"მანჩესტერ იუნაიტედის" შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა, რომ კლუბში დარჩენას აპირებს და განაცხადა, რომ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 35 წლის ფორვარდი "იუნაიტედის" შემდეგ ჩინეთში ან ამერიკაში განაგრძობდა ასპარეზობას. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში მიანიშნა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" დაასრულებს.
"ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. კონტრაქტში მაქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც "იუნაიტედთან" კიდევ 1-წლიანი კონტრაქტის გაფორმება შემიძლია."
"ისეთ დიდ კლუბში თამაში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" ბედნიერებას მანიჭებს. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში შესანიშნავ მწვრთნელთან ერთად ვიმყოფები. მოურინიოს უკვე დიდი ხანია, რაც ვიცნობ, ის გამარჯვებულია და საუკეთესო ვარიანტია ამ კლუბისთვის." - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შვედი ფორვარდი მიმდინარე სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირია ყველა ტურინირზე გატანილი გოლებით. ზლატანის ანგარიშზე 26 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.