ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ ერიკ ბაიიმ "სელტასთან" მატჩში დაუმსახურებელი წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ფინალის გამოტოვება მოუწევს.
ბაიი 24 მაისის მატჩში დისკვალიფიკაციის გამო იუქმებს, რის მიზეზიც ჯონ გუიდეტისთვის ხელის კვრა გახდა. "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელს არც ანტონიო ვალენსიამ დააკლო აგრესია, მაგრამ მსაჯმა მხოლოდ კოტ დ'ივუარელი გააძევა და მასთან ერთად ფაკუნდო რონკალიაც, რომელმაც თანაგუნდელის გამოქომაგებისას ემოცია ვერ შეიკავა.
როცა ინციდენტის შესახებ ჰკითხეს, მოურინიომ უპასუხა: "ეპიზოდი არ დამინახავს, მაგრამ ბაიი ფენომენალური იყო. თამაში ბოლო წუთამდე ყველასთვის ემოციური გამოდგა.
ზოგიერთმა უფრო მოთოკა თავი, ვიდრე სხვებმა. და მიმაჩნია, რომ დაუმსახურებელი წითელი ბარათი იყო. ასეთ სიტუაციებში დაუმსახურებელი ბარათის მიცემა ახალი აღარ არის და ერიკიც ოდნავ მიამიტი გამოდგა. ინციდენტის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ ფინალისთვის და ბევრი შემცვლელიც არ გვყავს".