"მანჩესტერ იუნაიტედი" მისი ამჟამინდელი მენეჯერის ოლე გუნარ სოლსკიაერის გათავისუფლებას აქტიურად განიხილავს. მიზეზი საკმაოდ ნათელია - ცუდი შედეგები, წაგებების სერია.
ვინ შეცვლის ნორვეგიელ სპეციალისტს? ყველაზე აქტუალური კითხვა რომელიც სპორტულ პრესაში ტრიალებს.
The Athletic-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" სათავეში მოსვლის ერთ-ერთი პრეტენდენტი არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოა.
"ტოტენჰემის" ექს-თავკაცი ამჟამად ფრანგულ "პსჟ"-ს ხელმძღვანელობს. თუმცა, წყაროს ცნობით, ეს გარიგება შესაძლებელია მხოლოდ 2021/2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ შედგეს. როგორც ჩანს "ოლდ ტრაფორდელები" ფრანგული გრანდიდან მწვრთნელის განთავისუფლებას დაელოდებიან.
ინგლისის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" 17 ქულით ცხრილის მეექვსე ადგილს იკავებენ. რაც სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ გახლავთ.