ჟოზე მოურინიო გასაგები მიზეზების გამო შეშფოთებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ბორნმუთთან" ნათამაშები ფრით.
მარკოს როხომ "წითლები" პირველ ტაიმში ანგარიშში დააწინაურა, თუმცა "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯოშუა კინგმა წონასწორობა მალევე აღადგინა. სტუმართა მხრიდან ენდრიუ სურმენი გააძევა მთავარმა არბიტრმა, მაგრამ მოურინიოს შეგირდებმა ამით ვერ ისარგებლეს, მიუხედავად პენალტის დარტყმის უფლებისა.
ჟოზემ თავისი მოსაზრება გამოთქვა სხვადასხვა საკითხზე და მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტაირონ მინგსის ეპიოზდზეც.
თამაშის შესახებ
"კვლავ იგივე ხდება. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მეტოქის მეკარე გახდა. საოცარია იმ შანსების რაოდენობა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. პირველ ტაიმში საოცარი ფეხბურთი ვითამაშეთ, 3-0 ან 4-0 უნდა ყოფილიყო და არ მესმის, რატომ დასრულდა 1-1. მეორე ტაიმში ოდნავ დავკარგეთ ჩვენ მიერ პირველ ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხი და სისწრაფე წინააღმდეგ მეტოქისა, რომელმაც, მეტ-ნაკლებად, გადაწყვიტა - და ეს არ ნიშნავს, რომ ვაკრიტიკებ - დანებებულიყო და თავი დაეცვა. კიდევ ერთხელ ვიმსახურებდით გამარჯვებას, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ორი ქულა და ოთხეულთან მიახლოების კარგი შანსი დავკარგეთ."
მინგსისა და იბრაჰიმოვიჩის შესახებ
"მატჩების შემდეგ ლაპარაკი არ მიყვარს. მსაჯი იქვე იყო; თუ მკითხავთ, ბედნიერი ვიქნები თუ არა იმის გამო, რომ მინგსმა ოთხი ან ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს, გეტყვით, რომ ეს არ მაღელვებს. მან ყველაზე კარგად იცის, რა გააკეთა, უკეთ, ვიდრე მსაჯს ესმის მომენტის ინტენსიურობა და ემოციურობა. მსაჯმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ორივე მართებული იყო - ორი პენალტი, რომელთა შესახებ ეჭვი არ არსებობს. ჩვენ რომ ვერ მოვიგეთ, ეს ბორუცის კარგი თამაშის ბრალია. არ გაგვიმართლა, საკმარისად კარგები არ ვიყავით იმისათვის, რომ ჩვენს ხელთ არსებული უპირატესობა გოლში გადაგვეზარდა."
კაცნაკლული გუნდის წინააღმდეგ თამაშის შესახებ
"ერთი გოლი რომ გაგვეტანა, მოვიგებდით. კაცნაკლული გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდი უპირატესობაა. როცა კარგი შედეგის მქონე გუნდს ეთამაშები, კარს მიგიხურავენ. ვინგერები არ გიტევენ, ისინი იცავენ. ნახევარმცველები შეტევაზე არ ახდენენ გავლენას, ისინი დაბლა ამოიკეტებიან. მეორე ტაიმში გოლის გატანის ძალიან ბევრი შანსი გვქონდა, აქ მხოლოდ კაცნაკლული გუნდის წინააღმდეგ თამაშის საკითხი არ არის - საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვერ გამოვიყენეთ ბევრი შანსი." პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში დანიშნული მეორე პენალტის შესახებ
"სასაცილოა, პენალტებზე ვარჯიში შევწყვიტეთ, რადგან ოთხი თუ ხუთი თვე უპენალტოდ ვიყავით. ზლატანი, პოგბა. ამ ბიჭებმა პენალტების დამუშავება შეწყვიტეს და შემდეგ, როცა პენალტი დაგვინიშნეს, მისთვის მზად არ იყვნენ. აი, ასე - სასაცილოა".
წინსვლაზე
"ვალდებულები ვართ. სხვა საკითხებს რაც შეეხება, პრემიერ ლიგის სხვა ფეხბურთელებს ორი ან სამი დღე ეძლევათ დასვენებისთვის, ჩვენ კი რუსეთში, როსტოვში უნდა ჩავიდეთ, რათა ხუთშაბათს ევროპა ლიგის მატჩი ვითამაშოთ. წინსვლა არ უნდა შევწყვიტოთ და შემდეგ მატჩს შევხვდეთ."