"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში მხოლოდ მინდვრის ფეხბურთელებზე არ იფიქრებს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დიდი ნაბიჯი გადადგა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი კარის დარაჯის გაფორმებისკენ, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ინგლისელ მეკარეს, ბენ ამოსს, გზა გაუხსნა და სურვილის შემთხვევაში წასვლის საშუალება მისცა.
ამასთან ერთად დიდი ალბათობით "ოლდ ტრაფორდს", წითლების ნომერ მეორე მეკარეც, ანდერს ლინდეგაარდიც, დატოვებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ლუი ვან გაალს ორი ვაკანტური ადგილი უჩნდება მეკარის პოზიციაზე და ჰოლანდიელი ეცდება კარგი მეკარეების დამატებით, დავიდ დე ხეას კონკურენტები გაუჩინოს.
ბენი, რომელიც 24 წლის გახლავთ, გუნდში 11-წლიდან ირიცხება. მისი დებიუტი 2008 წელს ლიგის თასზე, "მიდლსბროს", წინააღმდეგ შედგა. პირველ გუნდში მან მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა და ბოლო შემთხვევა 3 წლის წინ იყო. ახალგაზრდა ინგლისელს, რომელიც თავის დროზე ძალიან პერსპექტიულ მეკარედ ითვლებოდა და ახალგაზრდული ნაკრების კარსაც იცავდა, გუნდმა განუცხადა რომ თუკი შემოთავაზება იქნება ისინი მას ხელს არ შეუშლიან.
ამასობაში, დანიელი მეკარის ანდერს ლინდეგაარდის მიმართ ინტერესს მშობლიური "მოლდე" იჩენს, თუმცა "იუნაიტედი" ეცდება სკანდინავიელებთან შეთანხმებას მიაღწიოს და ანდერსი, ორიან ნილანდში გაცვალოს. 24-წლის ორიანი, როგორც კლუბის ასევე ქვეყნის ეროვნული გუნდის პირველი მეკარეა და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.
ამოსის და ლინდეგაარდის შესახებ გავრცელებული ეს ინფორმაციები ერთი-ორად ზრდის ვიქტორ ვალდესის "იუნაიტედში" ჩარიცხვის შანსებს, "ბარსელონას" ყოფილი გოლკიპერი უკვე დიდი ხანია "კარინგტონის კომპლექსში" ვარჯიშობს, თუმცა ვან გაალის განცხადებით ესპანელი კიპერი მხოლოდ ფორმის აღდგენას ცდილობს. ასეა თუ ისე ვალდესის სახით "ეშმაკები" მართლაც კარგ მეკარეს დაიმატებენ, თანაც სრულიად უსასყიდლოდ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლუკ შოუ კვირას გასამართი მატჩისთვის მზად იქნება და დიდი ალბათობით ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველივე წუთიდან შეძლებს თამაშს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ინგლისელმა დაზიანება "იოვილის" წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც შესვენების შემდეგ შეცვალეს, თუმცა გამოკვლევებმა აჩვენეს რომ ყველაფერი მწყობრშია და ლუკი სრულიად ჯანმრთელია.
წყარო:
dailymail