"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ტრავმირებული ჰენრიხ მხითარიანისა და მაიკლ კერიკის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"სენტ-ეტიენთან" მატჩში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორმა 25-ე წუთზე მარკუს რეშფორდს დაუთმო ადგილი მოედანზე, სასტარტო შემადგენლობაში გამოსული მაიკლ კერიკი კი 62-ე წუთზე ბასტიან შვაინშტაიგერმა ჩაანაცვლა.
მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ "იუნაიტედის" დუეტის მდგომარეობის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მხითარიანს ბარძაყის ტრავმა აქვს, ხოლო კერიკს წვივის. სამი დღე ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ ლიგის თასის ფინალამდე გამოჯანმრთელება მოასწრონ.
ვფიქრობ, ჰენრიხიც და მაიკლიც მატჩს მიღმა დარჩებიან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გამოთქმული აზრია და არა ჩემი მედიკოსების ცოდნაზე ან გამოკვლევებზე დაფუძნებული, რაც ხვალ ჩაუტარდებათ. ვფიქრობ, შანსი არ აქვთ, მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. წვივი და ბარძაყი, მცირე ტრავმაც რომ იყოს, მაინც დაზიანებაა და ვერ ითამაშებენ!
სახლიდან რომ გახვალ, ყოველთვის შეიძლება დაშავდე, ვერ მიხვდები სად, ან როდის მოხდება ეს. ამდენი მატჩის ჩატარების შედეგიც სწორედ ეს არის. მაგრამ როცა ვინმე გვაკლია, სხვები იღებენ შანსს.
ფინალში მათი არყოფნა ძალიან ცუდია, მაგრამ მარუან ფელაინიმ და ბასტიანმა, ადამიანებმა, რომლებიც ცოტას თამაშობენ, დღეს კარგი პასუხი გამცეს."