ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "უემბლი" მომღიმარი სახით დატოვა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო იმის შემდეგ, რასაც მისი გოლების წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" სახიფათო და მონდომებულ "საუთჰემპტონთან" მიაღწია.
შვედმა 90 წუთში ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა, როცა ჯერ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, შემდეგ კი თავური გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში 3-2 დააფიქსირა.
კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ იბრაჰიმოვიჩი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა, ამის შემდეგ კი "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-გვერდსაც მისცა ინტერვიუ.
"კარგი გრძნობაა და მეც კარგად ვგრძნობ თავს. ტიტულების მოგება ყოველთვის საოცარია, მაგრამ განსაკუთრებულია, როცა "უემბლიზე" იგებ. დიდებული ატმოსფერო, 85 ათასი ადამიანი... ფინალს ყოველ კვირაში არ თამაშობ და ვერ იგებ. უკვე მეორედ ვართ აქ და მეორე ტიტული მოვიგე კლუბთან ერთად, სუპერ ბედნიერი ვარ.
აქ ამიტომაც მოვედი. მე გამარჯვებისთვის გადმოვედი. კლუბში მოსვლის დღესვე სწორედ ეს ვთქვი და არ მოვქცეულვარ სხვების მსგავსად, რომლებიც ლაპარაკს მხოლოდ ტიტულის მოგების შემდეგ იწყებენ. მე ჯერ ვამბობ, მერე კი ვაკეთებ, ესაა დიდი სხვაობა.
ვფიქრობ, მწვრთნელიც გამარჯვებისთვის მოვიდა. როცა ასეთი მწვრთნელი მოგყავს, იცი, რასაც მიიღებ და როცა მე მოგყავარ, იცი, რასაც მიიღებ.
ყოველი ტიტული განსაკუთრებულია, ყოველი ტიტული მნიშვნელოვანია, სწორედ ამისათვის ვთამაშობთ. კონკრეტულად ერთი ტიტულისთვის არ ვიბრძვით, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ერთ ტიტულს იგებენ - მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა... მერე კი ვეღარაფერს აღწევენ. ყველა ტიტული უნდა მოიგო, რომლისთვისაც თამაშობ. მე სწორედ ამას ვაკეთებ.
კიდევ სამი ტიტულისთვის ვთამაშობთ. ბევრს ვშრომობთ. გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, როცა ტიტულს იგებ, უფრო თავდაჯერებული ხდები და სტატისტიკა თავად მეტყველებს ყველაფერზე - ხუთი თასის მოგება შეგვეძლო, ორი უკვე ჩვენია და დანარჩენი სამისთვის ვიბრძვით. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება."