"მანჩესტერ იუნაიტედმა" მადრიდის "რეალის" ფორვარდის, ალვარო მორატას თაობაზე შეთავაზება გააკეთა - იტყობინება Manchester Evening News-ი ფეხბურთელთან დაკავშირებულ ახლო წყაროებზე დაყრდნობით.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის უმძიმესი ტრავმა და უეინ რუნის გაურკვეველი პერსპექტივები "წითლების" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ზაფხულში მინიმუმ ერთი თავდამსხმელის შეძენას აიძულებს.
"ოლდ ტრაფორდს" სულაც ანტუან გრიზმანსა და რომელუ ლუკაკუს უკავშირებენ და "ატლეტიკოდან" და "ევერტონიდან" შესაბამისად, მაგრამ ავტორიტეტული გამოცემა ამტკიცებს, რომ "იუნაიტედი" კიდევ ერთ სამიზნეზე - მორატაზე მუშაობს.
იტყობინებიან, რომ "იუნაიტედმა" 24 წლის ესპანელის წარმომადგენლებთან უკვე დაამყარა კონტაქტი, მაგრამ მოლაპარაკებები მხოლოდ ადრეულ სტადიაზე იმყოფება. თავად ფეხბურთელი კი მთლიანად სეზონის დასრულებაზე და "რეალისთვის" ბოლო ოთხ წელიწადში მესამე ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა კონცენტრირებული, რომელში მონაწილეობაც გარანტირებული არ აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ მორატა "რეალს" გასულ ზაფხულს შეუერთდა ხელახლა მას შემდეგ, რაც "იუვენტუსში" 2 სეზონი გაატარა. მშობლიურ კლუბში უფრო გაწაფულ ფეხბურთელად დაბრუნებულმა მორატამ ვერაფრით მოახერხა სასტარტო შემადგენლობაში თავის დამკვიდრება და ეს მის იმედგაცრუებას იწვევს.
მიმდინარე სეზონში ალვარომ მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მაინც მოახერხა 20 გოლის გატანა 40 მატჩში. მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს "რეალის" რიგებში გატანილი უფრო მეტი გოლი.