ლუი ვან გაალის პრესკოფერენცია "ენფილდზე" გასამართი შეხვედრის წინ.
ლუი ვან გაალს შეუძლია გახდეს "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი მწვრთნელი, რომელიც "ლივერპულს" ზედიზედ ხუთჯერ დაამარცხებს ოფიციალურ მატჩებში.
მაგრამ ჰოლანდიელმა თავის პრესკონფერენციაზე პრესას განუცხადა, რომ გამარჯვება გულშემატკივარს მიეძღვნება და მატჩის წინ ფეხბურთელებზე ზეწოლის მოხდენას არ აპირებს.
ვან გაალმა ჟურნალისტებს განუცხადა:
"რადგან ამას წერთ, ჩემი ფეხბურთელებისთვის გაცილებით რთულია მეხუთე ბრძოლის მოგება, ასე რომ, ნუ წერთ!"ვან გაალმა პრემიერ ლიგის ეგიდით "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგო და არ უარყოფს, რომ ეს მას სიამოვნებს.
"ასეთ შემთხვევაში წიგნებში დადებითი შედეგით ჩამწერენ, რაც კარგი იქნება".ვან გაალის "იუნაიტედმა" ბრენდან როჯერსის "ლივერპული" პირველ მატჩში 2014 წლის დეკემბერში "ოლდ ტრაფორდზე" 3-0 დაამარცხა.
ამას მოჰყვა მარტში "ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვება ანგარიშით 2-1. მიმდინარე სეზონში "წითლებმა" კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" იმარჯვეს 3-1, ხოლო საპასუხო შეხვედრაში უკვე იურგენ კლოპის "ლივერპული" დამარცხდა "ენფილდზე" 1-0.
გუნდები მორიგ მატჩს ევროპის ლიგის რანგში გამართავენ და ეს ევროარენაზე პირველი დაპირისპირება იქნება ისტორიულ მეტოქეებს შორის. ვან გაალმა კი აღნიშნა, რომ შეხვედრა ქომაგებისთვის დიდი მოვლენაა.
"ფეხბურთი ინგლისელი ხალხის ცხოვრებაში ღრმად არის შეჭრილი. იგივე შევნიშნე ესპანეთსა და გერმანიაში, მაგრამ იქ უფრო ნაკლებად იყო. ამის დანახვა ფანტასტიკურია. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ აქ მოვედი. ამ გამოცდილების მიღება მსურდა.
კლუბის გულს ხედავ და გრძნობ, რომ ყოველ მატჩში მხარს გიჭერენ. სასიამოვნოა ფეხბურთელებისთვის და სასიამოვნოა მწვრთნელისთვის.
მაგრამ უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი მტრები არიან, მე ასე არ მგონია. ჩემი აზრით, ისინი მხოლოდ მოწინააღმდეგეები არიან, ჩვენ კი მოწინააღმდეგეების დამარცხება გვინდა.
მე ყოველი მატჩის მოგება მსურს, ხოლო, როცა ვმარცხდები, იმედგაცრუებული ვარ. ჩემი ჟესტიკულაციითაც ჩანს. საკმაოდ შთამბეჭდავია.
სასიამოვნოა, რომ "იუნაიტედმა" ჩემი აქ ყოფნის პერიოდში "ლივერპული" ამდენჯერ დაამარცხა. სასიამოვნოა, რადგან დავმარცხდი სხვა მეტოქეების წინააღმდეგ, მაგრამ არა "ლივერპულთან".
ეს კარგია ასევე იმიტომ, რომ, როცა "ლივერპულს" ვამარცხებ, გულშემატკივართა დამოკიდებულება უმჯობესდება, ამიტომ იმედი მაქვს, მათ ძლევას მეხუთედ და მეექვსედაც მოვახერხებთ, თუმცა ეს უფრო გულშემატკივარს ეძღვნება, ვიდრე მე.
ქომაგთა და გარშემო მყოფთათვის დიდი მოვლენაა, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ მორიგი მატჩია, რომელიც უნდა მოვიგო. ეს არის ჩემი მიზანი. "ვესტ ბრომვიჩთან" რომ მოგვეგო, ძალიან ნასიამოვნები ვიქნებოდი. მაგრამ, როცა ვმარცხდებით, იმედგაცრუებული ვარ. ასეთივე იმედგაცრუებას ვავლენ მაშინ, როცა სხვა გუნდებთან ვაგებთ".ვან გაალმა ევროპის ლიგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
"როგორც მე შევამჩნიე, ევროპის ლიგას ნეგატიურად უყურებთ, მაგრამ რამდენი გულშემატკივარი მოვიდა "მიდტიულანდთან" მატჩზე? 58 000. "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგი ამას იღებს. თქვენი აზრით, რამდენი გულშემატკივარი მოვა "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ "ლივერპულთან" მატჩზე? ვფიქრობ, დაახლოებით 75 000. "ენფილდიც" სავსე იქნება, ასე რომ, აი რა უნდა ვთქვა: ორივე გუნდისთვის და მათი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ ჩვენ შორის დუელის ხილვა სურთ.
უნდა გაიმარჯვო, მნიშვნელობა არ აქვს, რა ტურნირია. "იუნაიტედი" და "ლივერპული" ყოველთვის დიდ მატჩს გვთავაზობენ. ისტორიულად და უფრო დიდიც არის, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის".წყარო:
M.E.N.