თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2019, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1584,
კომენტარები: 0
უპირატესობა (ნაწილი II)
თავი V
უპირატესობა (ნაწილი II)
შთაგონება

ადამიანებისგან საუკეთესო შედეგებს ვერ მიიღებ რკინის წნელებით ცემის შედეგად. ამის მიღწევა პატივისცემის მოპოვებით, გამარჯვებებს შეგუებით და საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებისადმი რწმენის ჩანერგვით შეიძლება. ვერ ვიხსენებ ვერცერთ მწვრთნელს, ვინც ხანგრძლივ წარმატებას აღწევდა თავის ხელქვეითებში შიშის ჩანერგვით. გამოდის, რომ ინგლისურ ენაში ორი ყველაზე ძლიერი სიტყვა - „კარგი სამუშაოა“. ლიდერობის უმნიშვნელოვანესი მომენტი ის არის, რომ აღმოაჩინო შესაძლებლობების ის ხუთი პროცენტი, რომლის შესახებ ფეხბურთელმა არაფერი უწყის.

მოვიგებდით თუ წავაგებდით, წინა სეზონის მოგონებები გონებიდან ყოველთვის უნდა ამოგვერეცხა. წინა წელს კარგი სამუშაოს გაწევა როდი იყო შედეგის ავტომატურად გამეორების გარანტია. ხოლო თუ ვმარცხდებოდით, არაფერში მერგო წარუმატებელი ბახუსის გაგრძელება. სამწვრნელო შტაბი, განსაკუთრებით სპორტული მეცნიერების სპეციალისტები, წინასასეზონო მომზადებამდე და მისი მიმდინარეობისას, ჩემთან ახალი იდეებით მოდიოდნენ, მაგრამ ფეხბურთელებთან ერთად არასდროს მომიწყვია მატჩების ანალიზი. მათ სავარჯიშო მოედანზე ნახევარწრეზე ვკრებდი და კიდევ ერთხელ ვაკეთებდი აქცენტს გამარჯვების სურვილზე, ამას კი მიზნის დასასახად ვიყენებდი. გამოცდილ ფეხბურთელებს, რომლებსაც „იუნაიტედში“ წარმატების გემო ჰქონდათ გაღებული, ვეკითხებოდი, რამდენი მედალი მოიგეს. ვეუბნებოდი, რომ სანამ 10 მედალს არ მოიგებენ, „იუნაიტედის“ ფეხბურთელებად არ ჩაითვლებიან. მახსოვს, როგორ ვუთხარი რიო ფერდინანდს, რომ საკუთარი თავისთვის „იუნაიტედის“ ფეხბურთელი არ უნდა ეწოდებინა, სანამ რაიან გიგზის დონეს არ მიაღწევდა. რა თქმა უნდა, ეს შეუსრულებელი მისია იყო.

რთული საქმეების კეთება გაცილებით მარტივია, როცა ყველას მოსწონხარ. არასდროს ვესწრაფოდი სახელის მოხვეჭას, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ყურადღება არ მომეკლო „იუნაიტედელ“ - ან სხვა კლუბის, სადაც მიმუშავია - ხალხზე, რომლებიც კულისებს მიღმა იყვნენ - ჩვენი დაუფასებელი გმირები. ეს არ იყო თვალთმაქცობა, უბრალოდ ასე მიმაჩნდა მართებულად. ამ ხალხს არ უხდიდნენ მილიონებს და არც ხალხის აღფთოვანებას იწვევდნენ, არ ეკეთათ „პეიტეკ ფილიპის“ წარმოების საათები და არც „ბენტლის“ ფლობდნენ. ზოგიერთი მათგანი - სამრეცხაოს, სტადიონის თანამშრომლები თუ ოფიციანტები - სამსახურში ავტობუსით დადიოდნენ. მათზე იდგა კლუბი. ზოგიერთი მათგანი „იუნაიტედში“ უფრო დიდი ხანი იმყოფებოდა, ვიდრე რაიან გიგზი. ისინი კლუბის თავისებური საჯარო მოხელეები იყვნენ - მათ გამოიცვალეს ხელმძღვანელობა, „იუნაიტედის“ თაობების მემკვიდრეობას უწყობდნენ ხელს და გვაკავშირებდნენ ჩვენს შთამომავლობასთან. ჩემთვის ძალიან მარტივი იყო მათთან სულიერი სიახლოვის პოვნა, რადგანაც მათი უმრავლესობა იმავე წარმომავლობისაა, რაც მე.

ზოგიერთი მწვრთნელი ფეხბურთელებს შორის სახელის მოხვეჭას ერთ-ერთ მათგანად ქცევით ცდილობს. შენ, ლიდერი, კი არ უნდა უყვარდე, არამედ დროდადრო სასარგებლოა, რომ შენი ეშინოდეთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა - პატივს უნდა გცემდნენ. არსებობს გარკვეული არსებითი ჩარჩო და როცა მისი ფარგლები ირღვევა, ცხოვრება რთულდება. „რეინჯერსში“ როცა ვთამაშობდი, ახალი მწვრთნელი, დევიდ უაითი დაიქირავეს. ახალგაზრდა იყო; კარგი ადამიანი, მაგრამ ეს საქმე მხრებზე მძიმედ აწვა. კლუბმა მასში შიში ჩანერგა და ამავდროულად „სელტიკელი“ ჯოს სტეინის ჩრდილში იმყოფებოდა. ფეხბურთელები პატივს არ სცემდნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა იყო. იგივე მოხდა „იუნაიტედში“, როცა 1969 წელს უილფ მაკჰინესმა მეტ ბასბი შეცვალა. უილფის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ფაქტორი მეტყველებდა. მან ლეგენდის ადგილი დაიკავა, მხოლოდ 31 წლის იყო და წვრთნიდა იმ ფეხბურთელებს, რომლებთან ერთადაც თამაშობდა. ეს დავალება მის ძალებს აღემატებოდა. „იუნაიტედში“ ჩემს წინამორბედ როი ატკინსონს იგივე ვითარება ჰქონდა. მან უფრო მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე უილფმა, მაგრამ მანაც დაძმობილება ამჯობინა ფეხბურთელებთან. ეს უბრალოდ არ ამართლებს. ლიდერი - არ არის ერთ-ერთი მათგანი.

უპირატესობა (ნაწილი II)


საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა. ეს შეიძლება აისახოს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებში. მაგალითად, ავტობუსში ყოველთვის წინა სავარძელზე ვჯდებოდი. ფეხბურთელები აცნობიერებდნენ ამ დისტანციას და სეზონის ბოლოს გამართულ წვეულებებზე არასდროს მეპატიჟებოდნენ. მთელი სამწვრთნელო შტაბი იქ იყო, ჩემ გარდა. ეს შეურაცხყოფად არ მიმიღია. მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო. ერთადერთი გამონაკლისის გარდა „აბერდინის“ არცერთი ფეხბურთელის ქორწილს არ დავსწრებივარ. არსებობდა ზღვარი, რომელზე გადაბიჯებასაც ვერ ბედავდნენ და ისინი ჩემს პოზიციას პატივს სცემდნენ. ასე უფრო ადვილია ცხოვრება, რადგან ფეხბურთელებთან მიმართებაში მწვრთნელს სენტიმენტალურობის უფლება არ აქვს. ერთხელ ჯოკ სტეინმა მითხრა: „ნუ შეიყვარებ ფეხბურთელებს, რადგან ისინი მოგატყუებენ“. შესაძლოა, ცოტა მკაცრად ნათქვამია, მაგრამ ჯოკი მართალი იყო: არ უნდა მიეჯაჭვო ადამიანებს, რომლებიც შენთვის მუშაობენ. ერთადერთი, როცა ეს მიჯაჭვულობა უნდა გამოავლინო, არის შემთხვევა, როცა მათ უსიამოვნებები აქვთ, როცა შენი რჩევა სჭირდებათ. ვერ დავთვლი, რამდენჯერ დავხმარებივარ ჩემს ფეხბურთელებს პირად პრობლემებთან დაკავშირებით და ვამაყობ, რომ მენდობოდნენ და იცოდნენ, რომ საუბარი ჩვენ შორის დარჩებოდა. ასეთ სიტუაციებში მოციქულივით, მამასავით ან იურისტივით ვიქცეოდი - ვინც გინდათ ის, ოღონდ კი პრობლემა გადაჭრილიყო. და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მოდიან ჩემთან რჩევის საკითხავად, რაც მეტყველებს ნდობაზე, რაზეც დაფუძნდა ჩვენი ურთიერთობა.

ფეხბურთელი რომ მოხუცდება, კლუბისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე მისდამი სიკეთის გამოვლენა არ ღირს. ყველაფერი საფეხბურთო მოედანზე ჩანს. ის არ იტყუება. რამდენიმე საშინელი გადაწყვეტილების მიღება მიხდებოდა, ზოგჯერ შეუბრალებლობა უნდა გამომევლინა. არასდროს მქონია ფეხბურთელებისგან ჩემდამი სიყვარულის გამოვლენის მოლოდინი, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ მათ ვძულებოდი, რადგან ამ შემთხვევაში მათგან მაქსიმუმს ვეღარ მივიღებდი. ყველაფერი, რაც მე მჭირდებოდა - პატივისცემა და ჩემი მითითებების შესრულება იყო.

თუ ადამიანებს ვერ უგებ, ძალიან რთულია მათი მოტივირება. ამას მრავალი წლის წინ შოტლანდიაში მივხვდი, როცა პატარა ბიჭმა გაკვეთილი ჩამიტარა. „აბერდინის“ მწვრთნელობისას ყოველ სამშაბათს ღამე გლაზგოში მივემგზავრებოდი, რათა „ასტროტერფის“ მოედანზე ბავშვების ვარჯიში მენახა ახალგაზრდების აღმოჩენის მიზნით. ერთ საღამოს სპორტული ტანსაცმელი მეცვა, რომელზეც ამოქარგული იყო ინიციალები „აფ“ და შევხვდი რვა წლის ბიჭს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა. ვუთხარი: „გადააგდე სიგარეტი, შვილო. მამაშენი რას იფიქრებს, რომ ნახოს, როგორ ეწევი?“ ბიჭმა შემომხედა და მომაძახა: „მომწოვე!“ და წავიდა. ჩემი დამხმარე არჩი ნოქსი თან მახლდა და სიცილს ვერ იკავებდა იმის გამო, რომ ამ პატარა ბიჭმა ადგილზე მომსვა. მაგრამ როცა მომხდარზე ჩავფიქრდი, გავაცნობიერე, რომ ამ ბიჭის შესახებ არაფერი ვიცოდი. წარმოდგენა არ მქონდა, საიდან იყო წარმოშობით, როგორი მშობლები ჰყავდა, დასცინოდნენ თუ არა ამხანაგები და რატომ იყო მასში ამდენი სიბოროტე. თუ მსგავსი რამ არ იცი ადამიანის შესახებ, მაგრამ მის პიროვნებას კარგად იცნობ, მისგან ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ. სანამ ფეხბურთელს შევიძენდი, მითუმეტეს ახალგაზრდებს, ყოველთვის ვცდილობდი, გამეგო, როგორ გარემოში გაიზარდა. პირველ 10-12 წელს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე, მის საქციელსა და მომავალზე.

მოტივაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი - თანმიმდევრულობაა. ლიდერი გემის კიჩოდან მის ცხვირამდე ვერ ირბენს. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ შენში საქმისადმი გარკვეული მიდგომის უშრეტი რწმენა ცოცხლობს. თუ ამის ჩვენებას ვერ ახერხებ, ძალიან მალე დაკარგავ გუნდს. ფეხბურთში არსებობს ასეთი ფრაზა - „ფეხბურთელები მწვრთნელის გულისთვის არ თამაშობენ“ და ასეთი რამ ათასჯერ მინახავს. ეს და მწვრთნელის სიკვდილი ერთი და იგივეა, რადგან ეს საქმის ჩაფლავებას ნიშნავს - ფეხბურთელების მოტივაცია, მიჰყვნენ მათ მითითებებს. არათანმიმდევრულობა მხოლოდ მაშინაა კარგი, როცა ცვლილებების შეტანაა საჭირო, რადგან სამყაროც იცვლება. ყოველთვის მქონდა ცდუნება, რამე შემეცვალა ან უფრო უსაფრთხო გზა ამერჩია, როცა საქმე არც ისე კარგად მიდიოდა. ეს არ ამართლებს. ხანდახან, როცა ვმარცხდებოდით, ჩვენს შესახებ ჭორები დადიოდა, თითქოს ფეხბურთელები ფიქრობდნენ, რომ ვარჯიშები უფრო მარტივი უნდა იყოს, რომ ჩვენი შედეგები უფრო გაუმჯობესდება, თუ ვარჯიშებზე ტექნიკის დამუშავების ნაცვლად უკონტაქტო ფეხბურთით დავკავდებოდით. ამ წინადადებაზე არასდროს ვფუძნდებოდი. ყოველკვირა თითოეულ მოედანზე უამრავი ადამიანია, ვინც ერთად, კოლეგებისა თუ პაბში გაცნობილი მეგობრის წინააღმდეგ თამაშობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკეთესი ფეხბურთელები გახდებიან. მე უბრალოდ მჯერა, რომ ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფაზე ხანგრძლივი მუშაობა აუმჯობესებს შედეგებს და არ ვაპირებდი სხვების გასახარად რაიმეს შეცვლას.

უპირატესობა (ნაწილი II)


როგორც წესი, ლიდერები ვერ აცნობიერებენ ან ნაკლებად აფასებენ მათი არსებობით წარმოქმნილ სამოტივაციო ძალას. ვერავინ ხედავს საკუთარ თავს ისეთს, როგორც სხვები. ეს ბოლომდე მანამ ვერ გავაცნობიერე, სანამ ერთხელ რიო ფერდინანდი არ მესაუბრა. საზღვარგარეთ მოგზაურობისას ფეხბურთელზე დაკვირვების გამო რამდენიმე ვარჯიში გამოვტოვე. რიომ მითხრა: „სად იყავით? აქ რომ არ ხართ, ყველაფერი სხვანაირია“. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ კარლოშ კეირუში ატარებდა ვარჯიშებს და ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩემი მეთოდები მოითხოვდა. რიომ ჩემი არყოფნა შეამჩნია და შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი მოდუნდა იმის გამო, რომ კიდესთან მე არ ვიდექი. არ ვიცი, სინამდვილეში ასე იყო თუ არა, რადგან იქვე არ ვყოფილვარ და სწორედ ამაშია მთელი არსი.

რიოს დაკვირვება უყურადღებოდ არ დამიტოვებია. ამის შემდეგ, როცა რომელიმე ფეხბურთელზე დაკვირვება ან მოწინააღმდეგის შეფასება იყო საჭირო, კერძო თვიმთმფრინავს ვუკვეთავდით, რათა მომდევნო დღეს კვლავ სავარჯიშო მოედანზე ვყოფილიყავი მაშინაც კი, თუ დასაძინებლად ღამის 2 საათზე ვწვებოდი. მომხდარიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე: ვარჯიშების დროს ხმაც რომ არ ამომეღო (მე კი იშვიათად ვიღებდი ხმას), ჩემი დასწრება გაცილებით მნიშვნელოვანი იყო მოტივაციისთვის, ვიდრე წარმოვიდგენდი. ჯგუფის ხელმძღვანელი ძლიერი ადამიანი უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს ყოველ დიალოგში დომინირებას ან სასაუბრო ტონის ამაღლებას. ზოგიერთ ჩუმჩუმელას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს და შენობაში იდუმალი სიჩუმე სწორედ მაშინ ისადგურებს, როცა მათ რაღაც აქვთ სათქმელი. ძლიერი პიროვნება - ეს არის შინაგანი ძალისა და სიმტკიცის გამოხატულება.

ფეხბურთელებისგან შექებისას ყოველთვის უფრო მეტს ვიღებდი, ვიდრე მათი გაკრიტიკებისას. ფეხბურთელებზე, ისევე, როგორც ყველა ადამიანზე, სხვადასხვა ემოცია ახდენს გავლენას - საკუთარი თავისადმი ღრმა ურწმუნოებიდან დაწყებული, ჭარბ თვითრწმენამზე დამთავრებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გცოდნოდა, თუ როგორ ემოციას განიცდიდა ნებისმიერი ფეხბურთელი გარკვეულ დღეს. თუ ადამიანების მოტივირება გსურს, უნდა ხვდებოდე, როდის უნდა გამოიყენო მათი დაეჭვება საკუთარ თავში და როდის უნდა დაუჭირო მხარი მათ თვითრწმენას. ყველაზე კარგად ადამიანი მაშინ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს, როცა იცის, რომ თავისი ლიდერის ნდობა მოიპოვა.

მამაჩემი სიტყვაძუნწი ადამიანი იყო. არც შექებისას იჩენდა გულისხმიერებას. მისი მთავარი სურვილი ის იყო, რომ ღრუბლებში ფრენა არ დამეწყო და თავმდაბალი ვყოფილიყავი. ერთხელ ერთ მატჩში სამი გოლი გავიტანე, სახლში დავბრუნდი, მან კი მისაყვედურა: „კარში ცოტას ურტყამ, პასებსაც იშვიათად იძლევი“. ვფიქრობ, მამაჩემის სიტყვები იმას ემსახურებოდა, რომ უფრო მეტი მეშრომა და უფრო მეტი ქება-დიდების ღირსი ვყოფილიყავი, მაგრამ კარგი მატჩის შემდეგ მისმა ასეთმა სიტყვებმა გამანაწყენა. დედაჩემი და ბებია კი პირიქით, უამრავ კომპლიმენტს მიძღვნიდნენ, მაქებდნენ და ხარობდნენ ჩემი წარმატებით. წარსულზე ფიქრისას ზოგჯერ მიჩნდება კითხვა: ხომ არ ჩამომიყალიბეს მშობლებმა ორი უნარი? ერთი მაიძულებდა უფრო მეტ შრომას, მეორე კი მაგრძნობინებდა, რომ მეტიც შემეძლო.

არ მეშინოდა ფეხბურთელის გაკრიტიკების, როცა ვგრძნობდი, რომ მისი დახმარება შემეძლო, მაგრამ ამას ყოველთვის დადებითი კუთხით ვაკეთებდი. მაგალითად, ახალგაზრდა ფეხბურთელს ვეუბნებოდი, რომ გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ უფრო მეტ გადაცემას გააკეთებდა. ეს სიტყვები უფრო მალე აღწევს მიზანს, ვიდრე ყვირილი, რომ მისგან არასდროს არაფერი გამოვა, თუ ბურთს არავის გადააწოდებს. მატჩის შემდეგ ფეხბურთელების კრიტიკას ყოველთვის ვარიდებდი თავს. ჩემი საჯარო გამოთქმების გარეშეც მეტისმეტი ზეწოლა ხდება მათზე. კრიტიკას ცნობისმოყვარე თვალისგან მოშორებით, პირადი საუბრებისთვის ვინახავდი. თუ ფეხბურთელი არაზუსტ პასს გააკეთებდა, რამაც მეტოქის გოლი გამოიწვია ან გამარჯვების გოლის გასატან მომენტს ვერ იყენებდა, მას ვმფარველობდი. ყოველთვის შეიძლება მისცე პრესას წერის საბაბი - რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ, რამაც ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედა, პენალტის შესახებ, რომელსაც ჩვენთვის გამარჯვება უნდა მოეტანა, ტრავმირებულთა გრძელი სიისა თუ რთული კალენდარის შესახებ. ვცდილობდი, ფეხბურთელზე ზეწოლა მომეხსნა, რადგან მას არ სჭირდებოდა შეცდომის შეხსენება არც ჩემგან, არც ვინმესგან. ფეხბურთელთა უმრავლესობა საშინელებას განიცდის, როცა გუნდს დააღალატებს. მე მერჩივნა, ჯერ ფეხბურთელი დამეცვა, შემდეგ კი სიტუაციაში გავრკვეულიყავი.

უპირატესობა (ნაწილი II)


თითოეული ფეხბურთელი ინდივიდუალურია და მივხვდი, რომ ყოველ მათგანს განსხვავებული მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. ზოგიერთს ცოტა რამ თუ დასჭირდებოდა ჩემგან. ასეთები იყვნენ მოთამაშეები, რომლებმაც რამდენიმე ასეული მატჩი ჩაატარეს, შინაგან თავდაჯერებულობას ფლობდნენ და ჩემი ესმოდათ. ახალგაზრდები ან ისინი, ვინც სხვადასხვა მიზეზით ნაკლებად თავდაჯერებული გახლდათ, ჩემგან სხვაგვარ მოპყრობას მოითხოვდნენ. ვიცი, რომ ზოგჯერ ახალგაზრდების შიშის დონეს სათანადოდ არ ვაფასებდი. მთელი ახალგაზრდობა, რომელმაც „იუნაიტედის“ სისტემა გამოიარა, საკმაოდ შეშინებული იყო პირველი გუნდის გასახდელით. მაგრამ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს საზღვარგარეთიდან ჩამოსული ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს უთამაშია ინგლისში, არც ინგლისურად ლაპარაკობს და ვერც ხვდება, რას ამბობენ ირგვლივ მყოფები. ვიცი, რომ ტიმ ჰოვარდმა, რომელიც ამერიკული გუნდიდან „მეტროსტარზიდან“ შევიძინეთ და მაშინვე პირველ მეკარედ ვათამაშეთ, საგრძნობი განსხვავება შეამჩნია MLS-ის ბოლოადგილოსან გუნდსა და „იუნაიტედს“ შორის. მას სწრაფადვე მოუხდა იმ აზრთან შეგუება, რომ ხალხი, რომელთაც შორიდან ეტრფოდა, ახლა მისი თანაგუნდელები იყვნენ და ამის პარალელურად უფრო აგრესიული სამწვრთნელო სტილი დახვდა. არა მგონია, არსებობდეს ამქვეყნად რამე, რაც ადამიანს მოამზადებს გემთმშენებელი ქარხნის გლაზგოელი მუშის შვილთან მუშაობისთვის, როცა ეს უკანასკნელი მის ბედს აკონტოლებს.

შეგიძლიათ იფიქროთ, რომ როცა ერთ ფეხბურთელს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობ, ეს სხვების უკმაყოფილებას იწვევს. შესაძლოა, ასეც იყოს, თუ საქმე ბოღმიან მოთამაშეს ეხება. მაგრამ ხანდახან გამოჩნდება ადამიანი, ვისაც რაღაც განსაკუთრებული სჭირდება. ერიკ კანტონა ასეთთა რიგებშია. თავის ყოფილ კლუბებში იგი თავისებური იყო და უმართავი და რთული ფეხბურთელის რეპუტაცია მოიპოვა. მისი დისციპლინარული სასჯელების სია უფრო გრძელი იყო, ვიდრე თქვენი კიდურები. თითქმის დემონად მიაჩნდათ. ჩემი აზრით, ეს საშინელება იყო. როცა საქმე გაქვს უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთან, მას განსხვავებულად უნდა მოეპყრა. მე უბრალოდ გადავწყვიტე, წარსული დამევიწყებინა და ერიკთან ისე მემუშავა, როგორც ახალწვეულთან. როცა ერიკი ჩვენთან იყო, ყოველდღეიურად ვესაუბრებოდი - სავარჯიშო ბაზაზე, სასადილოსა თუ გასახდელში. მგრძნობიარე ადამიანი იყო, რომელსაც ადვილად აღაგზნებდა სხვადასხვა მოვლენა, მაგრამ მას ფეხბურთის შესახებ საუბარი უყვარდა და ეს განწყობის ამაღლების საშუალებად მადგებოდა. ერიკისა და სხვა განსაკუთრებული ფეხბურთელებისთვის ვაკეთებდი იმას, რასაც სხვებისთვის არასდროს ჩავდიოდი, მაგრამ არა მგონია, ამას ვინმე გაენაწყენებინა, რადგან ფეხბურთელებს ესმოდათ, რომ იშვიათი ნიჭის მქონეთ აქვთ შესაძლებლობები, რომლებიც მათ არ გააჩნიათ. ჩემი და ერიკის ურთიერთობას ხელი შეუწყო იმან, რომ არცერთი არ ვიყავით ინგლისელი და გარკვეულწილად ორივე უცხოდ ვგრძნობდით თავს. მაგრამ იმ ფეხბურთელებსაც კი შეეძლოთ არაპროგნოზირებადი საქციელის ჩადენა, რომლებისაც, როგორც მე მეგონა, კარგად მესმოდა. შედარებით დიდი ხანი ვერ ვაცნობიერებდი, რომ გარი ნევილი ღამე ვეღარ იძინებდა ჩემთან კამათის შემდეგ. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ფაქტს: ლიდერმა საკუთარი თავი მსმენელის ადგილას უნდა დააყენოს. მაგალითად, ფეხბურთელისთვის გამოსაშვები დღეების მიცემის შემდეგ ვაკონკრეტებდი, რომ მომდევნო მატჩში მისი იმედი მქონდა. ეს მეხმარებოდა, მაგრამ, შესაძლოა, არასრულად აკმაყოფილებდა მათ სურვილებს, ეთამაშათ ყოველ მატჩში და იმედი მაქვს, ჩემს გადაწყვეტილებას არ იგებდნენ ისე, როგორც მათ მიმართ უნდობლობის გამოვლენას.

უმეტეს შემთხვევაში ფეხბურთელებისთვის მიწევდა იმის თქმა, რომ უფრო მეტი ეშრომათ ან მეტი ენერგია დაეხარჯათ, მაგრამ იყო გარი პალისტერის მსგავსი რამდენიმე ადამიანი, რომელმაც „იუნაიტედში“ 1989 წლიდან 1998 წლამდე 437 მატჩი ჩაატარა - ასეთ ადამიანებს დამატებითი მუხტი სჭირდებათ. ირონია ის არის, რომ პალისტერი ჩემი საუკეთესო მცველი იყო, ვისთანაც მიმუშავია, მაგრამ ცხოვრებისადმი უდარდელი დამოკიდებულება ჰქონდა. ვარჯიში არ უყვარდა, მატჩების დროს კი ყოველთვის იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ 15 წუთი მატჩის რიტმის შესაგრძნობად სჭირდებოდა. 1990 წელს „ლივერპულთან“ პირველ ტაიმში უბრალოდ მაწამებდა. შესვენებაზე ვუთხარი: „უნდა შეგცვალო“. შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრდი და აზრი შევიცვალე: „არა, არ შეგცვლი. ჩემთან ერთად შენც დაიტანჯე“.

პოლ ინსი - მორიგი მაგალითია. კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჩვევად ჰქონდა ბურთით სირბილი და პასის გაკეთება არ უყვარდა. ზოგჯერ მისი დაშოშმინება მიხდებოდა და ასეც მოვიქეცი 1992 წელს „ნორვიჩთან“ მატჩის შემდეგ. ჩემპიონობისთვის ბრძოლა რომ გაგვეგრძელებინა გამარჯვება გვჭირდებოდა, ის კი მწყობრიდან გამოვიდა. მორთო ყვირილი, რომ ყოველთვის მას ვადანაშაულებდი, სხვა ფეხბურთელები კი აკავებდნენ. საპასუხოდ ვუთხარი: „მე არ გადანაშაულებ. შენ შეცდი. ბურთით დარბოდი, როცა პასი უნდა მიგეცა“.

ახალგაზრდობისას სიმძიმისკენ ვიყავი მიდრეკილი. მაკანკალებს, როცა მახსენდება 1983 წლის თასების თასის ფინალში მადრიდის „რეალის“ დამარცხებიდან სამ დღეში შოტლანდიის თასის ფინალში „აბერდინით“ „რეინჯერსთან" მოგების შემდეგ პირდაპირ ეთერში მიცემული ინტერვიუ, როცა ჩემი გუნდის „სამარცხვინო თამაში“ გავაკრიტიკე. მოგვიანებით, როცა გამოცდილება შევიძინე, საქმისადმი მიდგომის სტილი შევცვალე. არავითარი სარგებელი არ არის საჯარო კრიტიკაში. ეს არაფერს გაძლევს. ასე თავს დამცირებულად გრძნობს დამნაშავე და ვერავითარ მუხტს ვერ იძენენ მათ ირგვლივ მყოფები. ამიტომაც ვცდილობდი, რამდენიმე წესი დამეცვა. წარუმატებლობის შემდეგ მძიმე სიტყვებს ფეხბურთელთან პირადი საუბრისთვის ვინახავდი. მაგრამ კრიტიკაში ყოველთვის ვურევდი მხარდაჭერას და ვეუბნებოდი: „შენც ხომ იცი, რომ მეტი შეგიძლია. საერთოდ რაზე ფიქრობდი?“ მნიშვნელოვანი იყო, ყველას სცოდნოდა, რომ არავითარი დისციპლინარული სასჯელი არ იყო შემთხვევითი. წესები თანაბარია ყველასთვის და არ აქვს საპირისპირო ეფექტი. როცა რაიან გიგზი 1996/97 წლების სეზონში „იუვენტუსთან“ მატჩის შესვენებაზე შემეკამათა, მეორე ტაიმი მან უკვე სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. როცა პოლ სქოულზი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც „იუნაიტედის“ მაისური სცმია, რამდენიმე განუსჯელ ვარდნას ახორციელებდა, რაც შემდეგ გაძევებით სრულდებოდა, მის მიმართ დისციპლინარულ სასჯელს ვიყენებდი. მისი მოქმედებები გუნდს აღალატებდნენ. რაოდენ ძვირფასი ფეხბურთელიც არ უნდა ყოფილიყო, კანონზე მაღლა არც ის იდგა.

დიდ ნიჭთან მუშაობის კიდევ ერთი მთავარი ასპექტია მათი შეკავება შეუძლებლის ჩადენის მცდელობისგან. ზოგჯერ ვინმემ შეიძლება აკრობატული ნახტომით გაიტანოს გოლი ან სხვა განზრახული მოქმედება ჩაიდინოს, მაგრამ ამის იმედი წინასწარ არასდროს უნდა გქონდეს. როცა საქმე ცუდად მიდის, ყოველთვის ჩნდება ფოკუსებზე დაყრდნობის ცდუნება, რაც, ალბათ, კომიქსების ძველ ჟურნალ Boy’s Own Paper-ში გაამართლებდა, მაგრამ 75 ათასი სასოწარკვეთილი გულშემატკივრის წინაშე ეს მცდელობა ყოველთვის უიღბლობა იქნებოდა. როცა რთულ მატჩს ვატარებდით და ვმარცხდებოდით, ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს გუნდს, რომ პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ და საჯარიმოს გარედან არ დაერტყათ. ამის ნაცვლად მათ ვთხოვდი, თავი ხელში აეყვანათ, ბურთი დაებრუნებინათ და საჯარიმოში ჩაეწოდებინათ. გარი ნევილს, ჩვენს განუყოფელ მარჯვენა მცველს მრავალი წლის განმავლობაში, ჩვევად ჰქონდა 35 იარდიდან დარტყმა. ამას ჭკუიდან გადავყავდი. მატჩის შემდეგ ყოველთვის ვეკითხებოდი: „რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ეს არ ამართლებს? დისციპლინარული შრომისმოყვარეობა გაცილებით მეტ დივიდენდებს იძლევა, ვიდრე საგმირო საქმეების ჩადენის იმპულსური პრეტენზიები.

ადამიანებისგან საუკეთესო შედეგის მიღების ერთ-ერთი შემადგენელი საშუალება ჭეშმარიტი რწმენის გამოვლენაა მაშინ, როცა სამყაროს მათი სისხლი სწყურია. ფეხბურთი კი ამის გაკეთების უამრავ შესაძლებლობას იძლევა. 1995 წელს „კრისტალ პალასის“ აგრესიული და უხეში - რაც შემდეგ შევამჩნიე, როცა ინციდენტის ვიდეოჩანაწერს ვუყურე - გულშემატკივრის მიმართ ერიკ კანტონას ცნობილი კუნგ-ფუ დარტყმის შემდეგ კლუბმა, რომელმაც იგი ოთხი თვით მოკვეთა ფეხბურთიდან (ეს ვადა საფეხბურთო ასოციაციამ გააორმაგა), გააკეთა ყველაფერი, რათა მას დახმარებოდა. ერიკი გააძევეს, მას ეკრძალებოდა ვარჯიში და წინასასეზონო ტურნირზე ჩვენთან ერთად წამოსვლა - ცხადია, თავს მიტოვებულად და მივიწყებულად გრძნობდა. ძალიან ბევრს ვეცადე, რომ შეეგნო: ჩვენ მასზე ვზრუნავდით და საბოლოოდ, როცა იტალიურ კლუბში გადასვლის ზღვარზე იყო, ჩვენი რწმენა გახდა მიზეზი, რის გამოც მანჩესტერში დარჩა.

უპირატესობა (ნაწილი II)


რამდენიმე წლის შემდეგ, საფრანგეთში გამართულ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დევიდ ბექჰემი არგენტინელ დიეგო სიმეონესთან კამათის გამო მოედნიდან გააძევეს და ჩვენ გვინდოდა, დაგვერწმუნებინა, რომ მის მხარეს ვიყავით. მთელი პრესა ირწმუნებოდა, რომ ინგლისის ნაკრების დამარცხება ბექჰემის გაძევების ბრალი იყო და ამ თემით იყო აჭრელებული გაზეთები. უმოწყალოდ წერდნენ: „ათი გმირი ლომი, ერთი სულელი ბავშვი“ – Daily Mirror-ის სათაური. დევიდის გამოსახულების საფრთხობელები ჩამოკიდეს ლამპიონებზე და არც ის გამარკვირვებდა, მესაზღვრეს ბრიტანეთის ტერიტორიაზე შემოსვლა რომ აეკრძალა მისთვის. მომხდარის შემდეგ მაშინვე დავურეკე დევიდს, რადგან ვიცოდი, რომ სიცარიელეს გრძნობდა იყო. ასეც გახლდათ. მალე გავიგე, რომ მშობლების დანახვისას საშინლად უტირია და ისეთი ისტერიკა დაეწყო, რომ ვერაფრით ამშვიდებდნენ.

უკანასკნელი, რაც დევიდს სჭირდებოდა, ჩემი კრიტიკა იყო, რადგან თავს ისედაც დამნაშავედ გრძნობდა. ამიტომაც დავურეკე და ვეცადე, მასში თავდაჯერებულობა ჩამენერგა, ვუთხარი, რომ მესმოდა მისი, რომ ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს და რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ყველა, ვისაც კლუბთან კავშირი აქვს, აცნობიერებს, რომ ის გასაოცარი ფეხბურთელია და მოუთმენლად ველოდებით მის დაბრუნებას, რათა მასზე ვიზრუნოთ. „იუნაიტედმა“ სეზონის პირველი მატჩი გასვლაზე „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ გამართა, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე კი ბექჰემის საფრთხობელები იყო გამოკიდული, ხოლო ჩვენს ავტობუსს ქვებსა და ლუდის ბოთლებს ესროდნენ.

დაახლოებით ასეთი რამ მოხდა 2000 წელს, როცა პსვ-დან რუდ ვან ნისტელროის შეძენას ვაპირებდით. კონტრაქტის პირობები შევათანხმეთ და შოკირებული ვიყავი, როცა რუდმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. პსვ-მ განაცხადა, რომ რუდი ჯანმრთელი იყო და ამის საჩვენებლად ვარჯიშის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გამოგზავნა. მან ტრავმა ჩართული კამერის წინ მიიღო და ამ ჩანაწერის ნახვა YouTube-ზე შეგიძლიათ:



რუდი გაზონზე წევს და ტკივილისგან ყვირის. აღმოჩნდა, რომ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. შეთანხმების გაფორმება გადავდეთ, მაგრამ დაუყოვნებლივ გავემგზავრე რუდის სანახავად ჰოლანდიაში, სადაც ის საწოლს მიჯაჭვული დამხვდა. ვუთხარი, რომ დრო შეიცვალა და ახლა ჯვარედინ მყესებზე მკურნალობა შესაძლებელია, ის აუცილებლად დაიბრუნებდა თავის ფორმას და შემდეგ შევიძენდით. ვფიქრობ, ამან რუდი წააქეზა, ჩვენ კი მივიღეთ გარანტია, რომ ის სხვა კლუბში არ გადავიდოდა. ერთ წელზე ნაკლებ დროში მან „იუნაიტედის“ წითელი ფორმა მოირგო და სადებიუტო შეხვედრაშივე გაიტანა გოლი.

ფეხბურთელები პერიოდულად უფრო რთული გამოწვევების წინაშეც დგებიან. საბედნიეროდ, ცხოვრებისთვის სახიფათო სენი იშვიათი მოვლენაა ტოპ-კლასის ფეხბურთელისთვის, მაგრამ, როცა დარენ ფლეთჩერს წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზი დაუსვეს, „იუნაიტედს“ უსაზღვრო მხარდაჭერის გამოხატვის შანსი მიეცა, ვინაიდან დარენი ძალიან დიდი ხანი ვერ ახერხებდა თამაშს. დარენი ამ დაავადებასთან ბრძოლას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ რამდენიმე წელი სახლიდანაც კი ვერ გადიოდა და ქირურგიულ ჩარევას დასთანხმდა. დამთხვევა - ჩემი ცოლის და ამ დაავადებასთან დაკავშირებული გართულებების გამო გარდაიცვალა, ამიტომ შესანიშნავად ვიცოდი მთელი იმ ტანჯვის შესახებ, რასაც მდუმარედ იტანდა. კლუბს ადვილად შეეძლო მისი მიტოვება ბედის ანაბარა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, დარენს სცოდნოდა, რომ მის გამოჯანმრთელებას ველოდით, გუნდში დაბრუნების იმედი გვქონდა და ახალი კონტრაქტიც შევთავაზეთ. „იუნაიტედში“ მოზარდობის ასაკში მოვიდა და არასდროს დავუღალატებივართ. ვიდრე მკურნალობდა, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელის პოსტი ჩავაბარეთ, რათა თავი მიტოვებულად არ ეგრძნო. ერთხელ ფეხბურთელებთან მისი საუბარი მოვისმინე და ის შესანიშნავი იყო. ფეხბურთელებს ტუქსავდა და მესმოდა, როგორ ეუბნებოდა მათ: „თუ გგონიათ, რომ ასეთი თამაშით პირველ გუნდში მოხვდებით, ალბათ ხუმრობთ, შანსი არ გაქვთ“. დარენი დროულად გამოჯანმრთელდა, დიდი შვება იგრძნო, როცა თავისი პრობლემების შესახებ საჯაროდ ისაუბრა და ახლა ამაყად ატარებს „ვესტ ბრომვიჩის“ კაპიტნის სამკლაურს.

გაგრძელება
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top