ერიკ ბაიიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს მე-12 მოთამაშედ ყოფნისკენ მოუწოდა, როცა "ოლდ ტრაფორდს" "როსტოვი" ეწვევა ევროპა ლიგის მატჩისთვის.
"წითლებმა" 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი რუსეთში ფრედ 1-1 დაასრულეს და მასში კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელი მონაწილეობას არ იღებდა, რადგანაც "სენტ-ეტიენთან" მატჩში წითელი ბარათის მიღების მიზეზით დისკვალიფიცირებული იყო.
გუნდს ორშაბათს ინგლისის თასის ეგიდით "ჩელსისთან" გამართულ მატჩში დაუბრუნდა, თუმცა გუნდს მარცხისგან თავის არიდებაში ვერ დაეხმარა. სამაგიეროდ, წარმატების მიღწევა შეუძლია ევროპა ლიგაზე, სადაც მომდევნო ეტაპზე გასვლას იმედოვნებს.
2015/16 წლების სეზონში ბაიი "ვილიარეალთან" ერთად ტურნირის ნახევარფინალისტი იყო, ამჯერად კი ჩემპიონობას ეცდება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს.
"ოლდ ტრაფორდზე" გულშემატკივრები მე-12 მოთამაშესავით არიან. ისინი ყოველთვის ყველაფერს გვაძლევენ, სანამ ჩვენთან ერთად ყოფნა შეუძლიათ. კარგია, რომ ორმატჩიანი დუელის ბედი ჩვენს სტადიონზე გადაწყდება, სადაც მაქსიმუმს გავაკეთებთ საჭირო გამარჯვების მოსაპოვებლად და გულშემატკივართა გასაბედნიერებლად.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალიან რთული ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა. ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია მომდევნო ეტაპზე გასვლა და ასე შემდეგ, როცა მატჩის დღე ახლოვდება, კარგად დაწყებისთვის მზად ვართ.
რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველთვის მაღალ მიზანს ვისახავთ. გასულ წელს ნახევარფინალში ვიყავი, მაგრამ ეს არ კმარა. თასი არ მოგვიგია და არც ფინალში გავსულვართ, ასე რომ, ჩემთვის ახლა ბოლომდე მისვლის საკითხი დგას. ადრეც ვთქვი, რომ ამ ტურნირზე მთელი რიგი სიურპრიზები გვხვდება, ამიტომაც პირველ ყოვლისა, "როსტოვზე" უნდა ვიფიქროთ და მერე უფრო შორეულ მიზნებზეც", - განაცხადა მცველმა.