ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ მცველები მარკოს როხო და მატეო დარმიანი ინგლისის თასის ფინალში სათამაშოდ მზად არიან.
დარმიანს 7 მაისს "ნორვიჩთან" მიღებული ტრავმის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო როხომ შუა კვირაში "ბორნმუთთან" ჩატარებული მატჩი გამოტოვა.
ეს უკანასკნელი შეხვედრა მორგან შნეიდერლინმა ავადმყოფობის გამო გამოტოვა და ვარჯიშებს ფრანგი ნახევარმცველიც დაუბრუნდა. ხოლო მარუან ფელაინიმ დისკვალიფიკაცია მოიხადა და სათამაშოდ მზად არის.
ვან გაალმა სულ ახლახანს აღნიშნა, რომ საფინალო მატჩში ფეხბურთელების შერჩევა ძალიან გაუჭირდება და აღნიშნული ოთხი ფეხბურთელის დაბრუნება ამ თავსატეხს უფრო ზრდის. "დიახ, ბევრი ფეხბურთელი ბრუნდება, მაგალითად, როხო, რომელიც ტრავმირებული აღარ არის და დარმიანი, რომელსაც ასევე აღარ აქვს ტრავმა. სავარჯიშო სესია გადაიღეთ და დაინახავდით, რომ ბევრი მოთამაშე მზად არის სათამაშოდ, რაც საქმეს კიდევ უფრო მირთულებს, რადგან ბევრი ფეხბურთელისთვის იმედის გაცრუება მომიწევს.
27-მოთამაშიანი გუნდი გვყავს, ასე რომ, ცხრა ფეხბურთელს უნდა გავუცრუო იმედი. რა თქმა უნდა, ტრავმირებულები ამ ცხრაში შედიან, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი უნდა გავანაწყენო. მერე კი ძირითადი შემადგენლობა უნდა შევარჩიო და უფრო მეტი ფეხბურთელი გავანაწყენო. ზოგ ფეხბურთელს კი ჰგონია, რომ ითამაშებს", - განაცხადა ვან გაალმა.
როცა ჰკითხეს, თავად მას თუ განუცდია ოდესმე ასეთი იმედგაცრუება, ვან გაალმა უპასუხა: "ერთხელ მეც გამოვცადე ასეთი რამ, როცა "ფეიენოორდთან" არ მათამაშეს, მაგრამ არა სათასო მატჩში. ეს ჩვეუელბრივი შეხვედრა იყო, თუმცა კი დერბი გვქონდა როდერდამის "სპარტაში" თამაშის დროს. ჩემთვის დიდი დარტყმა იყო".