ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისმა ორმა შვილმა დიდი გავლენა მოახდინა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის გადაწყვეტილების მიღებაში.
შვედმა "უემბლიზე" გამართულ ფინალში ანგარიშის გამხსნელი და გამარჯვების გოლები გაიტანა, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიომ იხუმრა, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრები ზლატანის სახლის კართან უნდა მივიდნენ და მას დარჩენა აიძულონ.
მიმდინარე სეზონში გატანილი 26 გოლის ავტორს ჯერ კიდევ არ გადაყწვეტია, დარჩება თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი წელი.
როცა მისი სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხეს, 35 წლის ფორვარდმა უპასუხა: "ვნახოთ, რა მოხდება.
ვფიქრობ, კარიერაში შესაფერისი მომენტები უნდა გამოძებნო. ინგლისში მანამდე იმიტომ არ მოვედი, რომ ასეთი მომენტი არ დამდგარა.
ჩემს ორივე შვილსაც კი სურდა "იუნაიტედში" ჩემი გადმოსვლა, მე კი სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი, სანამ მაგიდაზე შეთავაზება არ მივიღე და ჟოზემ არ დამირეკა.
მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. როცა დამირეკა, ერთადერთი რამ ვუთხარი, "მითხარი, რა ნომერი უნდა მოვირგო."
აქ გადმოსვლაზე არ ვფიქრობდი. მერე ჩემმა შვილებმა ტვინის ბურღვა დამიწყეს და ჟოზეს ზარის შემდეგ გადმოვედი."