დეილი ბლინდი ტრავმის მოშუშების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდა, სადაც მისმა გუნდმა მიმდინარე წლის პირველი მარცხი განიცადა.
დუშან ტადიჩი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც გოლის გატანა მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა გამოუვიდა, "წითლებმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 1-0 დამარცხდნენ.
"იმედი ძალიან გამიცრუვდა. პირველი შეგრძნება ასეთი იყო, ჩვენ პირველ ნახევარში, შესაძლოა პირველ წუთებზე მხოლოდ ერთი შანსი მივეცით მათ და შემდეგ დაცვაში კარგად ვთამაშობდით. მაგრამ როცა ბურთს ვიღებდით, უფრო მომთმენები უნდა ვყოფილიყავით და შანსებს დავლოდებოდით. ხანდახან მცირედით ვჩქარობდით."
"როცა ისინი 1-0 დაწინაურდნენ, რამდენიმე მომენტი შევქმენით და შესაძლოა საკმარისიც კი იყო იმისთვის, რომ მოგვეგო. მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ და ამის შემდეგ ყოველთვის რთულდება. ისინი მუდამ თავს იცავდნენ და როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ, რაც ძალიან სამწუხაროა." - განაცხადა ბლინდმა.
ამ შედეგის შემდეგ "წმინდანები" სატურნირო ცხრილში "იუნაიტედს" უსწრებენ და ბლინდს მიაჩნია, რომ მომდევნო მატჩში, რომელსაც მისი კლუბი "ქპრ-ს" წინააღმდეგ გამართავს სიტუაცია გამოსწორდება.
"ჩვენ უნდა აღვდგეთ. ერთმანეთის გვერდიგვერდ გუნდურად უნდა დავდგეთ და ვარჯიშებზე ყველაფერი გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, კარგი კვირა ვიქონიოთ, რადგან მომდევნო უქმეებზე გამარჯვება გვჭირდება." - დაასრულა ბლინდმა.