ჰენრიხ მხითარიანი კიდევ ერთხელ გახდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თვის საუკეთესო გოლის ავტორი და ამჯერად აპრილში "სანდერლენდის" კარში გატანილი გოლით მიიღო ჯილდო.
სომეხის სოლო გოლი "იუნაიტედს" 3-0 გამარჯვებაში დაეხმარა, თვითონ კი მარკუს რეშფორდისა ("ანდერლეხტის" წინააღმდეგ - 17%) და მეთიუ ოლოსუნდეს ("რეალ სოლთ ლეიქის" წინააღმდეგ - 14%) გოლებს აჯობა გამოკითხვასი, რომელშიც ჰენრიხმა ხმების 32% მიიღო. ზეკ დირნლი და კალუმ გრიბინი ასევე იყვნენ ნომინირებულები.
ეს კი ნიშნავს, რომ მხითარიანმა ბოლო 5 თვეში მეოთხედ მოიგო თვის საუკეთესო გოლის ჯილდო. "სანდერლენდის" კარში გატანილმა სკორპიონ-დარტყმამ დეკემბრის ჯილდო მოუპოვა, ინგლისის თასის ეგიდით "უიგან ატლეტიკის" კარში გატანილმა გოლმა იანვრის, ხოლო "ლესტერ სიტისთან" სოლო რეიდისა და კასპერ შმეიხელთან გამკლავებით გატანილმა გოლმა თებერვლის საუკეთესო გოლის ავტორად აქცია.
მისი ყოფილი თანაგუნდელი, მატს ჰუმელსი მხითარიანს "თვითერზე" გაეხუმრა, რომ მის გარდა სხვა კანდიდატები აღარც უნდა წარადგინოს "იუნაიტედმა", მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წინა თვეში გამარჯვებული ჯესი ლინგარდი გახდა "მიდლსბროს" კარში გატანილი შორეული დარტყმით.