"მანჩესტერ იუნაიტედის" "ლივერპულთან" დაპირისპირებას ზედმეტი სიტყვები არ სჭირდება. ეს უდიდესი მატჩია ორივე კლუბისთვის.
ოლე გუნარ სოლსკიაერის ბიჭები სამი ქულით უსწრებენ პრემიერ ლიგის ჩემპიონებს, მესამე ადგილოსან "მანჩესტერ სიტის" კი 4 ქულით ჯობნის სატურნირო ცხრილში.
შეხვედრის წინ ოლესაც და იურგენ კლოპსაც მოუწევთ რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით მოცდა, რათა მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია, სანამ სასტარტო შემადგენლობას შეარჩევენ.
"ბარნლისთან" მოგებულ მატჩში ენტონი მარსიალმა და ნემანია მატიჩმა მცირე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც ფრანგს მოედნიდან ნაადრევად გასვლა მოუხდა.
მატჩის დაწყებამდე კი ვიქტორ ლინდელოფი კვლავ შეაწუხა ზურგის ტრავმამ, თუმცა მისმა შემცვლელმა ერიკ ბაიიმ ჰარი მაგუაერთან ერთად შესანიშნავი კედელი აღმართეს "ბარნლის" თავდასხმის წინააღმდეგ. შესაძლებელია, რომ ოლემ სამი ცენტრალური მცველიც გაამწესოს, როგორც ეს შარშან გააკეთა, როცა ლუკ შოუმ მაგუაერთან და ლინდელოფთან ერთად დაიკავა დაცვის ცენტრალური ხაზი, ხოლო აარონ ვან-ბისაკამ და ბრენდონ უილიამსმა ფლანგები ჩაიბარეს 0-2 წაგებულ მატჩში.
იმავე მატჩში სასტარტოში გამოვიდნენ დენილ ჯეიმსი და ანდრეას პერეირა, რომელიც ამჟამად "ლაციოში" თამაშობს იჯარის წესით. მარკუს რეშფორდი კი ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას, მაგრამ ამჯერად მას დიდი ალბათობით სასტარტოში ვიხილავთ. გასული წლის შემდეგ გუნდის შემტევ პოტენციალს ასევე დაემატა ედინსონ კავანისა და ბრუნო ფერნანდეშის კრეატივი.
უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს სოლსკიაერს ნახევარდაცვის ხაზში, სადაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი პოლ პოგბამ ბოლო მატჩებში, ხოლო მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი ფრედი კი "ბარნლისთან" სპეციალურად დაასვენა მწვრთნელმა. იმავე მატჩში კარგად იასპარეზა ნემანია მატიჩმაც და მატჩის მიწურულს მოედანზე სკოტ მაკტომინეიც ვიხილეთ.
სასტარტოში მოხვედრის სავარაუდო კანდიდატებად შეიძლება განვიხილოთ მეისონ გრინვუდიცა და დენიელ ჯეიმსიც, რომელიც ასევე მწყობრში არიან.
"ლივერპულის" შემადგენლობაკლოპის გუნდს ოქტომბრის შემდეგ აკლია კაპიტანი ვირჯილ ვან დაიკი, რომელიც მერსისაიდულ დერბიში დაშავების შემდეგ ვერ ახერხებს მოედანზე დაბრუნებას. ტრავმა აქვს ვან დაიკის მეწყვილე ჯო გომესსაც, თუმცა ინდივიდუალურ ვარჯიშებს დაუბრუნდა ჯოელ მატიპი.
დაცვის ოთხეულის ცენტრში ხშირად თამაშობდნენ ფაბინიო და ჯორდან ჰენდერსონი, თუმცა აქ ნეტ ფილიპსისა და რის უილიამსის ხილვა უფრო მოსალოდნელია.
გამოჯანმრთელდნენ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ტიაგო ალკანტარა, შემტევი ტრიო სადიო მანეს, რობერტო ფირმინოსა და მოჰამედ სალაჰის სახით კი იშვიათად ტოვებენ მატჩებს. თუმცა კვლავ უქმობს დიოგო ჟოტა და ნაბი კეიტა.
წყარო:
manutd.com