"მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთი ცარიელდება - ეშლი იანგი და კრის სმოლინგი უახლოეს დღეებში მოედანს დაუბრუნდებიან. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მათი თამაში "სტოკის" წინააღმდეგ უკვე შესაძლებელი იქნება. შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც ლაზარეთს დატოვებს ფილ ჯონსი იქნება. ექიმების თქმით, ჯონსის გამოჯანმრთელების პროცესი სწორად მიმდინარეობს და მალე მასაც შეეძლება ვარჯიშის განახლება. "იუნაიტედს" ტრავმების გამო დაცვაში პრობლემები ჯერ კიდევ წინა სეზონის დასასრულში შეექმნა - სმოლინგმა მაისში, "სუონსთან" მატჩში მიღებული დაზიანების გამო 4 თვეზე მეტი გამოტოვა. კრისმა ვერ შეძლო გუნდის დახმარება ვერც სეზონის მოსამზადებელ შეხვედრებში. ახლა კი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ის კლუბს დაუბრუნდა და წინა კვირაში "კარინგტონზე" ვარჯიში სრულად ჩაატარა. რაც შეეხება იანგს, მან "იუნაიტედის" ბოლო 8 შეხვედრა გამოტოვა. ეშლის უქმეობა აგვისტოში, "ფულჰემთან" მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ დაიწყო. იანგმაც ასევე სრულად ჩაატარა ვარჯიში და "სტოკთან" მატჩში შეძლებს დაბრუნებას. ფილ ჯონსი კი ოდნავ მოგვიანებით, 2 ნოემბერს "არსენალის" წინააღმდეგ შესაძლოა ვიხილოთ.