"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მოედანზე ჰენრიხ მხითარიანის დაბრუნებას ინგლისის თასის მეოთხედფინალური მატჩისთვის ელის, რომელიც 13 მარტს გაიმართება.
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი გამორჩეული ფიგურა იყო წინა რაუნდში "ბლექბერნ როვერსთან" შეხვედრაში, რის შემდეგაც ევროპა ლიგის მატჩში "სენტ-ეტიენთან" გატანილი ერთადერთი გოლის შემდეგ ტრავმა მიიღო.
ამ ტრავმის გამო შემტევმა ნახევარმცველმა ლიგის თასის ფინალი გამოტოვა და როგორც მოურინიო აცხადებს, იგი ვერც "ბორნმუთთან" ითამაშებს და ვერც "როსტოვთან" პრემიერ ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩებში, შესაბამისად.
"მხითარიანი კვლავ ვერ მოახერხებს თამაშს. ამ მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. მჯერა, რომ მომდევნო კვირაში, განსაკუთრებით კი უქმე დღეებზე, კარგად იქნება და დიდ პრობლემას აღარ წავაწყდებით. ბასტიან შვაინშტაიგერს მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ ამის გარდა მეტი დაზიანებული ფეხბურთელი არ გვყავს".
მწვრთნელი მომდევნო მატჩებში თავისი შემადგენლობის გადახალისებას აპირებს, რადგანაც კვლავ დატვირთული გრაფიკი მოდის.
"გუნდის წევრებს ვუთხარი, რომ მომდევნო მატჩში თამაში იმ ფეხბურთელსაც კი შეუძლია, ვინც არჩეული არ არის და ეს რეალობაა. მატჩიდან მატჩამდე უნდა მივიდეთ. თუ გადავწყვეტთ, რომ პრიორიტეტი არცერთ ტურნირს არ მივანიჭოთ, რადგანაც ვამბობთ, რომ ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, ვერ ავირჩევთ ერთ შემადგენლობას, რომელიც ერთ კონკრეტულ მატჩს ჩაატარებს და მეორე შემადგენლობას, რომელიც მეორეს ითამაშებს. მატჩიდან მატჩამდე უნდა მივიდეთ და რაც შეიძლება ძლიერები უნდა ვიყოთ".