნდა შეიცვალოს - თუნდაც მწვრთნელი.
"გაკრიტიკებენ, როცა თასებს ვერ იგებ, როცა მატჩებს ვერ იგებ, შესაძლოა, სწორედ ამაშია განსხვავება ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერს შორის.
მოურინიოს ყოველ მატჩში გამარჯვება სურს და სეზონის ბოლოს ხანდახან წარმატებას აღწევს. რაც შეეხება არსენს, "არსენალი" 2004 წლის შემდეგ არ გამხდარა ჩემპიონი, ამიტომაც ყველა აკრიტიკებს, ფეხბურთი ხომ შეიცვალა.
ფეხბურთში ყველაფერს გამარჯვებები, ტიტულები წყვეტს. მოთამაშეებს ტიტულების მოგება სურთ. შენი კარიერის განმავლობაში ტიტული თუ არ მოგიგია, კარიერის ბოლოს იმედგაცრუებული დარჩები. არ ვიცი, რის გაკეთებას აპირებს "არსენალი", მაგრამ ტიტულების მოგებას უნდა დაუბრუნდნენ.
შესაძლოა, მოვიდა დრო, რომ სეზონის ბოლოს რამე შეიცვალოს. ვერ დავივიწყებთ, რაც კლუბისთვის გააკეთა. ძალიან, ძალიან კარგი იყო, ამიტომ მწვრთნელს ასე უბრალოდ ვერ დაითხოვ. პატივისცემა უნდა გამოხატო.
ამიტომაც ვამბობ, რომ სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობა არსენს უნდა დაელაპარაკოს და გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა გალასმა.