"მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდიდან ხუთი ფეხბურთელი გაუშვა, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო ტომ ქლევერლი, რომელმაც წინასწარ შეთანხმებას მიაღწია "ევერტონთან".
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მომავალ სეზონში "იუნაიტედში" აღარ იასპარეზებს ბენ ამოსია. 25-წლის მეკარემ მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა ძირითად გუნდში მოხვედრა, ასევე იგი რამდენჯერმე იყო განათხოვრებული ჩემფიონშიპის გუნდებში. ინგლისელმა კიპერმა ჯამში 7 წელი გაატარა "ოლდ ტრაფორდზე".
21-წლამდელთა კაპიტანი ტომ თორპიც თავისი თანამემამულის გზას გაჰყვება. ინგლისელი მცველი დიდი ხნის განმავლობაში იყო სარეზერვო გუნდის კაპიტანი და მათთან ერთად მრავალი ჯილდოც მიიღო. გარდა ამისა, მან გასულ სეზონში მოახერხა ყველაზე მეტი მატჩის ჩატარება უარენ ჯოისის გუნდში.
"იუნაიტედი" ასევე დატოვა 21 წლამდელთა გუნდის ორმა წევრმა: კალუმ ევანსმა და რაიან მაკკონელმა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი წარმატებებს უსურვებს ხუთივე ფეხბურთელს მომავალ კარიერაში.