SkySports-ის ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი, პოლ მერსონი ტრადიციას არ არღვევს და პრემიერ ლიგის ჩასატარებელ მატჩებზე კვლავაც აქვეყნებს საკუთარ პროგნოზებს. ასე რომ 27 აპრილს ჩასატარებელი შეხვედრა რომელიც "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის უნდა გაიმართოს, გამონაკლისი არ აღმოჩნდა. ექსპერტმა მანჩესტერულ დერბიზე საკმაოდ საინტერესო პროგნოზი გააკეთა.
"ორივე გუნდისთვის გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანია. მე ვუყურე "იუნაიტედის" და "ანდერლეხტის" დაპირისპირებას, ბელგიელები პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად მოქმედებდნენ, თუმცა "იუნაიტედმა" გამარჯვების გზა მაინც იპოვა. "ბარნლის" დამარცხება ადვილი საქმე არ არის, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვების მოპოვება კვლავ მოახერხა.
ეს დიდი თამაში იქნება. რომელი გუნდიც დამარცხდება, ის ჩამოსცილდება ოთხეულისათვის ბრძოლას. ხოლო გამარჯვებულისთვის ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ოთხეულისაკენ.
"სიტი" სათასო გათამაშებიდან "არსენალმა" გამოაგდო. ვფიქრობ "იუნაიტედის" მთავარი ძალა მარკუს რეშფორდი იქნება. ზლატანის შემცვლელი სწორედ მარკუსია, მისი სისწრაფე პეპ გვარდიოლას დიდ პრობლემებს შეუქმნის დაცვაში.
ვფიქრობ რომ ამ თამაშში გუნდები ერთმანეთის შეჩერებას ვერ შეძლებენ. მარკუს რეშფორდის განეიტრალება ძალიან რთული იქნება, თუმცა "სიტის" აგუერო, სანე, კევინ დე ბრუინი და რაჰიმ სტერლინგი ჰყავს, ისინი კი გატანას ყოველთვის ახერხებენ. ორივე გუნდს სამი ქულა სჭირდება, ასე რომ უხვგოლიანი მატჩი გველის." - დაასრულა ექსპერტმა.
პოლ მერსონის საბოლოო პროგნოზი ასეთია: "მანჩესტერ სიტი" 3 - 3 "მანჩესტერ იუნაიტედი"
შეგახსენებთ, რომ მატჩი "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის, 27 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.