შესაძლოა, კიდევ ერთი ბელგიელი რეზერვის ფეხბურთელი გაჰყვეს ადნან იანუზაის კვალს და მიიღოს ძირითად გუნდში თამაშის შანსი. 19 წლის ჩარნი ეკანგამენემ განაცხადა, რომ მას შანსი ჰქონდა ეთამაშა "ასტონ ვილასთან" მატჩში და აღნიშნა, რომ "მანჩესტერში" მას "ახალ კლოდ მაკელელეს" უწოდებენ.
"მე მოულოდნელად მაცნობეს, რომ სასტუმროში მელოდებოდნენ, იქ სადაც გუნდი ჩერდებოდა "ვილასთან" მატჩამდე და მითხრეს, რომ რაც შეიძლება მალე მივსულიყავი მათთან." - განაცხადა ჩარნიმ HLN.be-სთან ინტერვიუში. "ფილ ნევილმა მითხრა, რომ მე ამ მატჩში მწვრთნელის გეგმებში ვიყავი. საბოლოოდ თამაშს მხოლოდ ტრიბუნებიდან მივადევნე თვალი, თუმცა ამას მაინც კარგ გამოცდილებად მივიჩნევ."
"ვინმე იფიქრებდა, რომ მე ამ ასაკში პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებდი სრულფასოვნად?! რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მწვრთნელი მე უკვე მენდობა. ჯერ მასთან არასდროს მისაუბრია."
"რობინ ვან პერსი და სხვა გუნდის ვარსკვლავები უკვე მიცნობენ მე. ყოველ დღე საუზმის დროს ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით და ვსაუბრობთ. ასე რომ, უკვე აღარ გავგიჟდები გიგზთან ან ფელაინთან შეხვედრისას."
"კლუბი თვლის, რომ ჩემი სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს კლოდ მაკელელეს სტილს. მე შემიძლია სწრაფად ვიაზროვნო მოედანზე, ტექნიკასთანაც არ ვარ ცუდად, ასევე შემიძლია ადვილად ავართვა ბურთი მეტოქეს."