მეისონ გრინვუდის პროფილი კვლავ გამოჩნდა კლუბის ოფიციალურ საიტზე პირველი გუნდის ფეხბურთელების სიაში, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ სეზონში.
როგორც მოგეხსენებათ, 21 წლის გრინვუდი 2022 წლის იანვარში დააკავეს მეგობარი გოგონას ფიზიკური დაზიანებისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. შემდეგ ის კვლავ დააკავეს გირაოს პირობების დარღვევის სანაცვლოდ. მისი სასამართლო პროცესი 2023 წლის ნოემბერში იყო ჩანიშნული, თუმცა დღეს მანჩესტერის პოლიციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ფეხბურთელს ყველა ბრალდება მოხსნილი აქვს.
კლუბმა გრინვუდის პირველი დაკავების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით ამოიღო იგი პირველი გუნდის სიიდან. ბრალის მოხსნის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება გრინვუდის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა ის კვლავ დააბრუნეს ოფიციალურ საიტზე პირველი გუნდის ფეხბურთელების სიაში.
ფორმალურად 2001 წლის ოქტომბერში დაბადებული გრინვუდი 21 წლამდე ფეხბურთელად ითვლება და კლუბს არ სჭირდება მისი 25 კაციან განაცხადში დარეგისტრირება, რათა მან პრემიერ ლიგის ამ სეზონში ითამაშოს. თუმცა რეალურად რას გადაწყვეტს „იუნაიტედი“ გრინვუდთან დაკავშირებით, მოგვიანებით გამოჩნდება.