"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პრიორიტეტული მიზანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება იქნება.
ESPN-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოურინიოს დაცვის ფლანგების გაძლიერება გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ იძულებული იყო, ყურადღება სხვა პოზიციებისკენ მიემართა, რომელთაც უფრო მეტად სჭირდებოდათ გაძლიერება, რისი მიზეზითაც 150 მლნ. ფუნტი დახარჯა ახალწვეულებზე.
მიმდინარე სეზონის სტარტზე მოურინიო რეგულარულად ათამაშებს ანტონიო ვალენსიას, რადგანაც მატეო დარმიანი მის გეგმებში არ შედის და ამის გამო იანვარში გუნდი იტალიელს სამშობლოში დააბრუნებს.
ამავდროულად მოურინიო ვალენსიასთვის ღირსეული კონკურენტის მოძებნას ეცდება. ნომინალურად ვალენსია ვინგერია, "იუნაიტედის" თამაში ფლანგზე კი უკეთესის სურვილს ტოვებს, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მარჯვენა მცველის შეძენის შემთხვევაში ვალენსიამ წინ წაიწიოს.
ცნობილია, რომ მოურინიოს ნომერ პირველი სამიზნე "მონაკოს" ფეხბურთელი ფაბინიოა. თუმცა 22 წლის ბრაზილიელის გადაბირება კლუბიდან, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, საკმაოდ რთული დავალებაა.
ალტერნატიულ ვარიანტად - უფრო ხელმისაწვდომ, მაგრამ უფრო ძვირ - "იუნაიტედი" "ევერტონელ" შეიმუს კოულმენს განიხილავს. გამომდინარე იქიდან, რომ "კანფეტები" ევროტურნირებზე არ მონაწილეობენ, "იუნაიტედს" 28 წლის ირლანდიელის დაყოლიება ევროპის ლიგის პლეი-ოფითაც შეუძლია, თუკი, რა თქმა უნდა, ამ სტადიზე გავა.