"ჰადერსფილდთან" მატჩში 2:1 დამარცხების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ უსამართლო იქნებოდა ვიქტორ ლინდელეფისგან განტევების ვაცის შექმნა და მის ნაცვლად ანდერ ერერა გააკრიტიკა.
მიმდინარე სეზონის ერთ-ერთმა ფავორიტმა "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ახალწვეულთან განიცადა მარცხი, რისი მიზეზიც, მატჩის სიუჟეტიდან გამომდინარე, გახდა ტრავმა ფილ ჯონსისა, რომელიც ვიქტორ ლინდელეფმა შეცვალა. სწორედ ჯონსის ტრავმისა და მოედნიდან გასვლის შემდეგ გაიტანეს მასპინძლებმა 2 გოლი, რომელთაგან ერთ-ერთი ვიქტორის უშუალო შეცდომის, მეორე კი ცუდი თამაშის შედეგად გავიდა.
თუმცა, მოურინიო წაგებას აბრალებს მთელ გუნდს და არა რომელიმე ფეხბურთელს: "ვიცი, რომ ეს მოგწონთ - წაგების შემდეგ შეცდომების ინდივიდუალიზება, თუკი შეიძლება ასე ვუწოდოთ. ვფიქრობ, ეს ძალიან უსამართლოა, რადგან შეცდომებს - ლინდელეფისა და მატას შემთხვევაში - კონტექსტი გააჩნია.
თუ შესანიშნავ მატჩს ვატარებთ, მაგრამ ინდივიდუალური შეცდომის გამო ვმარცხებით, მაშინ კი, შეიძლება თითის გაშვერა. მაგრამ თუკი ვმარცხდებით და თანაც დამსახურებულად ვმარცხდებით ინდივიდუალური შეცდომების გამო, მაშინ ეს აღარ არის ის შემთხვევა.
პირველ ტაიმში უბრალოდ ველოდი ამ შეცდომას. მატა და ვიქტორი თუ არა, სხვა ვინმე შეცდებოდა, რადგან გუნდის განწყობა ძალიან ცუდი იყო", - განაცხადა მოურინიომ.
სამაგიეროდ, ჟოზემ გააკრიტიკა ანდერ ერერა - თუმცა არა თამაშია, არამედ მატჩის შემდგომი კომენტარის გამო. "გავიგე, ანდერს ფლეშ-ინტერვიუში უთქვამს, რომ გუნდის განწყობა და სურვილი ძალზედ ცუდი იყო. ო, ღმერთო! როცა ფეხბურთელი ასე აზროვნებს, მაშინ ყველა ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს პრესის წინაშე და ახსნა-განმარტება გააკეთოს, რადგან მე ამას ვერ ვიზამ.
რა თქმა უნდა, ეს მაღელვებს. თუ ეს დღეს მოხდა, რატომ არ შეიძლება ხვალაც მოხდეს?" - დაასრულა ჟოზემ.