სეზონი დასრულდა, თუმცა კლუბებს და მათ ხელმძღვანელობას საქმე ნამდვილად არ მოკლებიათ, როგორც ყოველთვის საზაფხულო სანტრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. ყველა გუნდი ცდილობს რაც შეიძლება მალე შეათანხმოს სასურველ მოთამაშესთან პირადი კონტრაქტი, რათა მხოლოდ სამედიცინო შემოწმება აშორებდეთ გუნდში ჩარიცხვასთან. გამონაკლისი ამ მხრივ არც "მანჩესტერ იუნაიტედია", ლუი ვან გაალი და მისი თანაშემწეები ცდილობენ წინასასეზონო ტურნემდე გადაიბირონ ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც მათი აზრით კლუბს სარგებელს მოუტანენ.
როგორც გასულმა სეზონმა გვაჩვენა, "ეშმაკებს" გაძლიერება ნამდვილად სჭირდებათ, თან არაერთ პოზიციაზე. ამჯერად ყურადღებას დაცვის ხაზზე გავამახვილებთ, როგორც ცენტრალურ მცველზე ისე ფლანგის მოთამაშეებზე.
სეზონის დაწყებამდე, ყოფილი მოთამაშეები, ჟურნალისტები და ექსპერტები ერთ რამეზე თანხმდებოდნენ, რომ "იუნაიტედს" გუნდისთვის შეუფერებელი დაცვის ხაზი ჰყავდა. რიოს, ვიდას და ევრას წასვლის შემდეგ გუნდში მხოლოდ ახალგაზრდა მცველები დარჩნენ, რომელთაც ლიდერობა არასდროს უკისრიათ. გუნდს აშკარად სჭირდებოდა ახალი სისხლი, გამოცდილი, მაღალი დონის მინიმუმ 1 მცველი, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულმა ტურნირმა და ვან გაალის 3-მცველიანმა ტაქტიკამ თითქოს იმედები ჩაგვისახა, რომ არსებული რესურსითაც შეიძლებოდა ფონს გასვლა. ეს ყველაფერი მოჩვენებითი აღმოჩნდა, პრემიერ ლიგის დაწყებიდანვე ვერც ჰოლანდიელის ტაქტიკამ გაამართლა და ვერც არსებულმა მცველებმა. ვან გაალი საგონებელში ჩავარდა და რამდენიმე კორექტივი შეიტანა, ჯერ მარკოს როხო იყიდა, რომელმაც არგენტინის ნაკრებთან ერთად მუნდიალის ფინალში იასპარეზა, შემდეგ კი ჩვეულ 4-მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა. ლუის პრობლემები არ ელეოდა, ამჯერად იგი ტრავმების ეპიდემიამ გააწამა, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში უწევდა დაცვის ხაზის მოთამაშეების ცვლა. "წითლებმა" პირველი წრე მეტ-ნაკლებად ნორმალურ დონეზე ჩაატარეს, გაუშვეს მხოლოდ 18 ბურთი 19 თამაშში, თუმცა ეს მეტწილად დავიდ დე ხეას დამსახურებაა, რომელიც ფენომენალურ შეხვედრებს ატარებდა, აკეთებდა საოცარ სეივებს და გუნდისთვის ქულები მარტოს მოჰქონდა. მეორე წრე შედარებით უკეთესი გამოვიდა დაცვის ხაზისთვის, კრის სმოლინგმა და ფილ ჯონსმა საიმედო დუეტი შექმნეს და რიგ მატჩებში საუცხოოდაც გამოიყურებოდნენ. არც დე ხეას უწევდა ისე ხშირად გმირობების ჩადენა. საბოლოოდ "იუნაიტედმა" სეზონში 37 გოლი გაუშვა, რაც მესამე საუკეთესო მაჩვენებელია "ჩელსის" (32) და "საუთჰემტონის" (33) შემდეგ.
წინა ზაფხულის მსგავსად, ახლაც ყველა ვთანხმდებით რომ კლუბს რამდენიმე მცველი სჭირდება და არა მხოლოდ ცენტრალური, თუკი მარცხენა ფლანგი ასე თუ ისე შევსებულია, ამას ვერ ვიტყვით მარჯვენაზე, სადაც რაფაელი და ვალენსია ასპარეზობენ. პირველი მათგანი ბოლოს მოედანზე "ტოტენჰემთან" მატჩში გამოჩნდა, რომელიც 15 მარტს გაიმართა. გარდა არასტაბილურობისა, რაფაელი ტრავმებისკენაც არის მიდრეკილი და ვან გაალი მას პირველ არჩევნად ნამდვილად ვერ მოიაზრებს. რაც შეეხება ეკვადორელს, იგი ამპლუით მარჯვენა ვინგერია, მაგრამ გაჭირვებამ იგი ფლანგის მცველად აქცია. ვერ ვიტყვი, რომ ანტიონიო რაფაელზე რამით უკეთესია, ამიტომ ასეთი ორი მცველის ყოლა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა რამდენიმე ვარიანტი შემოგთავაზოთ, რომლებიც ჩემი აზრით ყველაზე მისაღები და ამავდროულად საჭიროა:
მატს ჰუმელსიასაკი: 26 წელიპოზიცია: ცენტრალური მცველიამჟამინდელი კლუბი: დორტმუნდის "ბორუსია"სატრანსფერო ფასი: 35 მილიონიმატსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა ქომაგისთვის სანატრელ ფიგურად იქცა. გერმანელი, რომელიც უკვე მსოფლიოს ჩემპიონის სახელს ატარებს, ასაკის მიუხედავად ძალიან გამოცდილი და საიმედოა მცველია. მის გადმობირებას "იუნაიტედი" რამდენიმე წელია ცდილობს, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. "ბორუსია" ევროტურნირებს მიღმა დარჩა, რაც "ეშმაკებისთვის" მწვანე შუქის ანთებას შიეძლება ნიშნავდეს, თუმცა არავინ იცის რა მოხდება. ჩემი აზრით მატსი იდეალური კანდიდატურაა.
ბენედიქტ ჰიოვედესიასაკი: 27 წელიპოზიცია: ცენტრალური მცველი/მარცხენა მცველიამჟამინდელი კლუბი: გელზერკირხენის "შალკე"სატრანსფერო ფასი: 21 მილიონიმატსის თანამემამულე და ხშირად მეწყვილე, ბენედიქტიც მის მსგავსად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. იგი ჰუმელსზე ერთი წლით უფროსია და გამოცდილებას არც ის უჩივის, შესაძლოა მასთან შედარებით ნაკლები კლასი აქვს, თუმცა ნამდვილად მაღალი დონის მცველად ითვლება. მათ შორის ბევრი მსგავსებაა, ორივე თავიანთი გუნდების კაპიტნები და ლიდერები არიან. ჰიოვედესის და "იუნაიტედის" გზაც ჟურნალ-გაზეთების დამარებით რამდენჯერმე გადაიკვეთა, თუცმა სერიოზული ინტერესი ინგლისურ კლუბს არ გამოუვლენია, არადა საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა წითელი ფორმით.
ნიკოლას ოტამენდიასაკი: 27 წელიპოზიცია: ცენტრალური მცველიამჟამინდელი კლუბი: "ვალენსია"სატრანსფერო ფასი: 23 მილიონიარგენტინელი ძალიან მონდომებული მცველია, თავს არასდროს ზოგავს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. მას და მის გუნდს ძალიან კარგი სეზონი გამოუვიდათ, "ღამურები" ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ და "იუნაიტედის" მსგავსად პლეი-ოფის გადალახვა მოუწევთ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად. "ვალენსიამ" პრიმერაში 32 გოლი გაუშვა, რაც 6-თ ნაკლებია მადრიდის "რეალის" შედეგზე. "წითელ-ყვითლები" ამ კომპონენტში მხოლოდ "ბარსელონას" და "ატლეტიკოს" ჩამორჩებიან, ეს მიღწევა, რა თქმა უნდა, დიდწილად ოტამენდის და მისი მეწყვილის დამსახურებაა, ნიკოლასმა სეზონში 35 შეხვედრა ითამაშა. თუკი ესპანურ გამოცემებს დავუჯერებთ, "წითლებს" ძალიან სურთ ოტამენდის გადაბირება და თავად ფეხბურთელიც არ არის დიდად ამჟამინდელ კლუბზე შეყვარებული, შეგახსენებთ იგი ესპანეთში გასულ ზაფხულს "პორტუდან" გადაბარგდა.
აიმერიკ ლაპორტეასაკი: 21 წელიპოზიცია: ცენტრალური მცველიამჟამინდელი კლუბი: ბილბაოს "ატლეტიკი"სატრანსფერო ფასი: 20 მილიონისაფრანგეთი ახალგაზრდა, ნიჭიერი და იმედის მომცემი მოთამაშეებით გამოირჩევა: ვარანი, პოგბა, რაბიო, მანგალა. სწორედ ამ ფეხბურთელებთან ერთად სიაში მოხვდა ლაპორტე, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკის" აღზრდილია და მეორე სეზონია პირველი გუნდის თითქმის შეუცვლელი წევრია. მასზე, როგორც ფრანგები ასევე ბასკები დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა თავად მოთამაშეს ძალების მოსინჯვა უფრო დიდ კლუბში სურს, რაშიც "იუნაიტედი" ნამდვილად დაეხმარება. ფრანგმა წლეულს ჩემპიონთა ლიგასაც გაუგო გემო და 21-წლის ასაკში შეგვიძლია შემდგარ მცველად შევრაცხოთ, მისი სახით "წითლები" ძალიან კარგ მცველს მიიღებენ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს.
ნათანიელ კლაინიასაკი: 24 წელიპოზიცია: მარჯვენა მცველიამჟამინდელი კლუბი: "საუთჰემპტონი"სატრანსფერო ფასი: 17 მილიონიპრემიერ ლიგის ერთგულ ქომაგს ნამდვილად ვერ გამოეპარებოდა ეს ახალგაზრდა და ძალიან კარგი მარჯვენა მცველი, რომელმაც გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და რომ არა ივანოვიჩი, პრემიერ ლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც აუცილებლად მოხვდებოდა. ინგლისელი მცველი ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც რეგულარულად ხვდება და ნელ-ნელა ძირითადში ადგილს იმყარებს. გასულ სეზონში კლაინმა 2 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცველი იყო მთელ ლიგაში. სისწრაფე და ენერგია აძლევს საშუალებას შეტევაში და დაცვაში ერთნაირად კარგად იმოქმედოს. მისით "იუნაიტედის" გარდა სხვა ინგლისური კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორის "ლივერპულიც", რომლის 10 მილიონიანი შეთავაზება "წმინდანებმა" არ მიიღეს. "ეშმაკებს" სჭირდებათ პრემიერ ლიგაში გამოცდილი, ახალგაზრდა, ქარიზმატული მარჯვენა მცველი და მის შესაძენად ყველაფერი უნდა გააკეთონ.
დანიელ კარვახალიასაკი: 23 წელიპოზიცია: მარჯვენა მცველიამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"სატრანსფერო ფასი: 27 მილიონიმადრიდის რეალში ძველი ამბები გრძელდება, გუნდი საკუთარ აღზრდილ მოთამაშეებს თითქმის შანსს არ აძლევს. დანი კარვახალიც შესაძლოა კალეხონის, კანალესის, ხუან მატას და მორატას გზას დაადგეს. საქმე იმაშია, რომ 23-წლის მცველი, რომელიც ბოლო ორი სეზონია თითქმის შეუცვლელი ფიგურაა, "რეალში" დარჩენის შემთხვევაში დიდი ალბათობით სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს და ეს იმის დამსახურებაა, რომ მადრიდელებმა "პორტოდან" დანილო შეიძინეს. კარვახალს არ უნდა ხიბლავდეს სიტუაციის ასეთი განვითარება, რადგან მან როგორც იქნა ნაკრებში ფეხი მოიკიდა და ამ დროს უთამაშებლობა ნამდვილად არ წაადგება. შექმნილი მდგომარეობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" უნდა ისარგებლოს და კარვახალი თავისთან წაიყვანოს, რადგან ესპანელი მართლაც კარგი ფეხბურთელია და უკვე გამოცდილიც. იგი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, თანაც მოთამაშის რანგში და არა "მაყურებლის".