მილანის "ინტერი" ივან პერიშიჩისთვის "მანჩესტერ იუნაიტედს" 44 მილიონ ფუნტს სთხოვს.
"იუნაიტედი" ხორვატი ფეხბურთელის გადაბირებით აქტიურად არის დაინტერესებული და სქაი იტალია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინგლისელები ახალი და გაუმჯობესებული შეთავაზების გასაკეთებლად მზად არიან.
სქაის წყაროებისვე ცნობით, მაისში "იუნაიტედმა" "ინტერთან" პერიშიჩის პოტენციური შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა და იტალიურ გრანდს 36 მლნ. ფუნტი შესთავაზა.
სერია A-ს კლუბმა კი ეს შეთავაზება უარყო და ახალი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი პერიშიჩს "სან სიროზე" შეინარჩუნებს, თუკი ხორვატისთვის 44 მლნ. ფუნტს ვერ მიიღებს.
ივანი "ინტერში" 2015 წელს "ვოლფსბურგიდან" გადავიდა და სერია A-ში კარგი პირველი სეზონი ჰქონდა 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით.
მოქმედი კონტრაქტით მას მილანურ კლუბთან სამი წელი აკავშირებს.
"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი სატრანსფერო საქმიანობა მთლიანად ედ ვუდვორდს გადააბარა და სასურველ ფეხბურთელთა სია გადასცა.