პაულო დიბალას აგენტმა განაცხადა, რომ ფორვარდს "იუვენტუსიდან" წასვლა სურს.
25 წლის ფეხბურთელმა ტურინში გატარებული ხუთი წლის განმავლობაში ოთხჯერ მოიგო სერია A და სამჯერ - იტალიის თასი, მაგრამ მისი აგენტი და ძმა გუსტავო აცხადებს, რომ ფეხბურთელი კლუბში ბედნიერად ვეღარ გრძნობს თავს, რაც გამოწვეულია მიმდინარე სეზონში პერიფერიული როლის თამაშით.
დიბალას სახელს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ და "წითლებს" "ბებერ ქალბატონთა" შემადგენლობის სხვა წევრების შეძენაც სურთ, არგენტინელის აგენტი კი ასევე ცხადყოფს, რომ მისი ძმის ბედს ბევრი სხვა ფეხბურთელიც გაიზიარებს სეზონის მიწურულს. "უამრავი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ პაულომ "იუვენტუსი" დატოვოს. მას ცვლილებები სჭირდება.
ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, საზღვარგარეთ წავა თუ იტალიაში დარჩება, მაგრამ თუ ადრე იტალიაში თავს ბედნიერად გრძნობდა, ახლა ასე არ არის.
მოდი ვაღიაროთ, რომ პაულო იტალიაში აღარ არის ბედნიერი და არც "იუვენტუსის" სხვა ფეხბურთელები გრძნობენ თავს ბედნიერად. კლუბს მხოლოდ ის არ დატოვებს", - განაცხადა აგენტმა.
გასულ ზაფხულს "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ შეიძინა 105 მლნ. ფუნტად, რამაც გამოიწვია დიბალას სათამაშო დროის შემცირება, მაგრამ გუსტავო აცხადებს, რომ დუეტს ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.
"არა, მოედანს მიღმა კრიშტიანუსთან არავითარი პრობლემა არ არის. პრობლემა მოედანზეა. პაულო ახალგაზრდაა, მას თამაშის სურს".