ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იხუმრა, რომ პოლ პოგბას აღარ დართავს საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლებას მას შემდეგაც კი, რაც ფრანგის დარტყმული "ტოტენჰემთან" მატჩში ხარიხას მოხვდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა შეხვედრის მეორე ტაიმში უგო ლორისის კარის ჩარჩო შეარყია და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა "წითლების" საჯარიმო დარტყმა იბრაჰიმოვიჩის ნაცვლად მან შეასრულა.
"პოგბას ვუთხარი, ჯობია გოლი გაიტანო, თორემ ამიერიდან აღარ მოგცემ ჯარიმის დარტყმის უფლებას-მეთქი. ხარიხას გაარტყა, არადა, გოლი რომ გასულიყო, უფრო მეტ სივრცეს მოგვცემდა, არა დამშვიდების უფლებას, მაგრამ 2-0 ანგარიშზე თავს უფრო თავდაჯერებულად ვიგრძნობდით.
ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, რომლებშიც მატჩის მიწურულს გოლს ვუშვებდით, უკვე გაუგებარია, 1-0 ანგარიშზე მოვიგებთ თუ არა და დღესაც რომ ასე მომხდარიყო, ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ჩვენ ხომ ასე კარგად ვიშრომეთ. დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
"ტოტენჰემს" ბურთის ფლობის 60 პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მაგრამ "იუნაიტედი" კვლავ დომინირებდა და იბრაჰიმოვიჩი ამით მოხარულია.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბოლო თამაშებში სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდით. დღეს მაღალი დონის გუნდი დავამარცხეთ, რომელიც ჩვენზე მაღლაა სატურნირო ცხრილში. ჩამორჩენა ოდნავ შევამცირეთ. მატჩს ვაკონტროლებდით, სტაბილურად ვთამაშობდით და გავიმარჯვეთ - შესანიშნავი კომბინაციაა".