"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი და აწ უკვე "არსენალის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "მეთოფეებმა" "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან შეთანხმებას მიაღწიეს და ალექსის სანჩესი და მხითარიანი გაცვალეს. ორივე ფეხბურთელი პირველი წარმომადგენელი გახდა თავისი ქვეყნისა ახალ კლუბში, სადაც მათ 4 წელიწად-ნახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.
"ემირეიტსზე" გადასვლის შემდეგ მხითარიანმა "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის მადლობის გადასახდელად სოციალურ ქსელი გამოიყენა და მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"მინდა, მთელი გულით გადავუხადო მადლობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებსა და პერსონალს, განსაკუთრებით კი გულშემატკივრებს სიყვარულის, წადილისა და მხარდაჭერისთვის. სიამოვნებას მგვრის ის ფაქტი, რომ ევროპა ლიგის მოგებით თქვენი დიადი გუნდის ნაწილად ვიქეცი. ყოველთვის მოწიწებით გავიხსენებ ამ მომენტს და ამ მატჩს, ისევე, როგორც ჩემს სკორპიონ-გოლს ბოქსინგ დეიზე. ასევე გავიხსენებ გულშემატკივართა სიმღერას Whoa Mkhitaryan, როცა მოედანზე გამოვდიოდი. ბევრი მომენტის გახსენება შემიძლია, ვტკბები თითოეული მათგანით, რომლებიც ერთად გავიზიარეთ. კარიერის ამ ეტაპზე უნდა ვისიამოვნო თამაშითა და მოედანზე ყოფნით. მადლობა თქვენ მთელი გულით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ცხოვრება გრძელდება!"