ფრანგ ფორვარდს საშინელი გასული სეზონი ჰქონდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჟოზე მოურინიო მისით ძალიან კმაყოფილია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ის დიდ გაუმჯობესებას ხედავს ენტონი მარსიალის ხასიათსა და სხეულის ენაში და მოხარულია, როგორც დაიწყო მარსიალმა სეზონი.
როცა მარსიალი მოვიდა "ოლდ ტრაფორდზე", მაშინვე გახდა სახელგანთქმული თავისი სიმწვავით, სირბილითა და დრიბლინგით, რის ხარჯზეც არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მათ შორისაა სადებიუტო შეხვედრაში "ლივერპულის" კარის აღებაც.
განსხვავებით ამ სეზონისგან, მარსიალმა მხოლოდ რვა გოლი გაიტანა მისთვის მეორე სეზონში და მისი თამაში მუდმივად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თუმცა მოურინიოს მისდამი რწმენა არ დაუკარგავს და ფრანგს მიმდინარე სეზონშიც მისცა შანსი, რასაც ენტონი შესანიშნავად იყენებს.
მიმდინარე სეზონში "მონაკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო პრემიერ ლიგის ეგიდით "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში, მაგრამ დანარჩენ ოთხ შეხვედრაში შთამბეჭდავი იყო და ასევე გამოირჩა ლიგის თასის შეხვედრაშიც.
"დიდებულ გაუმჯობესებას ვხედავ მის პიროვნებაში, ხასიათში, სახესა და სხეულის ენაში. რას ვგულისხმობ? ერთი სიტყვით ამას ბედნიერება ჰქვია. ბედნიერი ბიჭია, ბევრს შრომობს.
მატჩებს კარგად თამაშის იმედად იწყებს; შეცვლაზე შემოდის და ბოლო 10 წუთიც რომ იყოს, როგორც ბოლო მატჩში, მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს და ამას მთელ დარჩენილ დროში აკეთებს.
საერთო ჯამში მისი შეხედულებით ძალიან კმაყოფილი ვარ და ასე უფრო ადვილია მისთვის თამაში".