დევიდ მოიესის "ვესტ ჰემის" ინგლისელმა ნახევარმცველმა დეკლან რაისმა კარიერა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს.
Manchester Evening News - ის მიერ გავრცელებული ცნობით, რაისი "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების წინააღმდეგი არ არის, მეტიც მას სურს რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდის მაისური გრძელვადიანი პერსპექტივით მოირგოს.
აღნიშნული წყარო ასევე იუწყება, რომ დეკლანმა, სანაკრებო პაუზის დროს, გასულ თვეში, "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელებს ლუკ შოუს და ჰარი მაგუაიერს მისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ლონდონის "ჩელსი" აღარ აპირებს იბრძოლოს "ჩაქუჩების" ნახევარმცველისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" ითვლება უპირობო ლიდერად ამ უკანასკნელის ტრანსფერისთვის ბრძოლაში.
"წითელი ეშმაკები" ბოლო 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ დეკლან რაისის კარიერის განვითარებას. "გლეიზერების" გუნდის სკაუტებს სჯერათ, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ამასთან, რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, "ვესტ ჰემი" ინგლისელის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს ითხოვს. შესაძლებელია ტრანსფერში "ოლდ ტრაფორდელების" მხრიდან ჯესი ლინგარდი ჩაერთოს, ვინაიდან და რადგანაც ჯესი არენდის წესით სწორედ მოიესის გუნდში ასპარეზობს ამჟამად.