უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოკითხვის შედეგად ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
"წითელი ეშმაკების" ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ "ლიონის" ახალგაზრდა ფორვარდს, ალექსანდრ ლაკაზეტს აჯობა და კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბელგიელს მხარი გამოკითხულთა 60%-მა დაუჭირა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "სელტა ვიგოს" უმასპინძლა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეხვედრაში თავი ბელგიელმა გამოიჩინა, რომელმაც მარკუს რეშფორდის გადაცემით ისარგებლა და მეტოქის კარის აღება თავური დარტყმით მოახერხა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა ფელაინი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბელგიელმა ასევე ევროპა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშიც მოახერხა მოხვედრა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ორი ფეხბურთელი, ანტონიო ვალენსია და ჰენრიხ მხითარიანი მოხვდნენ.